Accessibility links

logo-print

შეიცვალა თუ არა ევროსაბჭოს მიდგომა საქართველოსადმი


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ამიერიდან წარსულზე კი არ უნდა ვიკამათოთ, არამედ უნდა ვიმსჯელოთ მომავალზე”, - ეს სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებული საგანგებო მოსმენის გახსნისას წარმოთქვა. მომავალთან მიმართებით მევლუთ ჩავუშოღლუ ომის შედეგებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული ასპექტების გადაჭრაზე საუბრობს. გავიხსენოთ, რომ 17 იანვარს პარიზში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველოს დელეგაციამ. როგორ აღიქვამს ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვებს და რას ნიშნავს მომავალზე ფიქრი, ასე ვთქვათ, წარსულის გარეშე?

გამოსვლის მოკლე ფრაგმენტებიდან, რომლებსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, ცნობილი ხდება, რომ მევლუთ ჩავუშოღლუს მთავარ საზრუნავს ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარული ასპექტები წარმოადგენს. აი, ერთ-ერთი ასეთი ფრაგმენტი:

მევლუთ ჩავუშოღლუ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
”უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოვრების პირობებს, ადამიანის უფლებებს და ამ კონფლიქტების შედეგად უშუალოდ დაზარალებული ადამიანების პერსპექტივებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი და შეთანხმებული, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს – და უნდა გვქონდეს – კონკრეტული მიღწევები ომის შედეგების ”ჰუმანიტარულ ასპექტებთან” დაკავშირებით, გადაუდებლად”.

ერთი შეხედვით, მევლუთ ჩავუშოღლუს ახალი არაფერი უთქვამს. დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებები მან გასული წლის 14 ივნისს თბილისში სტუმრობის დროსაც გააკეთა. მან თქვა, რომ რადგანაც ევროსაბჭოს რეზოლუციების მყისიერად შესრულება ვერ ხერხდება, დროულად უნდა ამუშავდეს რეზოლუციების ის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ასპექტებს შეეხება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ ეტაპზე ამოწურა ის რესურსი, რაც მას გააჩნდა...
ჩავუშოღლუს ამ სიტყვებს მაშინ თბილისის უარყოფითი რეაქციები არ მოჰყოლია. თუმცა, აი უკვე მოგვიანებით, საქართველოს მხარემ უარი თქვა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხების წამოწევაზე და სწორედ ამ მიზეზით არ ჩავიდა ის 17 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ საგანგებო მოსმენაზე, პარიზში.

ასეთი გადაწყვეტილების მართებულობაში მევლუთ ჩავუშოღლუს კომენტარების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 18 იანვარს თქვა, ”კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ ეტაპზე ამოწურა ის რესურსი, რაც მას გააჩნდა”.

იმის გამო, რომ ასამბლეას არ შესწევს უნარი რუსეთი აიძულოს 2008-2009 წლებში მიღებული მკაცრი რეზოლუციებით დაკისრებული მოთხოვნები შეასრულოს, საქართველოს მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების აუცილებლობას ხედავს. წინასწარი ინფორმაციით, ამ წინადადებით მონიტორინგის კომიტეტს საქართველოს დელეგაცია ასამბლეის მოახლოებული ზამთრის სესიის ფარგლებში მიმართავს.

ევროპის საბჭო მარტო ასამბლეა არ გახლავთ... ევროპის საბჭო განაგრძობს ჩართულობას და კეთდება კონკრეტული საქმე...
მამუკა ჟღენტის აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პრაქტიკულად მაქსიმუმი გააკეთა 2008-2009 წლებში მიღებული რეზოლუციებით და ახლა, საქართველოს მხარის თვალთახედვით, შეჩერების დროა მანამ, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქმე წინ არ წაიწევს სხვა ისეთ სარბიელებზე, როგორიც, მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია.

თუმცა, პარალელურად, მუშაობა გაგრძელდება ევროსაბჭოს წიაღშიც, მაგალითად, მინისტრთა კომიტეტის ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართულებებით.

”ევროპის საბჭო მარტო ასამბლეა არ გახლავთ... ევროპის საბჭო განაგრძობს ჩართულობას და კეთდება კონკრეტული საქმე. თუ ასამბლეა რაღაცა პერიოდით, ასე ვთქვათ, შეაჩერებს ახალი ფორმატებისა და პროცედურების გამოგონების მცდელობას, ამაში ვერაფერს ტრაგიკულსა და უარყოფითს ნამდვილად ვერ ვხედავ... ასამბლეამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს ემსახურება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა ჟღენტმა.

მართალია, 17 იანვრის პარიზის შეხვედრამ კმაყოფილი დატოვა მოსკოვი და როგორც, მაგალითად, რუსმა პარლამენტარმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, საქართველოს დელეგაციის ”ემოციური და აგრესიული” რიტორიკის გარეშე შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა, მამუკა ჟღენტის აზრით, რუსეთს სიხარულის საფუძველი ნამდვილად არა აქვს, რადგანაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მკაცრი რეზოლუციები კვლავაც ძალაში რჩება.

აქვე გავიხსენოთ, რომ ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში რუსეთის მისამართით არაერთი მოთხოვნაა წამოყენებული - მაგალითად, ჯარის უკან გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს. ამავე დოკუმენტებში რუსეთს ასევე მოეთხოვება, მაგალითად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმება თუ საქართველოს ამ ტერიტორიებზე დევნილების ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG