Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უწყებათა უმრავლესობა საჯარო ინფორმაციას მალავს

  • ნინო როდონაია

ანა მდინარაძე და ლევან ავალიშვილი

ანა მდინარაძე და ლევან ავალიშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით, გასული წლის ბოლოდან დაიწყო პროექტი ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა.” მისი მიზანია საჯარო უწყებათა ანგარიშვალდებულების გაზრდა, სახელმწიფო თანხების ხარჯვის ეფექტურობა და გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება. საჯარო ინფორმაციის მოპოვების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ამ კვირაში ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თბილისის მერიას, შინაგან საქმეთა, განათლების და მეცნიერების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს. უფრო ადრე, დეკემბრის ბოლოს, ადმინისტრაციული საჩივარი გაეგზავნა თავდაცვის სამინისტროს.
”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას” საქართველოს პარლამენტი ახლახან შეემატა. მისგან, ისევე როგორც მანამდე სამინისტროებისგან, ითხოვეს საჯარო ინფორმაცია სახელფასო ფონდის, პრემიების, სამივლინებო, ავტოპარკისა და საკომუნიკაციო ხარჯის, განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების, ტენდერებისა და შესყიდვების შესახებ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად 21 დეკემბერს გაგზავნილ შეკითხვებს პასუხისმგებელმა პირმა პარლამენტიდან 3 იანვარს უპასუხა ორგვერდიანი, ზოგადი მონაცემების შემცველი წერილით. მაგალითად, თუკი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს დაწვრილებით აინტერესებდა დეპუტატების და პარლამენტის თანამშრომელთა სამივლინებო თანხა, საპასუხოდ მხოლოდ ის აცნობეს, რომ 2010 წელს მივლინებისთვის განკუთვნილი მთლიანი თანხა მილიონ 200 ათას ლარს შეადგენდა. პარლამენტიდან მიღებულ პასუხს ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” პროექტის კოორდინატორი ანა მდინარაძე კანონით განსაზღვრული ვალდებულების ფორმალურ შესრულებად აფასებს. არადა, მისივე თქმით, უპირველესად, სწორედ პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, მოეთხოვება საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება. ”თუ ამას პარლამენტი არ აკეთებს და თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის, სხვა სტრუქტურები ამას უკვე მაგალითად იყენებენ და საკმაოდ ძნელია მათი გაკრიტიკება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ანა მდინარაძეს პარლამენტში განუმარტეს, რომ პასუხი მოკლე დროში მომზადდა და, მოთხოვნის შესაბამისად, დეტალური ინფორმაციის გაცემაც შესაძლებელია, 6 იანვარს პარლამენტს შეკითხვები კვლავ გაეგზავნა. მისგან ამ კვირაში მიღებულ წერილში კი ნათქვამია, რომ წინა წერილით პასუხი უკვე გაცემულია - მაგალითად, ის, რომ, ”პარლამენტის წევრის შრომითი ანაზღაურების კანონით,” დეპუტატის ხელფასი 2 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ანა მდინარაძე ამბობს, ცნობილია, რომ ეს თანხა მინიმალურია და რანგების მიხედვით იზრდება. მისივე თქმით: ”რაც შეეხება პრემიებს, პარლამენტმა, რამდენიმე სამინისტროს მსგავსად, მოიშველია კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომ ეს არის პარლამენტის წევრის პირადი ინფორმაცია და არ ექვემდებარება გაცემას. თუმცა არც ერთი სამინისტრო და არც პარლამენტი რატომღაც არ იხსენიებს და გვერდს უვლის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლს, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ თანამდებობის პირის პირადი ინფორმაცია ღიაა და მის გასაცემად ამ პირისგან არანაირ თანხმობას არ საჭიროებს.” კანონის ეს ნორმა პარლამენტს ახალ - ამჯერად 18 იანვრით დათარიღებულ - წერილში შეახსენეს და პასუხს 1 თებერვლისთვის ელიან.

რატომ იმალება საჯარო ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიის და ხელფასის შესახებ, გაუგებარია ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” პროექტის ავტორის ლევან ავალიშვილისთვის, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ერთ კონკრეტულ გარემოებას. ”თავის მხრივ, გასაგებია, რომ საქართველოში პენსიები და ხელფასები ძალიან დაბალია და არ სურთ გამოაჩინონ ეს ყველაფერი. მაგრამ, თავად კანონმდებლობის მიხედვითაც, თანამდებობის პირთა ხელფასები, პრემიები და, საერთოდ, მთელი ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს ღია, რადგან გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას უწყობს ხელს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ავალიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებები საზოგადოების მოთხოვნამდე საჯაროდ თავად უნდა აქვეყნებდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, რათა არავინ იფიქროს, რომ რაღაცას მალავენ. ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა ხელფასის და პრემიის თემა მედიისთვის დღეს რატომღაც უფრო აქტუალურია, მაშინ როდესაც გაცილებით საინტერესოა, რა პროგრამები აქვთ სახელმწიფო უწყებებს, როგორ და რისთვის ხარჯავენ თანხას და რა შედეგს აღწევენ. ლევან ავალიშვილის თქმით: ”დავუშვათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელსაც 12 შეკითხვა გაეგზავნა, არ სურს საჯარო იყოს ინფორმაცია პრემიის და ხელფასის შესახებ. მაგრამ გაუგებარია დუმილი ისეთ საკითხებზე, რომლის საჯაროობითაც დაინტერესებული თავად უნდა იყოს. მაგალითად, რა გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს წინსვლის და განვითარების პროგრამით?! ამის გამოქვეყნება ხომ მათი ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმა გახდება.”

ანგარიშვალდებულების ერთგვარ ბარომეტრად ლევან ავალიშვილი ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ვებგვერდს (www.opendata.ge) მიჩნევს. ამ მხრივ, ჯერჯერობით უპირობო ლიდერია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელმაც ინფორმაცია დროულად გასცა გასული 2 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პრემიების შესახებ. საერთო თანხა დაახლოებით 311 ათასი ლარია. თუმცა, სხვა თვეებისგან განსხვავებით, შარშანდელი დეკემბრის პრემიათა ჩამონათვალში მხოლოდ მინისტრის მიერ მიღებული თანხა 3 200 ლარია მითითებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს სამინისტროდან განუმარტეს, რომ თანამშრომლები საკუთარი პრემიების საჯაროდ გამოქვეყნებაზე ამჯერად არ დათანხმდნენ. მათ, თანამდებობის პირებისგან განსხვავებით, ამის უფლება აქვთ.

ანა მდინარაძის თქმით, თანამშრომლობის სურვილით გამოირჩევიან გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებსაც მოსდევენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დიასპორის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთა აპარატები. როგორც ანა მდინარაძე ამბობს: ”ჩვენი მიზანი არ არის სკანდალების აგორება. ჩვენი მიზანი არ არის, რომ დავუშვათ, 10 დღიანი ვადის გასვლისთანავე, მე-11 დღეს შევიტანოთ საჩივარი და ხმამაღალი განცხადებები გავაკეთოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათთან ვითანამშრომლოთ. ვურეკავთ, შემდეგ ველოდებით, პირადად მივდივართ. თუ გვთხოვენ, რომ დრო სჭირდებათ და ინფორმაციის გაცემა რაღაც პრობლემებთანაა დაკავშირებული, ამასაც ვითვალისწინებთ.”

მსგავსი მიდგომის მიუხედავად, ანა მდინარაძის თქმით, საჯარო ინფორმაციის მიღება კვლავ შეუძლებელია შინაგან საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებისგან. თუმცა პასუხმა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მიიღეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ანა მდინარაძემ რადიო თავისუფლებას უამბო: ”ქალბატონმა, რომელიც პასუხისმგებელი პირია, განგვიცხადა, რომ არ არის ვალდებული ინფორმაცია მოგვცეს. მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც გეუბნება, რომ, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ინფორმაციას, უბრალოდ, ვერ მოგცემთ. მაგრამ ეს იყო განცხადება, რომელმაც დიდი გაოცება გამოიწვია. ეს არაეთიკურიც არის მაშინ, როდესაც კანონმდებლობა ინფორმაციის გაცემას გავალდებულებს.”

ანა მდინარაძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება შეუძლებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის მერიისგანაც. მისივე თქმით, მერიაში 3 თვის განმავლობაში განუმარტავდნენ, რომ ინფორმაცია მზად აქვთ და უახლოეს დღეებში გაუგზავნიან, ახლახან კი პირდაპირ განუცხადეს, თუ ვერ მიიღებთ, გაასაჩივრეთო. ”მსგავსი მოქმედებით პასუხისმგებელი პირები, მართალია, კანონს არღვევენ, მაგრამ ამის გამო ვერაფერს მოსთხოვ, რადგან ბერკეტი არ არსებობს. თუ დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ დაუმტკიცე, რომ ის არამართლზომიერად მოიქცა, ერთადერთი, რაც მას შეიძლება დაეკისროს, ეს არის ადმინისტარციული პასუხისმგებლობა მინისტრის მხრიდან”, - განმარტავს ლევან ავალიშვილი.

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში, ადრე შესაძლებელი იყო პირდაპირ სასამართლოში ჩივილი, მაგრამ ამჟამად პროცედურა გართულებულია და მანამდე ყველა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან პირს უნდა მიმართო, თავად სასამართლოში საჩივლელად კი უკვე 100 ლარიანი ბაჟია დაწესებული. მიუხედავად ბარიერებისა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას რაც შეიძლება მეტი მოქალაქისა და არამხოლოდ ცალკეული ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ლევან ავალიშვილი აუცილებლად მიიჩნევს: ”ის პროცესი, რასაც საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება ჰქვია, ბულგარეთში ასეთივე არასამთავრობო სექტორის გავლენით 90-იანი წლებიდან დაიწყო. დღეს ბულგარეთი, ინფორმაციის გამოთხოვის სტატისტიკით, ნომერი პირველი ქვეყანაა. ნახეთ დასავლეთის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სტატისტიკა! ათიათასობით და ასიათასობით მოთხოვნაა თავად საზოგადოებისგან, რადგან ის ცდილობს ინფორმაციის მიღებას. საქართველოშიც, უპირველესად, სწორედ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს ვალდებულება, რათა თავის მიერ არჩეული ხელისუფლება ანგარიშვალდებულად აქციოს.”
XS
SM
MD
LG