Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი მიწისძვრის უმნიშვნელო ეფექტი


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ვანიდან დაახლოებით 15 კილომეტრით სამხრეთით და ბაღდათიდან სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრის მოშორებით, 13 საათსა და 17 წუთზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც, სეისმოლოგების განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ ეპიცენტრში მიწისძვრის ეფექტი 7 ბალს აღემატებოდა. ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, ზარალი უმნიშვნელოა.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ვანისა და ბაღდათის რაიონების სიახლოვეს დაფიქსირებული 7-ბალიანი მიწისძვრა დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა, რასაც მსხვერპლი და დიდი ზარალი არ გამოუწვევია. მიწისძვრის უკვე შესუსტებული ბიძგები რამდენიმე საათის განმავლობაში აღინიშნებოდა, აცხადებენ სეისმური მონიტორინგის ცენტრში. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში ამბობენ, მიწისძვრის ბიძგებს კარგად შეიგრძნობდნენ ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მცხოვრები მოქალაქეებიც.

მაგალითად, ქუთაისში ადამიანებმა მიწისძვრის ბიძგები საკმაოდ კარგად იგრძნეს:

”თავიდან თითქოს გრიგალი ამოვარდა, ისეთი ხმაური იყო. მესამე სართულზე ვცხოვრობ, დივანზე ვიჯექი და რომ წამოვდექი და ზემოთ ავიხედე, ჭაღი წრიულად ქანაობდა. ქუჩაში რომ გადავიხედე, ხალხი აქეთ-იქით გარბოდა. ცხრასართულიანია ჩვენი შენობა და თითქოს ირწეოდა, ჭრიალის ხმა ისმოდა კედლებიდან”.

”ტელევიზორს ვუყურებდი და ხმაური შემომესმა, მერე რყევა ვიგრძენით, შენობიდან გამოვვარდი, სხვა ბინებიდანაც გამოცვივდა ხალხი, საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო და შეგვეშინდა. ცოტა პანიკაა, რომ კიდევ არ განმეორდეს ძლიერი ბიძგები. ისე, ცოტა ხანს გაგრძელდა ეს მიწის რყევა - ასე 30-35 წამის განმავლობაში”.

ბაღდათის რაიონის გამგებლის, დავით ტაბეშაძის, ინფორმაციით, რაიონში უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება რამდენიმე სახლს. ყველაზე მეტად სოფელ მეორე ოფჩაში მცხოვრები გენო გურულის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. როგორც დავით ტაბეშაძე აცხადებს, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოიპოვებს:

”ვინმე გენო გურულმა შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ კედელი ჩამოენგრა. მე ადგილზე ვიყავი მისული და ვნახე, რომ კედლიდან 5-6 აგური იყო ჩამოცვენილი. ძველი სახლია, ვერ ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვანი ზიანია”.

დავით ტაბეშაძის განცხადებით, თუ ზარალის შესახებ ინფორმაცია იქნება და ეს დადასტურდება, მის ანაზღაურებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს.

რაც შეეხება სეისმური სადგურების მუშაობას, საქართველოში სულ 30 სეისმური სადგური მუშაობს, რომლის დაახლოებით ნახევარი ცენტრს ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის. ვანის სიახლოვეს მომხდარი მიწისძვრის გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბარი სპეციალისტებს უჭირთ. საერთოდ, დედამიწის ქერქზე მუდმივად მიმდინარეობს ტექტონიკური ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრებს განაპირობებს, ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მიხეილ ელაშვილი. მისი ინფორმაციით, საქართველო და მთლიანად კავკასია საშუალო სიმძლავრის სეისმურ ზონაში მდებარეობს.

”ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით თუ განვიხილავთ, კავკასიის რეგიონი მდებარეობს საშუალო სეისმურობის ზონაში. არსებობს სეისმურად უფრო აქტიური ზონები, მაგალითად, იაპონია, კალიფორნიის შტატი, სამხრეთი ამერიკა... ანუ მათთან შედარებით ჩვენს რეგიონში გაცილებით ნაკლები სეისმურობა აღინიშნება. ძლიერი, დამანგრეველი, კატასტროფული მიწისძვრები, - რომლის მაგნიტუდაც 7-ს უდრის, ასეთი იყო 1991 წელს რაჭის მიწისძვრა, 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრა, - ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათად მეორდება. საერთოდ ყველა მიწისძვრა კონკრეტულ სეისმურ კერაზე ხდება და მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრის განმეორებადობა შეადგენს, საშუალოდ, ათასი წლის რიგს”, - ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მიხეილ ელაშვილი. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, ამ დრომდე მიწისძვრის პროგნოზირების სისტემა არ არსებობს.

მიხეილ ელაშვილს გარკვეულ ჩავარდნად მიაჩნია ის, რომ საქართველოში მოსახლეობა ცუდადაა ინფორმირებული მიწისძვრის დროს ქცევის წესების შესახებ. ასეთი არაინფორმირებულობა ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებულ პანიკას იწვევს, ზოგ შემთხვევაში კი გაუფრთხილებელ საქციელს. მისივე აზრით, საგანმანათლებლო ცენტრებში საზოგადოებას ამ მიმართულებით გარკვეული ინსტრუქტაჟი უნდა მიეცეს, რაც ჩვენთან არ ხდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებს მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG