Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას „ბიპისა“ და „როსნეფტის“ გარიგების მიღმა


ედუარდ ხუდაინატოვი, "როსნეფტის" პრეზიდენტი და რობერტ დადლი, „ბიპის“ ერთ-ერთი დირექტორი
ედუარდ ხუდაინატოვი, "როსნეფტის" პრეზიდენტი და რობერტ დადლი, „ბიპის“ ერთ-ერთი დირექტორი
კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და აცხადებს, რომ რუსულ სანავთობო კომპანია „როსნეფტთან“ გარიგება ბიზნესია და არა პოლიტიკა. თუმცა კრიტიკოსები შეშფოთებით ფიქრობენ, რომ არქტიკის უდიდესი ნავთობსაცავების ათვისების თაობაზე დადებული კონტრაქტის უკან დგას პოლიტიკა და რომ კრემლი „ბიპის“ უკანონო გზით ხელში ჩაგდებული სანავთობო ინდუსტრიის „ლეგალიზებისათვის“ იყენებს.

ეს არის სამუშაო, რომელმაც მართლაც შეიძლება შეიძინოს მასშტაბური ხასიათი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სანავთობე და ბუნებრივი აირის წარმოებაზე.
კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ საქმიანობის ისტორია რუსეთში მართლაც პოლარულად განსხვავებულია. 2008 წელს პოლიციის შეიარაღებული რაზმი შეიჭრა „ბიპის“ მოსკოვის ოფისში, გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა მისი ხელმძღვანელობა და 5 საათი მისცა მის დირექტორს, რობერტ დადლის, იმისათვის, რომ დაეტოვებინა რუსეთი. მაშინ ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პოლიციის რეიდი ერთობლივი კომპანიის ხელში ჩაგდებას ემსახურებოდა. მაგრამ გასულ კვირაში დადლი მოსკოვში დაბრუნდა. „ბიპის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვითომ არაფერი მომხდარაო, იდგა რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინის გვერდით, რომელიც აქებდა „ბიპის“ რუსულ სახელმწიფო კომპანია „რუსნეფტთან“ დადებული მნიშვნელოვანი გარიგებისათვის:

„ეს არის სამუშაო, რომელმაც მართლაც შეიძლება შეიძინოს მასშტაბური ხასიათი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სანავთობე და ბუნებრივი აირის წარმოებაზე.“

ადამიანის უფლებები, საკუთრების დაცვის უფლება - ეს მხოლოდ სიტყვები და დეკლარაციაა პოლიტიკოსების ხელში და როცა საქმე ფულზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ ამ ფასეულობებს ნელ-ნელ ივიწყებენ.
დადლიმ იმედი გამოთქვა, რომ 8 მილიარდი დოლარის გარიგება ორ კომპანიას შორის „მძლავრი სიგნალი გახდება რუსეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობის კუთხით.“

და ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთის სასამართლომ სულ ახლახან ყოფილ ნავთობმაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის დამატებით კიდევ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიტიკური მოტივით შეთითხნილი ბრალდების გამო. როგორც რუსეთის ოპოზიციის წევრები და სამართალდამცველები ამბობენ, ხოდორკოვსკის დაპატიმრებით კომპანია „იუკოსი“დაიშალა, ხოლო მისი აქტივები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად „როსნეფტის“ ხელში გადავიდა.

რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის თქმით, დასავლური კაპიტალის ინვესტირებით კრემლი ცდილობს შეანელოს კრიტიკა ხოდორკოვსკის საქმის გამო:

პროექტები, რომლებსაც ვახორციელებდით და ვახორციელებთ „როსნეფტთან“ ერთად, სანქცირებულია რუსეთის მთავრობის მიერ ...
„ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საბაზისო ცნებები - ადამიანის უფლებები, საკუთრების დაცვის უფლება - ეს მხოლოდ სიტყვები და დეკლარაციაა პოლიტიკოსების ხელში და როცა საქმე ფულზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ ამ ფასეულობებს ნელ-ნელ ივიწყებენ.“

დასავლეთის სახელმწიფოები „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მიერ გაფორმებული გარიგების იგნორირებას მოახდენენ, - ამბობს ბორის ნემცოვი და მოუწოდებს ამერიკელ პოლიტიკოსებს, „ბიპის“„ბოლშოი პეტროლიუმ“ უწოდონ.

ასეთ კრიტიკას არაობიექტურს უწოდებს კომპანია „ბიპის“ წარმომადგენელი ჯერემი ჰუკი, რომელმაც რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში განაცხადა, რომ კომპანია რუსეთში მხოლოდ ბიზნესის საკეთებლად იმყოფება:

„პროექტები, რომლებსაც ვახორციელებდით და ვახორციელებთ „როსნეფტთან“ ერთად, სანქცირებულია რუსეთის მთავრობის მიერ და არსებობს ამ პროექტების მხარდაჭერა. და შეკითხვა, თუ საიდან არის აქტივები, ჯობს დაუსვათ „როსნეფტს“ ანდა რუსეთის მთავრობას.“

გასულ კვირაში რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტთან“ გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი „ბრიტიშ პეტროლიუმისათვის“ მოგების მიღების შესაძლებლობაა, მაშინ როდესაც გასულ წელს „ბიპის“ აღსასრულსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ მექსიკის ყურეში ნავთობის კატასტროფული რაოდენობის ჩაღვრის გამო. თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რას მოუტანს რუსულ კომპანიასთან გარიგება „ბრიტიშ პეტროლიუმის“ შელახულ ავტორიტეტს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG