Accessibility links

logo-print

ჩინეთს სურს, იუანი დოლარის ალტერნატივა გახდეს


ჩინეთისა და აშშ-ის დროშები

ჩინეთისა და აშშ-ის დროშები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ვიზიტის დღის წესრიგში უმთავრესი საკითხი ჩინეთის სავალუტო პოლიტიკაა. ვაშინგტონის კრიტიკის მიუხედავად, პეკინი არ აპირებს ეროვნული ვალუტის განმტკიცებას, რითაც ხელს უწყობს ჩინური ექსპორტის გაიაფებას და ცდილობს საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლარს იუანის სახით რეალური ალტერნატივა შეუქმნას.

ვაშინგტონში ჩასვლამდე ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ, ინტერვიუ მისცა „უოლ-სტრიტ ჯორნალსა“ და „ვაშინგტონ პოსტს“ და სავალუტო სისტემას, სადაც დოლარი დომინირებს, „წარსულის გადმონაშთი“ უწოდა. ამასთან, ჰუ ძინტაომ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჩინური იუანი საერთაშორისო ვალუტად იქცეს. აღნიშნულ პერსპექტივას ძნელად განსახორციელებლად მიიჩნევს ლონდონში არსებული საკონსულტაციო ცენტრ „კაპიტალ ეკონომიკსის“ წამყვანი სპეციალისტი მარკ უილიამსი:

ჰუ ძინტაო და ბარაკ ობამა
„მიუხედავად ჩინეთის დიდი ხნის სურვილისა, რომ იუანი ქვეყნის გარეთ უფრო ფართოდ გამოიყენებოდეს მიმოქცევაში, პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი რამ, რისი სწრაფად შეცვლაც ორ ან სამ წელიწადში შეიძლება. ამის ბოლომდე მისაყვანად ჩინეთს სჭირდება გრძელვადიანი განვითარება და ისე არაა, რომ, მაგალითად, წინსვლის მთავარი ნაბიჯები ამ კვირაში - პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს - გამოჩნდეს. ამას ჩვენ მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ დავინახავთ. ვფიქრობ, ჩინეთი გაატარებს მტკიცე პოლიტიკურ კურსს, რათა იუანი საზღვარგარეთ კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს“.

იუანის საერთაშორისო იმიჯის განსამტკიცებლად ჩინეთი უკვე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს. წელიწად-ნახევრის წინ იუანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა, ახლა კი შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მდებარე რამდენიმე ბანკმა ასევე დაუშვა ანგარიშის გახსნა ჩინურ ეროვნულ ვალუტაში. ჩინეთის შიგნით და მის გარეთ, სადაც ადრე დოლარი დომინირებდა, ახლა ვაჭრობისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იუანიც. ჰონკონგის მოსახლეობას სავალუტო ანგარიში იუანშიც აქვს გახსნილი. გასულ წელს პეკინმა უცხოურ კომპანიებს ნება დართო, მათი ვალი იუანში იქნეს გამოსახული. თუმცა, მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, იუანის მიმოქცევა საგრძნობლად დაბალია საიმისოდ, რომ დოლარს გლობალური მასშტაბით კონკურენცია გაუწიოსო, - ამბობს გარეთ ლეზერი, ლონდონში მოღვაწე ჩინეთის საქმეების ანალიტიკოსი:

„გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთს სურს, იუანმა მეტოქეობა გაუწიოს შეერთებული შტატების დოლარს, როგორც გლობალური დაგროვების საერთაშორისო ვალუტის სტატუსს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ვიდრე ეს მოხდება, ჩინეთის ეროვნული ვალუტა და სახელმწიფო აქტივები სრულად უნდა იყოს კონვერტირებადი. ასეთ ვითარებამდე ახლა საკმაოდ შორია და ბევრი დრო გავა, ვიდრე იუანი დოლარს ამ სტატუსში შეეცილებოდეს“.

ვაშინგტონი და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ არასწორი მონეტარული პოლიტიკის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკას. ვაშინგტონი მიიჩნევს,რომ ჩინეთი ეროვნულ ვალუტას დაბალ ნიშნულზე აჩერებს, რითაც დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს ჩინურ ექსპორტს... ჩინეთის ხელისუფლება კი შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას აკრიტიკებს ობლიგაციების მასობრივი შესყიდვის სტიმულირებისა და ინფლაციის ზრდისათვის, რაც პრობლემებს უქმნის მსოფლიოს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.
XS
SM
MD
LG