Accessibility links

logo-print
გმირთა მემორიალთან დარბეული ომის ვეტერანები უახლოეს დღეებში იურისტებსა და უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართავენ. ვეტერანთა შიმშილობის აქცია, რომელიც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარეობდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შიმშილობის მერვე დღეს ძალის გამოყენებით დაშალეს. 11 დაკავებულ ვეტერანს კი საქალაქო სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს. ვეტერანთა უფლებების დაცვას მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და ვეტერანთა კომიტეტის შექმნით ეხმაურება.

„ვეტერანებისათვის სიღარიბე სასიცოცხლო პრობლემად რჩება, მაგრამ აქამდე თუ მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, ახლა სამართალს ვეძებთ და კანონის უზენაესობას ვითხოვთ, უსამართლო განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ომის ვეტერანი, კაპიტანი მალხაზ თოფურია და იმ სასამართლო პროცესს იხსენებს, რომელიც 4 იანვარს საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მას და კიდევ ათ დაკავებულს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა:

”იურისპრუდენციაში გარკვეული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის სასამართლო პროცესი, რაც ჩვენ ვნახეთ და იმდენი ტყუილი და უსამართლო განცხადება, რაც იქ მოვისმინეთ, არასდროს მოგვისმენია. დამხრჩვალ კაცს რომ წყალი ჩაასხა პირში, დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა. გაჭირვებას ვაპროტესტებდით და 400 ლარიანი ჯარიმები დაგვაკისრეს ყველანაირი მიზეზის გარეშე. ეს მართლა ძალიან შეურაცხმყოფელია. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, არ გავჩერდებით, სანამ სიმართლეს არ ვიპოვით”, - ამბობს მალხაზ თოფურია.

როგორც მალხაზ თოფურია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები იურისტებსა და უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ შევეცდებით ერთად აღვადგინოთ სამართალიო, ამბობს მალხაზ თოფურია.

ომის ვეტერანების პრობლემებს მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და ვეტერანთა კომიტეტის შექმნით გამოეხმაურა. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, აცხადებს, ქრისტიან-დემოკრატები დაარსების პირველი დღეებიდანვე აქტიურად მუშაობენ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურების 50 ათასამდე პენსიონერსა და ვეტერანს უკავშირდება, კომიტეტის შექმნა კი ვეტერანთა პრობლემების გადაჭრისათვის ბრძოლას ხელს შეუწყობს. როგორც გიორგი ახვლედიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ყველაზე დიდ პრობლემას საკანონმდებლო სივრცეში წარმოქმნილი ის უსამართლო სიტუაცია წარმოადგენს, რომლის შედეგადაც ვეტერანების მდგომარეობა გართულებულია:

”კანონიდან კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ 2005 წლის ბოლოს ამოიღეს ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთათვის პენსიების გადაანგარიშების მუხლი. ამან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო 50 ათასამდე ადამიანი. მათ ხელისუფლებამ ხუთლარიანი და ათლარიანი კომპენსაციები გადაუგდო. პენსიები დაანგარიშებული არის იმ ხელფასებიდან, რომელსაც ისინი იღებდნენ 90-იან წლებში და ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ მაშინ ხელფასების რაოდენობა 100-დან 120 ლარამდე მერყეობდა”, - ამბობს გიორგი ახვლედიანი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე რადიო თავისუფლებას იმ შეღავათებისა და კომპენსაციების გრძელ სიას წარუდგენს, რომლითაც ომის ვეტერანები სარგებლობენ. ის, გიორგი ახვლედიანისგან განსხვავებით, საკანონმდებლო სივრცეში არსებულ პრობლემებს ვერ ხედავს. ის არც გმირთა მემორიალთან მოშიმშილე და შემდეგ ძალის გამოყენებით დაშლილი ვეტერანების შესახებ ფლობდა ინფორმაციას: ”არ ვიცი მე ვინ გამოვიდა და არც მქონია მათთან შეხება. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანები? რომლებიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში იბრძოდნენ? ესენი იყვნენ? მოდით, მაშინ დავიწყოთ ჩამოთვლა: თუ ვეტერანები არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, მათ ეძლევათ 129 ლარი, თუ ასაკის მიხედვით უწევთ პენსია, მაშინ ეძლევათ 80 ლარი, თუ მათ მუშაობის სტაჟი აქვთ, ეს დიფერენცირებულია 2 ლარიდან 10 ლარამდე. ასევე არსებობს სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო სტიპენდია. ცალკე ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებს აქვთ საყოფაცხოვრებო სუფსიდია, რომელიც ასევე დიფერენცირებულია. არსებობს ასევე ვეტერანთა სამედიცინო დახმარების პროგრამა”, - ამბობს დავით ლომიძე.

როგორც ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, ვეტერანებთან ერთად შემუშავებულია ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამჟამად პარლამენტშია შეტანილი და საგაზაფხულო სესიის დადგომას ელის. პირველი ინიციატივა ვეტერანთათვის ხუთი წლის წინ გაუქმებული შეღავათების აღდგენას ეხება, მეორე ინიციატივა კი კანონში ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთათვის პენსიის გადაანგარიშების მუხლის აღდგენას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG