Accessibility links

საქართველოში ვეტერანთა კომიტეტი შეიქმნა


საპარლამენტო ოპოზიცურ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და ვეტერანთა კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ომის ვეტერანი ნოდარ ცოტნიაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება კომიტეტის შექმნის შესახებ ემსახურება იმას, რომ ბრძოლა ვეტერანთა პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ უფრო აქტიურად წარიმართოს. კომიტეტის მონაწილეობით შეიქმნა ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც ეხება ვეტერანთათვის ხუთი წლის წინ გაუქმებული შეღავათების აღდგენას, ხოლო მეორე ინიციატივა კანონში ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთათვის პენსიის გადაანგარიშების მუხლის აღდგენას ითვალისწინებს. “ეს სწორედ ის მოთხოვნებია, რომლებმაც ვეტერანები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე – შიმშილობამდე მიიყვანა, რასაც ხელისუფლებამ ჩვეული ძალადობით უპასუხა და 3 იანვარს მორიგი დანაშაული ჩაიდინა”, - განაცხადა ახვლედიანმა. 3 იანვარს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა შიმშილობის აქცია ხსოვნის მემორიალთან, რომელშიც 20-მდე სამხედრო ვეტერანი იღებდა მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG