Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვევლობის შფოთი და კრიზისი


უზნაძის რვა ნომერში მცხოვრები დევნილები
უზნაძის რვა ნომერში მცხოვრები დევნილები
თბილისში 25 სხვადასხვა ობიექტში მცხოვრები დევნილები ამ დრომდე ელიან როდის დაიწყება მათი გამოსახლებისა და ხელახალი განსახლების პროცესი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილთა განსახლების პროცესი იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება, თუმცა კონკრეტულ თარიღს მაინც არ ასახელებენ. როგორია მომლოდინე დევნილთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

გამოდმებით შიშში ვართ, გაურკვევლობის შიში გვაქვს...
დევნილთა ნაწილი გამოსახლებას კვირაში ერთხელ პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებს, ნაწილი კი შეკრული ბარგით ელოდება ე.წ. ხელახალი განსახლების პროცესის დაწყებას. 15 იანვრისთვის გამოცხადებული გამოსახლება გადაიდო. თბილისში, უზნაძის 8 ნომერში მცხოვრებმა დევნილებმა არ იციან, როდის მიაკითხავენ გამოსახლების მოთხოვნით, ამიტომ ყოველ ახალ დღეს შიშით აღამებენ:

”გამუდმებით შიშში ვართ, გაურკვევლობის შიში გვაქვს. ფსიქიკა ერყევათ ადამიანებს. ტომრები ხომ არ ვართ, აქედან მოუნდეთ და იქით გადაგვყარონ, მერე ისევ აქეთ გადმოგვყარონ... ადამიანები ვართ”.

” ყოველდღე ველოდებით გაყრას, ვნერვიულობთ. როგორ უნდა დავიძინო? დილით რომ გავიხედავ და გავარკვევ, თავზე არავინ დაგვადგა, მერე ისევ დავწვები ხოლმე დასაძინებლად”.

გარდამავალ პერიოდში ყოფნა იწვევს შფოთს, ასეთ მდგომარეობის გახანგრძლივება კი კრიზისის სახეს იძენს; გაურკვეველი დროით კრიზისში ყოფნა ადამიანის ფსიქიკაზე მძიმე, ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამბობს ფონდის - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ - ფსიქოლოგი, ჯანა ჯავახიშვილი. მისივე სიტყვებით, მუდმივი ცვლილებების მოლოდინი ადამიანს ხელს უშლის ადაპტაციაში. როდესაც მან იცის, რომ დროებით საცხოვრებელ პირობებში იმყოფება, ის ვერ იქმნის თავისთვის ბუნებრივ ხელსაყრელ გარემოს და ამით კრიზისი ხანგრძლივდება, ანუ გაუგებრობა აძლიერებს კრიზისს.

გაურკვევლობა ადამიანს ძალიან არ უყვარს, ის ამით ძალიან ღიზიანდება, ცუდ ხასიათზე დგება...
”მეტაფორულად ეს მდგომარეობა შეიძლება ასე დავახასიათოთ: ”არც მიწისა ხარ, არც ცის”, ანუ ახალი მდგომარეობა ჯერ არ დამდგარა, ძველი, იცის, რომ აღარ უნდა იყოს, წესით, და ამიტომ ხარ ამ ორ მდგომარეობას შორის, ანუ რასაც ჰქვია ჩემოდნებზე მჯდომის მდგომარეობა”, - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და იქვე ამ მდგომარეობის პოზიტიურ მხარეს შენიშნავს. ეს გარდამავალი პერიოდი დევნილებს იმ მოლოდინს მაინც უქარწყლებს, რომელიც თავდაპირველ საცხოვრებელ სახლებში, ანუ დევნილობამდე არსებულ მდგომარეობაში, დაბრუნების პერსპექტივას უკავშირდება. დევნილებს ეცოდინებათ, რომ ისინი მალე ვერ დაბრუნდებიან სახლებში, ეს კი მათ შეთავაზებულ გარემოში ადაპტაციას მეტად შეუწყობს ხელს, ფიქრობს ჯანა ჯავახიშვილი.

გაჭიანურებულ გამოსახლების მდგომარეობაში ყოფნის კიდევ ერთ ასპექტზე საუბრობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. დაპირებულის შეუსრულებლობა ბადებს უნდობლობას - დევნილების უნდობლობას, ამ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. გაუგებრობა იწვევს აგრესიასაც, ამბობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე:

”გაურკვევლობა ადამიანს ძალიან არ უყვარს, ის ამით ძალიან ღიზიანდება, ცუდ ხასიათზე დგება. ამის გამო შეიძლება ადამიანი უფრო აგრესიული გახდეს. ეს ისეთი ფაქტორია, რომელიც ადამიანში სერიოზულ სტრესს იწვევს”.

ჩნდება კითხვა, რატომ აჭიანურებს სამინისტრო, როგორც იქ აცხადებენ, დევნილთა განსახლების პროცესს? ამით ხომ არ ხდება იმ აზრთან შეგუება, რომ მუდმივ დაძაბულ მოლოდინში ყოფნას სჯობს დასრულდეს მოლოდინი - თუნდაც არასასურველი შედეგით? როგორც ცნობილია, დევნილთა უმრავლესობა რეგიონში შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის მიღების წინააღმდეგია.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი ნაბიჯით სამინისტრო გადაწყვეტილებასთან შეგუებული დევნილების ნაცვლად მიიღებს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც უფრო მეტად უკმაყოფილო იქნება, რაც უნდა კარგი პირობები დახვდეთ ახალ საცხოვრებელ ადგილას, რადგან ლოდინით გამოწვეული შფოთი ფსიქიკაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დევნილები გაფრთხილებულები არიან, რომ მათ დროებითი საცხოვრებელი ადგილები უნდა დატოვონ და ახლა დროს აძლევენ ფართის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღონ; თუმცა სამინისტროში ვერ ამბობენ, როდის იწურება ამ გადაწყვეტილების მიღების ვადა, ანუ ამ ფართს დევნილებს იძულებით როდის დაატოვებინებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG