Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა თბილისში - კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან -დევნილთა გამოსახლების პროცესზე წერს. ”24 საათი” – ”დევნილთა გამოსახლება-განსახლება”; ”ახალი თაობა” – ”დევნილთა გამოსახლების ახალი ეტაპი დაიწყო. ოპოზიცია დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს”; ”რეზონანსი” – ”გამოსახლებული დევნილები პარლამენტთან კარვების გაშლას გეგმავენ”.

”ახალი თაობის” პუბლიკაციაში დევნილების ციტატებია: ”არც კი გამიგია, ისეთი სოფლები დასახელდა. როგორ შეიძლება ძალადობა გამოიყენო შენივე მოქალაქის წინააღმდეგ. ასეთი დამცირება ჩვენ არ გვეკუთვნის”, - ამბობს ერთი დევნილი. მეორე დევნილის კომენტარი: ”არჩევნების წინ გიგი უგულავამ გვითხრა, ვინც თბილისში ცხოვრობთ, ყველა დევნილები თბილისელები ხართო. ახლა უნდა დავტოვო თბილისი და ფოცხოში წავიდე? ახლა რომ გასახლებით გვემუქრებიან, 18 წლის წინ რატომ მოგვცეს თბილისში სტატუსი? მაშინ 20 ლარი ღირდა რაიონში ქირა და იმას გადავიხდიდი. საქართველოში, ალბათ, პერსპექტივა აღარ გვაქვს. 50 წლის ქალი ვარ და სამსახურსაც ვერ ვშოულობ.”

”რეზონანსი” პირველ გვერდზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის შვილის დაპატიმრების შესახებ აქვეყნებს სტატიას. წერს იმაზეც, რომ ”ლარსის საბაჟოზე ყველა ჩრდილოკავკასიელს არ ატარებენ”.

”რეზონანსი” ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს სომხეთში. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერევანში პრეზიდენტთან ერთად ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც, რომლის ვიზიტიც ბაქოში დღეს მთავრდება და ის, რომ ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრის თემა თავის კოლეგასთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აუცილებლად იქნებოდა გაზსადენის პრობლემა და, საერთოდ, ენერგომარშრუტების პრობლემა, ეს უკვე ძნელი სავარაუდო არ არის, ვინაიდან სომხეთი მშობიარობასავით ძნელად აღიქვამს თბილისი-ბაქოს ნებისმიერ კონტაქტს, მით უმეტეს ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხში, და მის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენის რეალური პერსპექტივა”, - უთხრა სოსო ცინცაძემ ”რეზონანსს”.

პრესა კვლავ და კვლავ უბრუნდება ოპოზიციაში მიმდინარე ცნობილ დაპირისპირებას, რაც გასული წლის ბოლოს ”ასავალ-დასავალში” ბადრი ბიწაძის ინტერვიუს გამოქვეყნებით დაიწყო. ”ვერსიის” კორესპონდენტი რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან ინტერვიუს სწორედ ამ თემას უთმობს: ”ვისაც ერთმანეთთან გასარჩევი აქვს, რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ამას, უკეთესია. ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს გასარჩევი. არავის პოლიტიკური, ფინანსური ან რაიმე სხვა ტიპის ვალი არ გვაქვს. გაარკვიონ, გაარჩიონ, ჩამოყალიბდნენ... ეს ჩვენი საქმე და გადასაწყვეტი არ არის”.

ოპოზიციის ამბებს ვრცელ სტატიას (გაგრძელების დაპირებით) უძღვნის ”საქართველოს რესპუბლიკა”, სათაურით - ”შეგნებულად აგორებული სკანდალის ირგვლივ”.

”ვერსიაში” ქვეყნდება ინტერვიუ ვეტერანთა დეპარტამენტის უფროს ნუკრი ცაგარეიშვილთან. ის ამბობს: ”ამდენი ხანია ვითხოვ, ვიცოდე, რა თანხაზე მქონდეს გათვლა, რომ ვეტერანებს დავეხმარო, მაგრამ ამაოდ. უამრავ მოხსენებით ბარათს ვწერ მთავრობის სახელზე, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვ, მითხრან, სად არის ვეტერანების ფული. მე ნუ მომცემენ, მაგრამ ვიცოდე, რომ ამ ხალხის სახელზე ბიუჯეტი არსებობს.”

”24 საათი” ევროპარლამენტის მიერ შავი ზღვის ქვეყნების მიმართ სტრატეგიაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ წერს - ”სამართლებრივი ნიადაგი დეოკუპაციისთვის”. ავტორი წერს, რომ ”ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელშიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ სიტყვა ”ოკუპაცია” ოფიციალურად ჩაიწერა. ევროპარლამენტის ახალი სტრატეგიის ამოქმედება მოულოდნელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის”.
XS
SM
MD
LG