Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 იანვარი 2011


დღეს თითქმის ყველა ქართული გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს. პრესა საკრებულოს წევრის, რესპუბლიკელ თინათინ ხიდაშელის პრესკონფერენციას ეხმაურება, რომელზეც ხიდაშელმა თქვა, უკვე ბევრ საბავშვო ბაღში მშობლები გაფრთხილებულები არიან, რომ წლის განმავლობაში შემოვა გადასახადი - ამის მიზეზად ბაღების დირექტორები და პედაგოგები შემცირებულ ბიუჯეტს ასახელებენო. ”რეზონანსთან” საუბრისას მერიაში მსგავსი გეგმების არსებობა უარყვეს, ”ახალი თაობა” კი ამასთან დაკავშირებით წერს: ”ოპოზიციის მხრიდან ჭორების გავრცელება ახალი ამბავი არ არის - პოლიტიკურ ამბავში ოპოზიცია მართლაც ჭორებს ავრცელებს. აი, სოციალურ თემაზე ოპოზიციის გავრცელებული ჭორები კი ყოველთვის ამართლებს ხოლმე." – „ახალი თაობის“ სტატიას ჰქვია ”საბავშვო ბაღები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს!”

საბავშვო ბაღებიდან სკოლისკენ გადავინაცვლოთ - კერძოდ, ”ალიას” გადავხედოთ, რომელიც წერს სკოლის მანდატურების ეთიკის კოდექსის შემოღების შესახებ. მანდატურებს განსაზღვრული სახის შეზღუდვები დაუწესდათ. მაგალითად, ეკრძალებათ ჰქონდეთ შეუფერებელი ვარცხნილობა, არ უნდა ატარონ სამკაული და არ უნდა ჰქონდეთ ტატუ და ასე შემდეგ. მანდატურს ასევე დასჯიან, თუ ის თანამშრომლის, პედაგოგის, მოსწავლის, მშობლის, ზოგადად მანდატურის სამსახურის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართულ რამე უღირს საქციელს ჩაიდენს. ასეთი ქმედების ჩადენის ადგილს მნიშვნელობა არა აქვსო, - წერს ”ალია”. გაზეთთან საუბარში კომენტარს სკოლის დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე აკეთებს, რომელსაც გაზეთი ”შაშკინის რისხვად” მოიხსენიებს: საინტერესოა, მანდატურებს სექსუალური კონტაქტრის სიხშირესაც დაუწესებენ? ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მარაზმამდე მივიდეს. ჰიგიენის ნორმები რომ უნდა დაიცვას, მანდატური იქნება, დირექტორი თუ მასწავლებელი, ეს ისედაც გასაგები უნდა იყოს და ამის კოდექსში ჩაწერა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია... არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მანდატურები, რომლებიც არ დაწერენ და არ შეადგენენ ცრუ აქტს ამა თუ იმ სკოლის დირექტორზე ან პედაგოგზე - ალბათ, ასეთებს განსაზღვრული ტიპის სანქციებით დაემუქრებიან, - უთხრა თეა თუთბერიძემ ”ალიას”.

”რეზონანსი” კი წერს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებზე სამხედრო საკითხებში. გაზეთს მოჰყავს რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობა - სააკაშვილმა ობამას სამხედრო შეიარაღებით დახმარება სთხოვაო და იქვე ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის უარყოფაზეც წერს. ”რეზონანსს” მოჰყავს ირაკლი სესიაშვილის სიტყვები, ექსპერტისა უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ამბობს: „აშშ საქართველოს დახმარებას აღმოუჩენს ნელ-ნელა. შეიძლება იყოს მცირე დოზით სამხედრო ტექნიკის მოწოდება, რომ ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ თანამედროვე ტექნიკის ათვისება, მაგრამ არ იქნება დიდი მასშტაბის. ეს იმიტომ გაკეთდება, რომ პერსონალი მოემზადოს, და იმედი მაქვს, შემდეგ აშშ გარკვეულ ნაბიჯებს გადმოდგამს ისე, რომ რუსეთი ძალიან არ გაღიზიანდეს. თან ეს დახმარება გამართლებული იქნება ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვითო."
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG