Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური ექსტრემიზმი ყირგიზეთის მეჩეთებში


მეჩეთი ყირგიზეთში
მეჩეთი ყირგიზეთში
ცენტრალური ყირგიზეთის ქალაქ ოშში მდებარე ალაის მეჩეთში საღამოს ლოცვის დროს ხალვათობაა. ადრე ამ მეჩეთში იკრიბებოდნენ როგორც ყირგიზი, ისე უზბეკი მლოცველები, ახლა კი წირვას მხოლოდ რამდენიმე უზბეკი ესწრება, რისი მიზეზიც უმუშევრობააო, - ამბობს 50 წლის ბახადი ტაჯიბაევი:

„ბევრი წავიდა ემიგრაციაში. ისინი სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ. კონფლიქტის შემდეგ აქ სამუშაო ცოტაა. ამიტომ ბევრი მათგანი მიდის“.

ტაჯიბაევი იმედოვნებს, რომ, როგორც კი ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდება, ბევრი მისი უზბეკი მეგობარი დაბრუნდება და თავის ყირგიზ მეზობლებთან ერთად ილოცებს:

„ მუსლიმანებს ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ. როდესაც კონფლიქტი იყო ოშში, ჩვენ მაშინაც ერთად ვიყავით, მუსლიმანები, რომლებსაც ისლამი ესმით“.

ყირგიზეთში, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტი მუსლიმანია, ბევრი მეჩეთებს აღიქვამს როგორც შერიგების ადგილს მას შემდეგ, რაც სისხლიანმა კონფლიქტმა ქვეყნის სამხრეთში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა ყირგიზები და უზბეკები. მაგრამ თავს იჩენს ეჭვებიც და მოსაზრებაც, რომ მეჩეთები შესაძლოა იყოს კორუფციის იარაღი და ნოყიერი ნიადაგი ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის. სწორედ ისლამისტი ექსტრემისტები დაადანაშაულა ქვეყნის ხელისუფლებამ 4 იანვარს მომხდარ სროლაში, რასაც 4 სამართალდამცველისა და ორი სავარაუდო ექსტრემისტის დაღუპვა მოჰყვა.

მარატ იმანკულოვი, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ქვეყანას ამჟამად ემუქრება, რელიგიური ექსტრემიზმია. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ექსტრემისტულ დაჯგუფებად იმანკულოვს მიაჩნია ჰიზბ უტ-ტაჰრირის დაჯგუფება, რომლის იდეოლოგიური საყრდენიც 90-იან წლებში სწორედ მეჩეთები იყო:

„პირველ დღეებში, მახსოვს, რომ მის ზემოქმედებას, ძირითადად, ეროვნებით უზბეკი ახალგაზრდები დაექვემდებარნენ, რადგან ისინი უფრო რელიგიურები იყვნენ, მეჩეთში დადიოდნენ. შესაბამისად, ეს ექსტრემისტული ორგანიზაციები მათ მეჩეთებთან ხვდებოდნენ იმ მოსაზრებით, რომ დამატებით ესწავლებინათ მათთვის ისლამის კანონები, საღამოს სახლებში იკრიბებოდნენ და ამ საბაბით, როგორც მარილს, როგორც წიწაკას, უმატებდნენ ექსტრემისტულ იდეოლოგიას... და, ამგვარად, ბევრი გადავიდა ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე“.

ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ყირგიზეთის მთავრობა ფანტომებს ებრძვის. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ნოემბრის აფეთქებებში ეჭვმიტანილებს ყალბი ბრალდებები წამების გზით მიღებული აღიარებით წაუყენეს.

თუმცა ყირგიზეთის მთავრობა აპირებს გაატაროს რეფორმები, რაც, ექსტრემიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების გარდა, კორუფციისაგან ისლამური ინსტიტუტების დაცვას ითვალისწინებს, - ამბობს კადირ მაიკოვი, ბიშკეკში მოქმედი რელიგიის, სამართლისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი:

„ხშირად მეჩეთების გასაძღოლად მოდიოდნენ რელიგიურად გაუნათლებელი და გამოუცდელი იმამები, ანდა იმამები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ, დავუშვათ, ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან. ახლა კი მუფთები იღებენ პასუხისმგებლობას იმამების დანიშვნაზე. და, ცხადია, ამის გამო შექმნეს მათ კურსები და გამოცდები იმამების პროფესიული ვარგისიანობის, ცოდნის, ქცევის, ეთიკისა და სხვა ამგვარი ატესტაციისათვის“.

ცხადია, რეფორმებს არ ჩაუვლია აზრთა სხვადასხვაობის გარეშე. დეკემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოშში მდებარე მეჩეთების ხუთი იმამი, რომლებმაც ეთნიკური დაპირისპირების დროს ვერ განახორციელეს ზედამხედველობა სალოცავებზე, სადაც „არატრადიციულმა ისლამმა იჩინა თავი“. თუმცა ყირგიზეთში მცხოვრებ ბევრ უზბეკსა და ყირგიზს სურს, მეჩეთში გაერთიანებისა დ არა განცალკევების სიმბოლო დაინახოს.

„თუ ადამიანი ყოველდღე მიდის მეჩეთში და ყოველდღე ხუთჯერ ლოცულობს, ეს ნიშნავს, რომ ხალხი დღეში ხუთჯერ ეუბნება ერთმანეთს: მოდი, ერთად ვიცხოვროთ მშვიდობიანად და არ დავუშვათ, რომ ჩვენს შორის რამე მოხდეს“, - ამბობს უზბეკი კაშიმჯან ჰაჯი უმაროვი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG