Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის საქმე და წიგნი


რუსეთი: მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი წიგნით „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები“
რუსეთი: მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი წიგნით „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები“
მოსკოვში გაიმართა რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანის, ახლა კი ყველაზე ცნობილი პატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნის პრეზენტაცია. სათაურია „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები“. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, წიგნი უკვე იყიდება მაღაზიებში და დიდია მისდამი ინტერესი.

წიგნში „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები“ შევიდა სტატიების კრებული „მარცხენა მოსახვევი - 1,2,3“ და ცნობილი პატიმრის მიმოწერა მწერლებთან გრიგორი ჩხარტიშვილთან, ბორის სტრუგაცკისთან და ლიუდმილა ულიცკაიასთან.

წინასიტყვაობის ავტორია ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი, რომელმაც წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ხოდორკოვსკის საქმე ჩვენი დროის ისტორიული მოვლენაა. ის არის ინდიკატორი ქვეყანაში მიმდინარე ბევრი, შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისა, საკუთრების უფლებით დაწყებული და სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული და ა.შ. და ა.შ. ციხიდან ხოდორკოვსკოს გამოსვლას, რაც, რასაკვირველია, ოდესმე მოხდება, ერთი ეპოქის დასრულებისა და სხვა ეპოქის დაწყების მნიშვნელობა ექნება“.

თუმცა, ხოდორკოვსკის ციხიდან გამოსვლამდე, რასაც პარფიონოვი წინასწარვე მიაკუთვნებს მთელი ეპოქის დასრულების მნიშვნელობას, კიდევ ბევრი დროა. გასული წლის მიწურულს სასამართლომ მოსკოვში, როგორც ცნობილია, 6 წლით გაუგრძელა პატიმრობა ხოდორკოვსკის და მის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევს. ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ სცნეს საკუთარი კომპანიისაგან 27 მილიარდამდე დოლარის ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში. ახალი განაჩენის შედეგად, ის 2017 წლამდე დარჩება ციხეში.

ხოდორკოვსკის წიგნის დღევანდელ პრეზენტაციაზე მისულებს შორის იყვნენ მისი მშობლები და ადვოკატები, იყვნენ უფლებადამცველები ლიუდმილა ალექსეევა და სერგეი კოვალიოვი, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხაილ კასიანოვი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი. ამ უკანასკნელმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ მობრძანდით პრეზენტაციაზეო, უპასუხა „წესიერ ხალხში ყოფნა მინდოდაო“...

უფრო ვრცელი იყო უფლებების დამცველი ხანდაზმული აქტივისტის, ლიუდმილა ალექსეევას პასუხი. მან განაცხადა, რომ წაკითხული აქვს ხოდორკოვსკის სტატიები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ მიაჩნია.

„მე წაკითხული მაქვს მისი სტატიები და, რაც მთავარია, მოსმენილი მაქვს მისი გამოსვლები სასამართლოში. ბოლო გამოსვლა მაინც განსაკუთრებული იყო! უნდა გითხრათ, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის ძალიან ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი. ადამიანური თვალსაზრისით, ის ამ წლებში საოცრად გაიზარდა. გამაოგნებელია, მაგრამ პატიმრობის წლებს მისთვის ამაოდ არ ჩაუვლია - ადამიანური თვალსაზრისით“, - ამბობს ალექსეევა და დასძენს, ხოდორკოვსკის ციხეში ყოფნისას ნამდვილი მოქალაქე გახდაო.

ხოდორკოვსკის „გაზრდაზე“ ისაუბრა მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმაც, რომელსაც დღევანდელ ღონისძიებაზე არ მოიხსენიებდნენ ფსევდონიმით - ბორის აკუნინად. როგორც წეღან უკვე ვთქვით, ხოდორკოვსკის ახალ წიგნში მასთან ჩხარტიშვილის მიმოწერაც არის შესული.

წიგნი საინტერესოა ლიტერატურული თვალსაზრისითაცო, აღნიშნავს ჩხარტიშვილი. მისი შეფასებით, „ჩანს, როგორ გარდაიქმნება მიხაილ ხოდორკოვსკი, ბიზნესმენი და საქმიანი სტატიების ავტორი - საკუთარი, ინდივიდუალური სტილის მქონე ავტორად. როცა ჩვენი მიწერ-მოწერა დაიწყო (თითქმის სამი წლის წინ), იყო შემთხვევები, როცა მას ვთხოვდი, აეხსნა, რას გულისხმობდა წერილის ამათუიმ მონაკვეთით, რადგან აზრი არც ისე მკაფიოდ იყო გამოხატული. ახლა ის ძალიან ძლიერ ტექსტებს წერს“. ეს შეფასება გამოთქვა მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმა მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნის „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები“ პრეზენტაციაზე, რომელიც ხუთშაბათს მოსკოვში გაიმართა.

წიგნში შესული ტექსტები, გავრცელებული ინფორმაციით, ეხება რუსეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, მის ისტორიას და მომავალს. წიგნის რეალიზაციიდან მიღებული მთელი მოგება მოსკოვის ერთ-ერთ ლიცეუმ-ინტერნატს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG