Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელი კირბალი - ყველაზე სახიფათო ზონა


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი
ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ქართველი დააკავეს - რამაზ თაყაძე და კახა სამხარაძე მაშინ აიყვანეს, როცა სოფლის ეკლესიაში მივიდნენ. დაკავების მიზეზად რუსები ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ასახელებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი სოფლიდან 300 მეტრში იმყოფებოდნენ და აკრძალულ ტერიტორიაზე არ შესულან. თაყაძე და სამხარაძე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულნი არიან როგორც ქართველი სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთან კონტაქტი გუშინ 4 საათის შემდეგ შეწყდა.

რუს ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს და ოს კოლეგებს დღეს დილით ქართველი სამართალდამცავები დაუკავშირდნენ, მაგრამ მოლაპარაკება ხვალისთვის გადაიდო, რადგან ცხინვალში ნათლისღების დღესასწაული და დასვენების დღე მოიმიზეზეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კირბალი ყველაზე სახიფათო ზონად რჩება - ბოლო ორი წლის განმავლობაში მარტო ამ სოფლიდან რუსმა მესაზღვრეებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომელთა გათავისუფლებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდა. ამჟამად ცხინვალის ციხეში 4 კირბალელი რჩება.

სოფელი კირბალი ღრომის ხეობას ესაზღვრება, რომელიც ამჟამად რუსების მიერ არის ოკუპირებული. სოფელი გარშემორტყმულია მთებითა და ტყის მასივებით, სადაც ამჟამად ოსურ და რუსულ შეიარაღებულ ნაწილებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარც ტყეში გადის და ვეღარც სალოცავში. ამავე სოფლის ორი მცხოვრები - ბიძა–ძმისშვილი ვაჟა და ბექა თაყაძეები - სოფლის მიმდებარე ტყიდან შარშან თებერვალში აიყვანეს. ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და უშედეგოდ ელოდებიან გათავისუფლებას. კვირის ბოლოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს დაკავებულების გათავისუფლების საკითხს. ოსური მხარე კი, როგორც ცნობილია, დაკავებულების გაცვლას პრინციპით „ყველა–ყველაზე“ ითხოვს.
XS
SM
MD
LG