Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონში ლარის მიმოქცევა აკრძალა.

დაბის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მაღაზიების მფლობელებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ 15 იანვრიდან ლარზე ვაჭრობა იკრძალებოდა და მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლი დარჩებოდა. ახალგორელების აზრით, რაიონში მიმოქცევიდან ლარის ამოღება რთული იქნება, რადგან ქართულ ვალუტას უფრო მყარი კურსი აქვს, ვიდრე რუსულ რუბლს.

ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ლარის აკრძალვამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე, მაღაზიების მეპატრონეების პროტესტი გამოიწვია, რადგან დაბაში სხვა ვალუტებთან მიმართებაში რუბლის კურსი ძალიან დაბალია, შესაბამისად, ახალგორელებს პროდუქციის შეძენა ძვირად უწევთ.

ლარს არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ რუსი სამხედროებიც იყენებენ. მაგალითად, თბილისში პროდუქტებისა და სხვადასხვა საქონლის შესაძენად, ისინი ნაცნობებს ლარს ყოველდღიურად ატანენ, რადგან ქართული ვალუტით უფრო მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მალე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების პასპორტების შეცვლა დაიწყება, როგორც ოსური გამოცემები იუწყებიან, ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მიიღო.

პასპორტების გაცემა 15 თებერვლიდან დაიწყება და ივლისში დასრულდება. ახალ პასპორტებში მფლობელის ბიომეტრიული მონაცემები შევა და გაყალბებისგან დასაცავი საშუალებები ექნება. ახალგორის რაიონის მოსახლეობა წინასწარ უკვე გააფრთხილეს, რომ ოსური პასპორტების აღებამდე, მათ ქართული პირადობის მოწმობები უნდა ჩააბარონ. თუ პასპორტიზაციის დასრულების შემდეგ დაბაში ვინმეს ოსური პასპორტი არ ექნება, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქედ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG