Accessibility links

logo-print

ჩინეთის ლიდერი: დოლარის ბატონობა წარსულის პროდუქტია


ბარაკ ობამა და ჰუ ძინტაო

ბარაკ ობამა და ჰუ ძინტაო

არასოდეს მომზადებულან ვაშინგტონში ჩინეთის ლიდერის დასახვედრად ისე, როგორც ამჯერად. ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ჰუ ძინტაო ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა შეერთებულ შტატებში. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბევრი სირთულეა, თუმცა თვითონ ჰუმ განაცხადა ოკეანის გაღმა წასვლამდე, ცივი ომის პერიოდის ცნობიერება უნდა დავივიწყოთ და ურთიერთობაში ახალი თავი დავიწყოთო. ჰუ ძინტაომ აშკარად შეუტია მსოფლიო ვალუტად დოლარის დატოვების პერსპექტივას. მისი აზრით, დოლარის დომინირება საერთაშორისო ბაზარზე წარსულს ჩაბარდა. თავის მხრივ, როგორც ითქვა, აშშ-იც სათანადოდ ხვდება სტუმარს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ შავ-თეთრი ფერების შემცველი ურთიერთობა, რომ ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა ან მტრობა და რომ მიაღწიეს წერტილს, როცა მართლაც საჭიროა ურთიერთობაში სიახლის შეტანა:

ბოლო წელიწად-ნახევარი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში ძალიან რთული პერიოდი იყო...
„აშშ-მა და ჩინეთმა მიაღწიეს კრიტიკულ წერტილს, როცა დიდი თუ მცირე არჩევანის გაკეთებისას მთავარი ურთიერთობაა. ობამას ადმინისტრაციაში, ბოლო ორი წელია, ჩინეთთან უფრო ღრმა, უფრო ფართო და უფრო მტკიცე ურთიერთობის შესაძლებლობა შევქმენით“.

კლინტონმა წარმოადგინა მოთხოვნებიც, რომლებზეც პეკინს ადრე ძალიან ცხადად აქვს უარი ნათქვამი. ეს არის სურვილების ფართო სპექტრი, დაწყებული პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებით, დამთავრებული ჩინეთის სახელმწიფო ვალუტის, იუანის კურსის ამაღლებით, ასევე ჩრდილოეთ კორეის დაშოშმინებითა და აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტის შენელებით.

ეს არის სამიტი, რომლის მსგავსი ორ ქვეყანას დიდი ხანია არ ჰქონია, მით უმეტეს, რომ ობამას ადმინისტრაციამ ადრევე გამოაცხადა, რომ ჩინეთი და აზია მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. ჩინეთი ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება, აშშ კი კრიზისს განიცდის. აშშ-ის საზღვაო ფლოტის კვლევით ცენტრში ჩინეთის საკითხების მკვლევარი დევიდ ფინკერსტაინი ამბობს:

„ეს იქნება ორი პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო წელიწად-ნახევარი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში ძალიან რთული პერიოდი იყო“.

იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ორივე მხარეს შეხედონ ერთმანეთს უფრო ობიექტურად და რაციონალურად, რათა პატივი სცენ ურთიერთარჩევანს განვითარების გზაზე...
ჩინეთის ეკონომიკას დიდი დრო დასჭირდება მიაღწიოს ამერიკის მასშტაბებს. მას თავისი სავალუტო მარაგი დოლარებში აქვს, მისი ოდენობა 2,8 ტრილიონია, აშშ-ს პეკინის ვალიც აქვს. ანუ ჩინეთი არაა დაინტერესებული დოლარის გაუფასურებით. აქვეა სავაჭრო დეფიციტი, რომელიც აშშ-ს ჩინეთთან აქვს. ისიც უზარმაზარია, მეოთხედ ტრილიონს აღწევს. ჩინეთის ლიდერი ამერიკაში ჩასვლამდე კრიტიკით გამოვიდა აშშ-ის „ფედერალური სარეზერვო სისტემის“ - პრაქტიკულად აშშ-ის ცენტრალური ბანკის - სავალუტო პოლიტიკის მიმართ, ბანკისა, რომელიც ხელოვნურად ცდილობს დოლარის დაბალი კურსის შენარჩუნებას, საექსპორტო უპირატესობის მისაღწევად. ამასთან, ჰუ ძინტაოს და ბარაკ ობამას საუბარი ექნებათ სავალუტო გაცვლითი კურსის გარშემოც, სადაც დაპირისპირება აშკარაა. შეერთებულ შტატებში კონგრესის წევრებიც მოითხოვენ სასწრაფო ზომებს, რათა ჩინეთის ფულადი სისტემა, ჟენმინბი, ფაქტობრივად მისი საფუძველი, იუანი, დოლარის მიმართ გაძვირდეს. ამაზე ჩინეთის ლიდერმა კატეგორიული უარი უკვე თქვა.

სავალუტო საკითხების გარდა, მოსაგვარებელია ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის აშშ-ის აზიელი პარტნიორების დაინტერესების კონტექსტში. ჩინეთის მეზობლები და აშშ-იც თვლიან, რომ პეკინი ერთობ გააქტიურდა არეალში და იქ არაერთი კუნძულის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს. ამას დაერთვის ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, ჩინეთის სამხედრო ტექნიკის განვითარება, რაც კვლავაც გამოწვევაა აშშ-ისთვის წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ბატონობის თვალსაზრისით. თუმცა ცხადია, რომ ჩინეთის სამხედრო ხარჯი აშშ-ისას ბევრად ჩამოუვარდება. ჩინეთი ამას აღნიშნავს და თვლის, რომ მას გაწონასწორებული მრავალპოლარული მსოფლიო სურს. პეკინი რომ თანასწორუფლებიან ურთიერთობას ესწრაფვის, დღესაც გარკვევით თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰონ ლეიმ:

„იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ორივე მხარეს შეხედონ ერთმანეთს უფრო ობიექტურად და რაციონალურად, რათა პატივი სცენ ურთიერთარჩევანს განვითარების გზაზე, რათა ორმხრივ სასარგებლო და თანამშრომლობაზე დამყარებული განვითარება შევძლოთ. ასევე იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარე პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და განვითარების სურვილს, რომ ორივე მხარე სათანადოდ მოეპყრობა ერთმანეთის ინტერესებს“.

პეკინსა და ვაშინგტონს შორის კლიმატის შეცვლის გარდა (ამ სფეროში პეკინი არ ეთანხმება აშშ-ის პოზიციას), აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა ადამიანის უფლებათა სფეროში. აშშ-ს პეკინი სჭირდება პოლიტიკურადაც ჩრდილოეთ კორეის საკითხში, რომ დააშოშმინოს უმართავი ფხენიანი.
XS
SM
MD
LG