Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი მოსკოვსა და თეირანს შორის


ჰამიდ კარზაი და დმიტრი მედვედევი
ჰამიდ კარზაი და დმიტრი მედვედევი
ხომ არ ირჩევს ავღანეთი ორ მეზობელს, რუსეთსა და ირანს შორის სამეგობროდ იმას, რომელიც, სულ ცოტა, საწვავს მაინც მიაწოდებს შეუფერხებლად? რუსეთთან ავღანეთის ურთიერთობა ბოლო ხანს თითქოს გამოკეთდა, ირანთან კავშირი კი გაართულა, ბოლო დროს, თეირანის მიერ ავღანეთისკენ მიმავალი საწვავით დატვირთული ცისტერნების შეჩერებამ. ამის ფონზე, კვირის ბოლოს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამირ კარზაი მოსკოვში ჩადის.

რუსეთისა და ავღანეთის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. პრეზიდენტი კარზაი თვითონ არის მომსწრე ათწლიანი ოკუპაციისა, როცა საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში, მოსკოვის მიმართ ლოიალური მთავრობა დასვეს, მაგრამ მეამბოხეთა ნება ვერ გატეხეს და უკვე შედარებითი ლიბერალიზაციის პერიოდში, „პერესტროიკის“ ბოლოს, დატოვეს ეს ქვეყანა. ამას კარგი არაფერი მოუტანია მაჰმადიანური ქვეყნისთვის, სადაც ექსტრემისტული თალიბანის გაბატონებამ საზოგადოება შუასაუკუნეობრივ წყობილებაში დააბრუნა.

ავღანეთის ისტორია ბოლო ათწლეულში ომის ისტორიაა. აშშ-ის მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო ჯარს კვლავ წინააღმდეგობას უწევს იგივე თალიბანი და გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ისლამური რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად ჰამიდ კარზაი ითვლება. კარზაის მთავრობა ხასიათდება კორუფციის ნიშნებით, რომელთაგან ერთი ისიცაა, რომ ირანისგან, როგორც საერთაშორისო მედია იუწყებოდა, ქაბული ჩანთებით იღებდა ნაღდ ფულს. თეირანი ავღანეთის მოკავშირე აშშ-ის დაუძინებელი მტერია. არადა, ავღანეთი დამოკიდებული იყო გარკვეულად ირანზე, როგორც საწვავის სატრანზიტო ქვეყანაზე. თუმცა თეირანმა ბოლო ხანს ვერ შეასრულა პირობა და ავღანეთისკენ მიმავალი 1 600 დიზელის საწვავით დატვირთული ავტოცისტერნა საზღვარზე გააჩერა. ოფიციალური მიზეზი ნათელი არ იყო. ირანიდან გაისმა ხმა, რომ ეს საწვავი ავღანეთში მოქმედ საერთაშორისო ჯარს უნდა მოხმარებოდა, რასაც ავღანეთი უარყოფდა, და ამიტომ იქნა ის შეჩერებული. როგორც უნდა იყოს, ამ ინციდენტს ავღანეთში საწვავის ფასის ზრდა მოჰყვა.

შოტლანდიაში წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის ირანის კვლევის პროფესორი ალი ანსარი არ გამორიცხავს, რომ ირანს თვითონ უჭირდეს სუბსიდიების რეფორმების გამო და ნავთობის მხრივ გაჭირვება ადგმევინებდეს ამ ნაბიჯს:

„მე მგონია, ეს უნდა იყოს მთავარი. მათ ქვეყნის შიგნით აქვთ პრობლემა და სურთ, საწვავზე საკუთარი მოთხოვნილება დააკმაყოფილონ. მათ სუბსიდიები გააუქმეს, რაც რთული პროცესია, და ამ დროს არ შეუძლიათ გაატარონ საზღვარზე მაღალხარისხოვანი საწვავი. თეირანი ცდილობს იმდენი დაიტოვოს, რამდენიც საკუთარი მოხმარებისთვის სჭირდება“.

სხვა აზრისაა ისრაელში მცხოვრები ირანული წარმოშობის ეკონომიკის ანალიტიკოსი მეირ ჯავედანფარი, რომელმაც გვითხრა, ირანი ავღანეთს იყენებს სანქციების დაწესების გამო აშშ-ისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლადო:

„დიდი ალბათობით, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც დასავლეთის დასანახავად კეთდება. ირანი ასე უხდის სამაგიეროს აშშ-ს ბირთვული პროგრამის გამო სანქციების დაწესებისა და მისი იზოლაციის მცდელობისათვის. ირანი თვლის, რომ ავღანეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა აშშ-ისთვის სასარგებლოა, რადგან ეს ავღანეთის სტაბილურობას უწყობს ხელს. და ეს საწვავი ნატოსთვის რომც არ ყოფილიყო განკუთვნილი, ის ჰამიდ კარზაის მთავრობისთვის იქნებოდა სასარგებლო, ქვეყნის სტაბილურობის თვალსაზრისით, რაც ნატოსაც სურს. ეს კი არის ის, რაც აშშ-ისთვისაც სასარგებლოა“.

აღმოსავლეთში ავღანეთს ასევე უჭირს ნდობა პაკისტანისა, საიდანაც მომავალი ტვირთი ხშირად არის მეამბოხეთა თავდასხმის სამიზნე. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთი აშშ-თან თანამშრომლობს ავღანეთში ტვირთის მიწოდების სფეროში. ხუთშაბათს და პარასკევს კი უკვე მოსკოვს ეწვევა ჰამიდ კარზაი, რომელიც პრეზიდენტ მედვედევთან ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე მოილაპარაკებს და, სხვათა შორის, საწვავის მიწოდების თემასაც განიხილავენ. შეხვედრა კრემლის ინიციატივით შედგება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG