Accessibility links

logo-print

გორის საბავშვო ბაღები სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ


გორში მცხოვრები პატარა დევნილი

გორში მცხოვრები პატარა დევნილი

გორის საბავშვო ბაღებს ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. აღსაზრდელების კვება კი მშობლების შენატანით ფინანსდება. გორის ყველა საბავშვო ბაღში გადასახადი ბავშვზე 25 ლარია. შეღავათებია დაწესებული დევნილი და სოციალურად გაჭირვებული ბავშვებისთვის. მე–16 საბავშვო ბაღის გამგის, მარიკა ჩიხლაძის, თქმით, პროდუქტებს თვითონ ბაღი იძენს და საჭმელს ადგილობრივი მზარეული ამზადებს. მისი თქმით, ყოველდღე სამჯერადი კვებაა. კვირაში ორჯერ კი პატარებს ხორციანი საჭმელი აქვთ.

აღსაზრდელების მშობლები მიიჩნევენ, რომ სამჯერადი კვებისთვის ყოველთვიური გადასახადი მაღალი არ არის. მათი აზრით, უკეთესი იქნება, თუ დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებლებს გამოუნახავენ, რათა ბაღებს სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალება მიეცეთ.

აგვისტოს ომის შემდეგ ქალაქში არსებული ობიექტებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საბავშვო ბაღები აღმოჩნდნენ, რადგან ხელისუფლებამ იქ დევნილები შეასახლა. ამჟამად მხოლოდ სამი ბაღი მუშაობს სრული დატვირთვით. დანარჩენი სკოლამდელი დაწესებულებები ფართს მთლიანად ვერ განკარგავენ, რადგან იქ დევნილები ცხოვრობენ. ცვლილებებია საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხშიც. გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტი მთლიანად ფარავდა ბაღების კომუნალურ გადასახადებს და იქ მომუშავეების ხელფასებს; 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, საბავშვო ბაღებს დაფინანსება ბავშვთა რაოდენობის მიხედვით მიეცემათ. ამის გამო მცირეკონტინგენტიანი საბავშვო ბაღები დახურვის პირას აღმოჩნდება. პრობლემას დევნილების საკითხი აღრმავებს, რადგან ფართის ათვისება სრულად ვერ ხერხდება. ამის გამო მშობლებმა და აღმზრდელებმა პროტესტი არაერთხელ გამოთქვეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამჟამად შექმნილი კომისია ბაღებში მცხოვრები დევნილების შესახებ ინფორმაციის მოძიებით არის დაკავებული. გამგეობის განათლების სპეციალისტის, ნინო ტატიშვილის, თქმით, ბაღებში მცხოვრებთა უმრავლესობას სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ან კოტეჯი უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ობიექტის დატოვებას მაინც არ აპირებს.

რამდენიმე ბაღში ბავშვები საერთოდ ვერ დადიან, რადგან ფართი დევნილებს აქვთ დაკავებული. მათი გამოსახლება არაერთხელ იგეგმებოდა, მაგრამ იძულებით გადაადგილებული პირების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი შეჩერდა. პრობლემის მოგვარება ჯერ ვერ ხერხდება, რადგან, ერთი მხრივ, ადამიანების ქუჩაში გაშვებაა რთული, მეორე მხრივ კი, საბავშვო ბაღები ითხოვენ სრულფასოვანი ფუნქციონირების უფლებას.
XS
SM
MD
LG