Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში გუანტანამოელ ტყვეთა საქმე განახლდება


მომდევნო კვირებში შეერთებული შტატების სამხედრო გამომძიებლებმა შესაძლოა დაიწყონ გუანტანამოს პატიმრების საქმის გამოძიება, პირველად მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა პრეზიდენტად აირჩიეს. „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აპირებს მოუხსნას აკრძალვა გუანტანამოს სამხედრო ციხის პატიმრების წინააღმდეგ ახალი საქმეების აღძვრის გადაწყვეტილებას.

გუანტანამოს სამხედრო ციხის ზოგიერთი ტუსაღი სულ მალე წარდგება სამხედრო გამომძიებლების წინაშე, ნათქვამია „ ნიუ იორკ ტაიმსის“ 19 იანვრის ნომერში. გამოცემის თანახმად, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აპირებს გააუქმოს გადაწყვეტილება კუბაში განლაგებულ ამერიკის სამხედრო ციხეში მყოფი პატიმრების ახალი საქმეების გამოძიების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გუანტანამოელ პატიმრებზე 2009 წელს, ზუსტად ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს, იქნა მიღებული.

ბარაკ ობამა თავიდანვე დებდა პირობას, რომ ზოგიერთი პატიმრის სისხლის სამართლებრივი დევნა სამოქალაქო სასამართლოში წარიმართებოდა და პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში დახურა სადავოდქცეული საპატიმრო.

მაგრამ კონგრესმა გასულ კვირას არ დაამტკიცა სამხედრო ხარჯები, რომელიც საჭირო იყო პატიმრების გადასაყვანად შეერთებული შტატების ილინოისის შტატში მდებარე ციხეში, რითაც ხელი შეუშალა ადმინისტრაციის განზრახვას ჩვეულებრივ სასამართლოში მომხდარიყო სამხედრო პატიმრების საქმის გამოძიება.

თანახმად „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციისა, რომელიც ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, უახლოეს კვირებში დაიწყება სასამართლო გამოძიება გუანტანამოს ციხის 30 პატიმარზე. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა იყოს აბდალ რაჰიმ ალ ნაშირი, საუდის არაბეთის მკვიდრი, რომელიც ბრალდებულია ამერიკის სამხედრო გემ კოლის წინააღმდეგ განხორციელებულ 2000 წლის დაბომბვაში, რასაც 17 მეზღვაური ემსხვერპლა.

თუკი გამოძიება შედგება, ნაშირი იქნება ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველაზე მთავარი დამნაშავე, რომელიც ტრიბუნალის წინაშე წარდგება.

ამასთან, ნაშირი ერთ-ერთია იმ სამ პატიმარს შორის, რომლების მიმართაც ე.წ. „ვოთერბორდინგის“, ანუ დახრჩობის, სიმულაცია იქნა გამოყენებული, როდესაც ისინი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეში იმყოფებოდნენ. პოლონელმა პროკურორებმა, რომლებიც ერთ-ერთ, უკვე დახურულ, საიდუმლო ციხეში აწარმოებდნენ გამოძიებას, აბდალ ნაშირს „მსხვერპლის სტატუსი“ მიანიჭეს.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, სასამართლო ელოდება ასევე აჰმედ ალ დარბის, ასევე საუდის არაბეთის მკვიდრს, რომელსაც სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებზე არშემდგარი თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი.

გუანტანამოში ამჯერად 170 პატიმარი იმყოფება. მათ შორის არის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი. გუანტანამოს ციხეს, როგორც საპყრობილეს, სადაც პატიმრებს აწამებენ და სასტიკად ეპყრობიან, ადამიანის უფლებათა დამცველები მძაფრად აკრიტიკებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG