Accessibility links

logo-print

ვეტერანებმა შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ


ვეტერანთა ორგანიზაციამ ”საქართველოს ლეგიონმა” დღეს განაცხადა, რომ კანონიერი გზებით იწყებს სამართლისთვის ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო პროტესტის ნიშნად ვეტერანთა მიერ დაწყებული მშვიდობიანი აქცია; 11 დაკავებული პირი კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითაა გასაჩივრებული. იურისტებთან დღევანდელი შეხვედრისას საქართველოს ლეგიონის ხელმძღვანელმა, თადარიგის გენერალმა გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ თუნდაც ერთი იურისტის მიერ ვეტერანთა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ისინი აღიარებისთვის მზად არიან. გია ყარყარაშვილმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, რომლის შეფასებით, ვეტერანთა აქცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა, მისი დაშლა კი, უკანონობა იყო. საქართველოს ლეგიონის ოფისში დღეს შეკრებილი საერთაშორისო სამართლის ექსპერტების დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ვეტერანების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლო იყო. თუ სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, ვეტერანები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG