Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირანაში საპროტესტო აქციას სამი ადამიანი ემსხვერპლა


ალბანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, სამი ადამიანი ემსხვერპლა დღეს, ტირანაში მომხდარ შეტაკებას ალბანეთის ოპოზიციური, სოციალისტური პარტიის მომხრეებსა და პოლიციას შორის. პოლიციის განცხადებით, მათ ცეცხლი გაფრთხილების მიზნით გახსნეს - ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას ოფისის წინ. ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვლილები პოლიციის მიერ ნასროლ ტყვიებს თუ ემსხვერპლნენ. მანამდე ბერიშას ოფისთან დაახლოებით 20,000 ადამიანი მივიდა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. დემონსტრანტები სამთავრობო კორუფციის შესახებ ცნობებით იყვნენ აღშფოთებული და მთავრობის სახლს ჯოხებს და ქვებს ესროდნენ. მათ პოლიციის მანქანაც გადაატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს. პრეზიდენტი ბამირ ტოპი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. სოციალისტების ლიდერი, ედი რამა - რომელიც ამავდროულად ქალაქ ტირანის მერიც არის - აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. თუმცა, რამამ ამავდროულად დასძინა, რომ ბერიშამ უნდა გაითვალისწინოს მასობრივი დემონსტრაციებისგან მიღებული მესიჯი.
XS
SM
MD
LG