Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღება, უმთავრესად, აშშ-ში ჩინეთის ლიდერის სტუმრობას დაეთმო.

გაზეთი „ლოს ანჯელეს ტაიმსი“ ბარაკ ობამას და ჰუ ძინტაოს შეხვედრას აანალიზებს ამ ჭრილში: „არაერთი საზომი არსებობს პრეზიდენტ ობამას და ჩინეთის პრეზიდენტის, ჰუ ძინტაოს სამიტისა, მაგრამ ერთმა მიიქცია მეტი ყურადღება: დაიცვა ობამამ საკმაოდ ადეკვატურად ადამიანის უფლებები ჩინეთში?“ იქვე გაზეთი წერს, ვაღიარებთ, რომ ობამას მოეთხოვებოდა ბალანსი დაეცვა პრინციპებსა და პროტოკოლს შორისო. პრინციპული ნაწილი პირადი შეხვედრების დროს განხორციელდა, თვლის „ლოს ანჯელეს ტაიმსი“, რომელიც ამავე დროს კვლავ შეკითხვას სვამს, შეეძლო ობამას უფრო მეტი გრძნობით და უფრო მძაფრად ელაპარაკაო? რა თქმა უნდა, შეეძლოო, თვლის გაზეთი. ის პრაგმატიზმისა და პრინციპულობის თემაზე წერს და მოჰყავს აშშ-ის ისტორიიდან მაგალითი, როცა, პრაგმატიზმმა გადააწყვეტინა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯერალდ ფორდს, არ შეხვედროდა ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, მწერალ ალექსანდრ სოლჟენიცინს, რათა მოსკოვთან ურთიერთობის განმუხტვას ხელი არ შეშლოდა. ეს პრაგმატიზმი განსაზღვრავს ჩინეთისა და აშშ-ის ახლანდელ ურთიერთობასაც. ორი სახელმწიფო ერთმანეთზეა ეკნომიკურად დამოკიდებული. ჩინეთთან თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების შესაკავებლად. ამ პირობებშიც, ობამამ შეძლო ჰუს ყურადღება მიემართა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევისკენ და ეს გონივრული ნაბიჯი იყო, - ასეთ შეფასებას აძლევს ბარაკ ობამას „ლოს ანჯელეს ტაიმსი“. “ვაშინგტონ პოსტი“ უკვე სამიტის ბოლოს წერდა, რომ შეხვედრა გამარჯვება იყო კომუნისტური პარტიისა და თვით ჰუსთვის, რომელმაც ცერემონიებისადმი ჩინეთის მთავრობის ნდობა გამოხატა და ამით საკუთარ ხალხში ავტორიტეტი აიმაღლა.

ჩინეთის სახელმწიფო გაზეთებში ჰუსა და ობამას უამრავი ფოტო დაიბეჭდა, რაც არც ისე მოქნილი მესიჯია იმის შესახებ, რომ ჩინეთი აშშ-ის თანასწორუფლებიანი პარტნიორია მსოფლიო არენაზე. „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიაში მოკლედაა შეფასებული იგივე თემა. „პრეზიდენტმა ობამამ ოთხშაბათს ნატიფად, მაგრამ მკვეთრად უბიძგა ჩინეთს, დაიცვას ადამიანის უფლებები, თუმცა შეეცადა მეტი ყურადღება მიექცია ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის აშშ-სა და მის ყველაზე დიდ ეკონომიკურ მეტოქეს შორისო“, წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. ევროპაშიც ბევრი დაიწერა ამ თემაზე. გერმანიაში, მიუნხენში გამომავალი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ აქებს ობამას: ობამამ აჩვენა, რომ დასავლეთმა ჩინეთის მიმართ უფლებების სფეროში ქედი არ უნდა მოიხაროს. ეს ორმაგი სიტყვიერი დარტყმა იყო: მან ჯერ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაოდ უნდა მოქმედებდეს და შემდეგ სტუმარს ეშმაკურად ურჩია, მათი დაცვა ის გზაა, რომელიც ჩინეთის აღმასვლას დააჩქარებსო. ეს აღსანიშნავი განსხვავებაა მისი წინამორბედისგან, რომელიც უფლებების დაცვაზე მისიონერული მგზნებარებით ლაპარაკობდა, მაგრამ ამით ძალიან ცოტას აღწევდა.

ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფო ტუნისში მღელვარებასა და მთავრობის შეცვლაზე წერდა ორი დღის წინ ბრიტანეთის „გარდიანი“ სტატიაში, სათაურით „ტუნისს ნამდვილი თავისუფლება სჭირდება“: „არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი დასჭირდა, დიქტატორული რეჟიმების დასასრული ყოველთვის სიურპრიზებს გვთავაზობს. ტუნისში გასულ კვირაში ზინე ალ აბიდინ ბენ ალის სასტიკი 23 წლიანი მმართველობა უცბად დასრულდა, რაც ქუჩაში გასული დემონსტრანტებისთვისაც მოულოდნელი იყო. ისინი მამაცურად ხვდებოდნენ ტყვიებს, ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლს და იმედოვნებდნენ, რომ თავისუფლებაზე მათი ოცნება მალე ახდებოდა.“ იქვე, ქვემოთ, გაზეთი განაგრძობს, ამ ამბების შემდგომ გაირკვა, რომ დიქტატურა დაეცა, მაგრამ მაინც დარჩაო. ტუნისელებს ეგონათ, რომ წარსულში დაბრუნდნენ, როცა ტელევიზორები ჩართეს და კვლავ ნაცნობა სახეები დაინახეს...მოჰამედ ღანუში, მათი არც ისე ახალი პრემიერი, ბენ ალის მარჯვენა ხელი იყო. ის, ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, განუყრელი იყო ბენ ალისთან, მის მიმართ მარად ლოიალური, რომელმაც თქვა კიდეც, რომ ახლაც კონტაქტი აქვს გაქცეულ პრეზიდენტთან. ამ ვრცელი სტატიის ბოლო მონაკვეთი მინდა ასევე გაგაცნოთ. იქ წაიკითხავთ, რომ ახალი გაერთიანებული მთავრობის გადაწყვეტილებები - გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, მოუხსნან აკრძალვა მედიას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს - ბევრი ტუნისელისთვის ნაცნობია. მათ ახსოვთ 1987 წელს ბენ ალის დაპირებები, ბენ ალისა, რომელიც მაშინ ლაპარაკობდა დემოკრატიისა და თავისუფლების ახალ ეპოქაზე, რასაც ტუნისელები 23 წელიწადი ელოდნენ. როგორც გუშინდელი პროტესტი აჩვენებს, წერდა „გარდიანი“ 20 იანვარს, მათ აღარ სურთ დიდხანს ლოდინი.

ტუნისის ამბების ფონზე არაბულ ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და ამ ტალღის გავრცელებაზე წერს ასევე ბრიტანული გაზეთი „ინდიპენდენტი“. ტუნისში დაიწყეს იმ მილიონების ძებნა, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულმა პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა გაიტანა. ამ დროს კი არაბული სახელმწიფოების ლიდერები შეშფოთებას გამოხატავენ იმის მოლოდინში, რომ ეკონომიკურმა პირობებმა ტუნისის მსგავსი მღელვარება ყველგან შეიძლება გამოიწვიოს. გაზეთი ჩამოთვლის ინციდენტებს და წერს, რომ ალჟირში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა თავისი გულისწყრომა გამოეხატა სურსათის ფასების ზრდის გამო; იორდანიაში ხალხმა უკმაყოფილება გამოხატა უმუშევრობის გამო. გამოსვლები იყო ეგვიპტეში, ომანში, იემენში. არაბთა ლიგის გენერალური მდივნის ამრ მუსას სიტყვები მოჰყავს „ინდიპენდენტს“: „ტუნისის რევოლუცია ჩვენგან შორს არ არის“. არაბი მოქალაქეების გულისწყრომამ და იმედგაცრუებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწიაო, უთქვამს მუსას, რომლის სიტყვები, გაზეთის აზრით, არაბული ქვეყნების ლიდერების მიმართ მოწოდებაა, ყურადღება მიაქციონ მაღალ უმუშევრობას, სურსათის ფასების ზრდას და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს. მუსას მოწოდების შეფასება მოჰყავს გაზეთს, რომელიც ეკუთვნის „ჩეთჰემ ჰაუზის“ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის ხელმძღვანელს, კლეარ სპენსერს. სპენსერი ფიქრობს, რომ მუსას გამოსვლა გამოღვიძებისკენ მოწოდებაა რეგიონში - ეს არის მოწოდება, რომ ხალხზე გარკვეული ზეწოლა მოიხსნას. გაზეთი ბოლოს წერს, რომ, მიმომხილველების აზრით, უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკაზე მთავრობის კონტროლის შესუსტებით, რაც არაბულ ქვეყნებში ნორმაა, და კერძო სექტორის გაფართოებისთვის ხელის შეწყობით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG