Accessibility links

თბილისში ისრაელის მოქალაქეების საქმის განხილვა გაგრძელდა


ისრაელის მოქალაქეების, ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის განხილვა განაგრძო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ. ისრაელის 2 მოქალაქე შარშან, ოქტომბერი ბათუმში დააკავეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ქრთამის სანაცვლოდ ფუქსი და ფრენკელი ითხოვდნენ საქართველოს მთავრობას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისს ბიზნესმენების სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. თავის მხრივ, ისრაელის მოქალაქეთა ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წერილი, რომლის თანახმად, ფუქსი და ფრენკელი დავის საბოლოოდ მოსაგვარებლად მიიწვიეს, რაც ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით მათ დასაპატიმრებლად გამოიყენა. დაცვის შუამდგომლობა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრის მოწმედ დაკითხვის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თავის მხრივ, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ფუქსის და ფრენკელის დანაშაულის დასამტკიცებლად მყარი არგუმენტები აქვს. ბიზნესმენების სასამართლო პროცესს ესწრებიან საქართველოში ისრაელისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG