Accessibility links

"საქართველოს მოსახლეობის 35% იტანჯება, 55% დაძაბულია და 10% ხალისობს" - ასეთ სათაურს ნახავდით ორშაბათს გაზეთ „კვირის პალიტრაში“. პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ:

" ‘ნაციონალური ტელევიზიები’ მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ ქვეყანა აყვავდა, აღორძინდა, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიც უკან ჩამოვიტოვეთ და ამის დასტურად ისეთ სტატისტიკურ მონაცემებს გვიტენიან თავში. შეგვიძლია სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ და ‘ნაციონალური ტელევიზიებით’ მოსმენილ ინფორმაციასთან გავავლოთ პარალელი. მაშ, ასე: საქართველო, ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მაგრამ არავინ გვეუბნება, რომ 139 ქვეყნიდან კერძო საკუთრების დაცვაში მხოლოდ 93-ე ადგილზე ვართ - ეს მონაცემები WORLD ECONOMIC FORUM-მა გამოაქვეყნა. მართლაც პარადოქსულია, თუ საკუთრების უფლება არ არის დაცული, როგორ იწყებენ ბიზნესს ქვეყანაში? თუ იწყებენ და მერე საკუთრების უფლებას აღარავინ იცავს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აღარ ვითარდება?"

მიმდინარე კვირაში კვლავ ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას. ქართული აკადემიის ლიდერი ნუკრი ქანთარია კი გაზეთ”ვერსიისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
"არაფერი თქმულა და დაწერილა იმის თაობაზე, რომ ცოტა ხნის წინ თეატრის დღე იყო... სამაგიეროდ, ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის ისტერიკა უკვე ყველასთვის მოსაბეზრებელი გახდა. აიღებდა თუ არა ლევანი იმ ფულს? რატომ არ თქვა ბურჯანაძემ სამი წლის წინ სათქმელი? ბიწაძემ, რომელიც შტირლიცივით ფარდის უკან იდგა, რატომ არ გამოიტანა კომპრომატები მერაბიშვილზე, მის რომელიმე მოადგილეზე და მაინცდამაინც ოპოზიციას დაარტყა, ისიც არადოკუმენტირებულად? მეჩვენება, რომ მთელი ეს ქმედებები დაბნეულ-დაქსაქსული ოპოზიციური ელექტორატის დაპატრონების მცდელობაა, მაგრამ ხალხის პრივატიზება, მით უმეტეს, ამ ხერხებით, წარმოუდგენელია და მეეჭვება, ვინმემ მიზანს მიაღწიოს. ეს ხალხი საქმემ უნდა წარმოაჩინოს და არა თითის შვერამ."

ამავე აზრს გამოთქვამს "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია:
"ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიცია განსაკუთრებით დასუსტდა. მეტიც, მიმაჩნია, რომ 2010 წელი, პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიური იყო. მოეწყო არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს რეფორმის აუცილებლობა. დაიწყო მეტად მნიშვნელოვანი პროცესი - რვა განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალამ მოძებნა საფუძველი, ერთად შეგვემუშავებინა და წარგვედგინა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი... კრების მიმართ დიდი იმედი არც არსებობდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არაფერი გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო კრებაში ბევრი პატივსაცემი ადამიანი იყო. რაც შეეხება დაპირისპირებას, პოლიტიკაში დაპირისპირებაცა და ინტრიგებიც ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბინძური პოლიტიკური თამაში, რის მოწმეც ბოლო ხანს ვიყავით, წარსულს ჩაბარდეს."

გაზეთის შეკითხვაზე, რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, რამე კულუარული მოლაპარაკებები ხომ არ გაქვთ ხელისუფლებასთანო, ირაკლი ალასანია უპასუხებს:

"არავითარი კულუარული შეთანხმება არ არსებობს... ოპტიმიზმის საფუძველს კი გვაძლევს ამ პროცესში გამოვლენილი პოლიტიკური ნება ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან და ასევე ისიც, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები პირდაპირ ითხოვენ ხელისუფლებისგან ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას."

შაბათს ქართული პრესის მთავარი თემები ამგვარია: „24 საათის“ პირველ გვერდზე ვკითხულობთ, მარიონეტებმა რუსებს მილიონები აწაპნესო. ”გასულ წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებებს რეგიონებში აღდგენითი სამუშაოებისათვის მილიონობით რუბლი გამოუყო, თუმცა საწყის ეტაპზე რუსეთს თანხის გაკონტროლებაზე არ უზრუნია”, - წერს გაზეთი. ”ნაციონალებში დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი”, - წერს პირველ გვერდზე შაბათის „ახალ თაობა“.

”ვის შეუძლია სურსათზე ფასების ზრდის შეჩერაბა?” - კითხულობს მთავარი პუბლიკაციის სათაურში შაბათის ”საქართველოს რესპუბლიკა” და იქვე აქვს მიწერილი პასუხი: ”ხელისუფლებას ეს არ ძალუძს!!!”.

„რეზონანსი“ კი ცდილობს გაარკვიოს, ”როგორ უნდა მოგვარდეს ვეტერანთა პრობლემები”.

შაბათს „რეზონანსი“ ასევე აგრძელებს დევნილების პრობლემებზე საუბარს. გაზეთი დილიდანვე ამცნობდა საზოგადოებას, რომ ”არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ნაწილის ორგანიზებით, დევნილთა მხარდამჭერი აქციის მესამე დღე პარლამენტთან საპროტესტო აქციით გაგრძელდებოდა. წინა დღის თაობაზე კი წერდა: „პარლამენტის შენობასთან სულ 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე, ძირითადად, თავად დევნილები გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ გამოსახლების ფაქტს და მათთვის კომპენსაციის ან თავშესაფრის გადაცემას მოითხოვდნენ.”

„რეზონანსი“ წერს, რომ მომიტინგეების წინაშე ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული მერაბ არღვლიანი გამოვიდა - ის მცირეწლოვან შვილებსა და მეუღლესთან ერთად თეთრიწყაროს რაიონში, წინწყაროში, სატვირთო მანქანით წაიყვანეს. "ძალიან ცუდი პირობები დამხვდა - არც გაზი, არც სინათლე, არაფერი არ იყო. ვიკითხე, იქ როგორ დავრჩენილიყავი, - იქაურ მეზობელს შეეკედლე ამაღამ, ასე მიპასუხესო, - განაცხადა არღვლიანმა. მან თქვა, რომ იძულებული იყო თბილისში დაბრუნებულიყო და ბარგი ბაგებში, სარდაფში, შეენახა.“

„რეზონანსის“ მიხედვით, დევნილები ამბობდნენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა სათავისოდ იყენებდა მათ საკითხს, რეალურად კი საკუთარი თავის ამარა დარჩნენ, რადგან ახლა, როცა დახმარება დასჭირდათ, ბევრი მათგანი მათთან აღარ მისულა. დევნილები ამბობენ, რომ ისინი საკუთარი პარტიის შექმნას აპირებენ და ამ თემაზე ახლა მუშაობენო, - წერს „რეზონანსი“ შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG