Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-ბაქო-ერევანი გაზისა და შიშის სარკეში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბაქოში ვიზიტის ფონზე კიდევ ერთხელ გამძაფრდა ინტერესი - რა ეტაპზეა და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით, რომლის ყიდვის სურვილიც აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“დაახლოებით 3 კვირის წინ კიდევ ერთხელ გამოხატა. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება თბილისის მხრიდან, თუმცა ბაქოში უკვე ლაპარაკობენ გაზსადენის მთლიანად შესყიდვის სურვილზე. ინფორმაციამ სომხეთში გააჩინა შიში, რომ, თუკი მილსადენი აზერბაიჯანის მფლობელობაში გადავა, ის შეიძლება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცეს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის ილაპარაკა თუ არა და რა ილაპარაკა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე ბაქოში, როდესაც ის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 18-19 იანვარს, თავის კოლეგასაც შეხვდა და ქვეყნის პრეზიდენტსაც. გრიგოლ ვაშაძე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:

”ბატონმა პრეზიდენტმა დამდო პატივი და მომიყვა იმ შედეგებზე, რითიც ბატონი ბაროზუს ვიზიტი დამთავრდა ბაქოში... ამ კონტექსტში იქნა განხილული სამომავლო პროექტები, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ ძალისხმევას გააერთიანებს...”

ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად დავეუფლოთ ამ მილსადენს და ის ვინმესთან საზიარო არ იყოს... 100 პროცენტი გვინდა, დიახ. რადგანაც „სოკარს“ სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე დომინანტის როლის შესრულება სურს...
თუ რა იგულისხმება ”სამომავლო პროექტებში”, გრიგოლ ვაშაძის ამ სატელევიზიო კომენტარში არ კონკრეტდება; თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს ხსენება ამ შემთხვევაში ლოგიკურად ენერგეტიკული მიმართულებებით ფიქრისკენ გვიბიძგებს. საქმე ის არის, რომ ბაროზუს ბაქოში ვიზიტის ყველაზე მთავარი შედეგი სწორედ ენერგეტიკას უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ ილჰამ ალიევმა და ჟოზე მანუელ ბაროზუმ 15 იანვარს ხელი მოაწერეს, ექსპერტთა აზრით, მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, მომავალში აზერბაიჯანიდან „გაზის სოლიდური რაოდენობა ხანგძლივი დროის განმავლობაში“ მიეწოდება ევროკავშირის ქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების საკითხი ”ე.წ. ოფიციალური სასაუბროს ფარგლებში” არ შედიოდა, ბევრი ფიქრობს, რომ ქართველ მინისტრს ბაქოში აუცილებლად მოუწევდა ლაპარაკი კომპანია ”სოკარის” მიერ გამოხატულ სურვილზე. მოგეხსენებათ, რომ „სოკარი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.

ბაქოსა და თბილისს შორის მაგისტრალური გაზსადენის თემაზე მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, 15 იანვარს საინფორმაციო სააგენტო ”ბლუმბერგთან” საუბრისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმაც დაადასტურა, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დეტალებს ამ ეტაპზე არც ოფიციალური ბაქო ეხება, თუმცა ბაქოელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ილჰამ შაბანი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მაგისტრალური გაზსადენის მთლიანად შესყიდვა სურს:

”ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად დავეუფლოთ ამ მილსადენს და ის ვინმესთან საზიარო არ იყოს... 100 პროცენტი გვინდა, დიახ. რადგანაც „სოკარს“ სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე დომინანტის როლის შესრულება სურს. ამისათვის მას მეტად დასჭირდება არსებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ეს, ასე ვთქვათ, წმინდა კომერციული მიდგომაა”.

ილჰამ შაბანი ამბობს, რომ ეს ”წმინდა კომერციული პროექტი” იმ დროზეა გათვლილი, როდესაც ამუშავდება ე.წ. დიდი აზერბაიჯანული გაზის პროექტი, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს, სავარაუდოდ, 2016 წელს მოხდება. იმ დროისთვის, შაბანის აზრით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი ამჟამინდელ აზრს დაკარგავს, თუმცა „სოკარი“ მას საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონების მოსამარაგებლად გამოიყენებს. აქვე ვთქვათ, რომ, „სოკარის“ ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საქართველოს გაზის ბაზრის 70-75 პროცენტს ამარაგებს.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის 100%-იანი ფლობის სურვილზე, რასაც ილჰამ შაბანმა ჩვენთან საუბრისას გაუსვა ხაზი, როგორც ირკვევა, ბაქოში დღეს ბევრი ლაპარაკობს. ამასთან, საუბარი იმაზეც არის, რომ ხსენებული გაზსადენის საყიდლად აზერბაიჯანი საქართველოსთვის მაცდურად მაღალი საფასურის გადახდაზეც არის თანახმა.

შესაძლებელია, რომ საქართველომ მაგისტრალური გაზსადენი მთლიანად გაყიდოს?

მართალია, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი ამოღებულია არასაპრივატიზაციო სტრატეგიული ობიექტების სიიდან, მაგრამ არსებობს სხვა კანონიც, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.

კერძოდ, საუბარია საქართველოს კანონზე ნავთობისა და გაზის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაზსადენის მფლობელს, კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას (რომლის აქციების 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს) ხსენებული ობიექტის მაქსიმუმ 25%-იანი წილის გასხვისების უფლება ეძლევა.

”საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შესაძლოა ხელისუფლებამ ეს კანონიც შეცვალოს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე. ის ერთ-ერთი იყო ხელისუფლების ოპონენტთა იმ უზარმაზარ არმიაში, რომელიც მწვავედ ეწინააღმდეგებოდა მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების პროცესის თანმხლებ გარემოებებს - კერძოდ, იმას, რომ დამცავი მექანიზმების გარეშე შესაძლოა გაზსადენის საკონტროლო პაკეტი გასხვისებულიყო და შესაძლოა ის რუსეთის ხელშიც აღმოჩენილიყო. მაგრამ ახლა გურამ ჩახვაძის შთაბეჭდილება შეცვლილია, რადგანაც, მისი დაკვირვებით, ხელისუფლებას ობიექტის ”მთლიანად გაყიდვის განწყობა არა აქვს”

პირდაპირი მიყიდვის წესის შემთხვევაში ნებისმიერი მყიდველი შეიძლება გამოჩნდეს, მათ შორის - ან სომხური, ან აზერბაიჯანული, ან რუსული მხარე...
ობიექტის მთლიანად გაყიდვის პერსპექტივასთან დაკავშირებული შიში უსაფუძვლო არ იყო. მაგალითად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლაშა თორდიამ, გასული წლის 6 ივლისს პარლამენტის სხდომაზეც კი თქვა, რომ ”ამ ტიპის ობიექტები შესაძლებელია იყოს პრივატიზებული, მათ შორის - მთლიანი პაკეტითაც...” თუმცა იქვე დასძინა, პრემიერ-მინისტრი ასეთ პოზიციას არ იზიარებსო. გავიხსენოთ, რომ ნიკა გილაურმა იმხანად არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ მაგისტრალური გაზსადენის აქციების 51% უნდა შეინარჩუნოს და მოსალოდნელია მხოლოდ აქციების გარკვეული წილის განთავსება ლონდონის ბირჟაზე. თუმცა ოპონენტები ამბობდნენ, ”ხელისუფლებას სიტყვაზე ვერ ვენდობითო...”

ენერგეტიკის საკითხების დამოუკიდებელი კონსულტანტის, ლიანა ჯერვალიძის, ინფორმაციით, - რომელიც ასევე თანამშრომლობს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან, ენერგეტიკის სამინისტროსა თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, - საქართველო არ აპირებს გაყიდოს აქციების 20%-ზე მეტი და, ამასთან, კონფლიქტის თავიდან აშორების მიზნით, გამორიცხულია პირდაპირი მიყიდვის მექანიზმის გამოყენება. აქციები მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება:

”პირდაპირი მიყიდვის წესის შემთხვევაში ნებისმიერი მყიდველი შეიძლება გამოჩნდეს, მათ შორის - ან სომხური, ან აზერბაიჯანული, ან რუსული მხარე. სტრატეგიულად საქართველოსთვის არც ერთი მხარე მისაღები არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს მხარეები გეოპოლიტიკურ კონფლიქტს გამოიწვევენ... როდესაც საერთაშორისო ბაზარზე გადის, აქციები იყიდება თავისუფლად და ვერავინ ვერ იტყვის, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს... მაგრამ, მეორე მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში რომელიმე პარტნიორის მიმართ რაიმე გეოპოლიტიკური ან პოლიტიკური პოზიცია დაიკავა...”

და მაინც, ბაქოსა და თბილისს შორის დაწყებული მოლაპარაკებები და მაგისტრალური გაზსადენის აზერბაიჯანის ხელში აღმოჩენის პერსპექტივა აშინებს სომხეთს და ასეთი განწყობა, მართალია, არაოფიციალურ დონეზე, მაგრამ არაერთხელ გამოითქვა ბოლო დღეებში.

სომხეთის შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბაქოელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ილჰამ შაბანი. ის თვლის, რომ მაგისტრალური გაზსადენის ყიდვის შემთხვევაში „სოკარს“ სულაც არ აწყობს სომხეთისთვის გაზის მიწოდების გადაკეტვა:

”თუკი მილსადენში გაზი არ გაივლის, შემოსავალიც არ იქნება... გაზმა უნდა გაიაროს, კომპანიამ მოგება რომ ნახოს. „სოკარი“ მოგებას ნახავს თითოეული კუბმეტრი გაზის გადაქაჩვით...”

მაგრამ რადგანაც მაინც არსებობს შიში, მეთვალყურეები გამოთქვამენ ეჭვს, რომ დიდწილად სწორედ სომხეთის დამშვიდებას ემსახურება საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოახლოებული ვიზიტი ერევანში. დელეგაცია იქ 22-23 იანვარს ჩავა და, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ წლის პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ სომხეთს ეწვევა, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეზობელი ქვეყნის მიმართ ”უაღრესად მეგობრულად” არის განწყობილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG