Accessibility links

ბაგა-ბაღები საკვები პროდუქტების გარეშე


რუსთავი

რუსთავი

ზამთრის არდადეგების შემდეგ რუსთავის ბაგა-ბაღებს მუშაობა 17 იანვარს უნდა განეახლებინათ, მაგრამ წინა დღეს საბავშვო ბაღებიდან მშობლებს დაურეკეს და უთხრეს, სწავლის განახლება პირველ თებერვლამდე გადაიდოო.

თეა გოგბაიძე, რომელსაც 5 წლის შვილი რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღში დაჰყავს, ამბობს, რომ ბაღის მასწავლებელს სწავლის გადადების მიზეზი არ განუმარტავს.

„წინა დღეს დამირეკა ბაღის მასწავლებელმა და მითხრა, სწავლა გადაიდოო. როცა მიზეზი ვიკითხე, ვერაფერი მიპასუხა“, - განაცხადა თეა გოგბაიძემ, რომელსაც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ზაქარია დათუაშვილის მიერ ადგილობრივი ტელევიზიით გაკეთებული განცხადება მოსმენილი არ ჰქონდა.

ამ განცხადების თანახმად, სასწავლო პროცესის გადადება გამოიწვია იმან, რომ ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომარაგების მიზნით გამოცხადებული ტენდერი კვლავ ჩაიშალა, რადგან ტენდერში მონაწილეობის მსურველი არც ამჯერად გამოჩნდა.

ზაქარია დათუაშვილის განცხადებით, ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა, მაგრამ ბიზნესმენები,საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატების გამო, ტენდერში მონაწილეობას ვერ რისკავენ.

„საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება, ამიტომ ბიზნესმენებს შიში აქვთ, რომ ეს საქმე მათთვის წამგებიანი იქნება“, - ამბობს ზაქარია დათუაშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს მილიონ 250 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარებული გაზის გადასახადსა და ხელფასებზე იხარჯება, კვების თანხას და სხვა კომუნალურ ხარჯებს კი მშობლები იხდიან. ცნობისთვის: მშობელს ბავშვის ბაღში მიბარება ყოველთვიურად 25 ლარი უჯდება.

დათუაშვილის თქმით, შარშან მშობლების მიერ გადახდილმა თანხამ 770 ათასი ლარი შეადგინა. წლევანდელი პროგნოზით, დაახლოებით იგივე შემოსავალი იქნება, თუმცა ხარჯების დასაფარავად ეს თანხა უკვე საკმარისი აღარ იქნება.

„არსებობს ორი ალტერნატივა: ან საბიუჯეტო სუბსიდია უნდა გაიზარდოს, ან უნდა მოიმატოს მშობლის გადასახადმა, რადგან, ამგვარი შემოსავლების პირობებში, კომუნალური და სხვა ხარჯების დაფარვა თითქმის შეუძლებელი იქნება. აღარ ვამბობ იმას, რომ ბაღებისთვის საჭირო ნივთებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას - მაგალითად, მაცივრებს - ვეღარ ვიყიდით“, - ამბობს დათუაშვილი. თუმცა, მისივე აღიარებით, სუბსიდიის მომატების მიმართ რუსთავის თვითმმართველობას ჯერჯერობით ხისტი დამოკიდებულება აქვს.

XS
SM
MD
LG