Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ლტოლვილთა სამინისტროს დევნილების კანონიერი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს


სახალხო დამცველმა მოუწოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, არც ერთი გამოსახლებული დევნილი არ დარჩეს კუთვნილი საცხოვრებლის, ან კომპენსაციის გარეშე; შეთავაზებული ალტერნატივა ადეკვატური იყოს; მკაცრად დაიცვას კანონითა და სტანდარტული პროცედურით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა, რაც მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას არ მოიცავს. კერძოდ, საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია სამუშაო ადგილები, არსებობს სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური მომსახურების ობიექტი. რაც შეეხება სამეგრელოს იმ სოფლებს, სადაც სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელს სთავაზობს, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს, არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, არ არსებობს აფთიაქი და სკოლა, ჯერჯერობით გაურკვეველია გადაეცემათ, თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და განხორციელდება, თუ არა მათი დასაქმების ხელშემწყობი პროექტები.
XS
SM
MD
LG