Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 20 იანვარი 2011

  • ნიკო ნერგაძე

ქართული პრესა დღეს ემზადება სამთავრობო ცვლილებებისათვის. ბევრია სპეკულაცია იმის შესახებ, თუ ვის მოხსნიან და ვისით ჩაანაცვლებენ.

რამდენიმე ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სახელს შეხვდებით. ”ვერა ქობალიას პრემიერ-მინისტრობისათვის ამზადებენ” - ასეთია დღევანდელი ”ახალი თაობის” მოწინავე სტატიის სათაური. ეს გახლავთ ინტერვიუ პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილთან, თუმცა ინფორმაცია ქობალიას შესაძლო გაპრემიერების შესახებ მას არ ეკუთვნის, თავად კორესპონდენტი ეკითხება, რას იტყვით ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობაზე ამის შესახებო და ცაგარეიშვილი პასუხობს, არ ვიცი, არაფერს გამოვრიცხავო... ”ყველა სიახლე” კი სტატიას ასე ასათაურებს: „ქობალიას გაპრემიერება - კადრი ჰიჩკოკის ფილმიდან”. ეს ფრაზა ექსპერტ გია ხუხაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ შესაძლო ცვლილებაზე ამბობს, ჩემთვის ეს ფანტასტიკის სფეროა და თუ ეს ასე მოხდა, იქნება კადრი ჰიჩკოკის ფილმიდანო. მოკლედ, ამ თემას გაზეთების პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით ნახავთ, თუმცა, რომ გადაშლით, შიგ ბევრს ვერაფერს წაიკითხავთ.

”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ ასევე ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ამბობს, ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრაც ხელისუფლებას არ ძალუძს და საქმეს პიარაქციებით ანაცვლებენო. "თუკი რეალური ეკონომიკური საფუძვლები არ შეიქმნა ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებისთვის, კონცერტებით პრობლემები არ გადაიჭრება. პიარაქციებით ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ იქმნება“, - უთხრა ირაკლი ილასანიამ გაზეთს და დასძინა: „საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებსაც ბოჩელის კონცერტი ნამდვილად ვერ გადაჭრის. სააკაშვილი არ სჯერდება ქვეყნის ტყუილით მართვას და ახლა უკვე უცხოელი ინვესტორებისთვის თვალის ახვევას ცდილობს...”

თუ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს შორის დაპირისპირების ახალი დეტალები გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ ”ალიას” ჩახედოთ, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურის ყოფილ უფროს ელისო კილაძესთან. ის ადასტურებს მანამდე ვალერი გელბახიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პატარკაციშვილმა თავის დროზე ოპოზიციას 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ის ასევე ახსენებს რეჟისორ სოსო ჯაჭვლიანს და ამბობს, მან 60 ათასი დოლარი აიღო ეგრეთ წოდებული სახალხო პატრულის ჩამოყალიბებისათვის, თუმც კი არაფერი გაუკეთებიაო. ”ალია” ამავე სტატიაში წერს, სოსო ჯაჭვლიანს კომენტარისთვის დავუკავშირდითო და მოჰყავს კიდევაც მისი კომენტარი, რომელიც არის დედის გინება ელისო კილაძის მიმართ და ასევე ჟურნალისტის მიმართ, თუ ის მის ციტატას სიტყვასიტყვით არ დაბეჭდავს. თუ უფრო დაწვრილებით დაგაინტერესებთ, მეტს ”ალიაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნახავთ.
XS
SM
MD
LG