Accessibility links

logo-print

სადემარკაციო ზოლში წალენჯიხელების სახლები მოჰყვა


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლები დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ე.წ. საზღვრის დემარკაციას აქტიურად განაგრძობენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუშთან, რომელიც ოკუპირებულ საბერიოს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გასავლებად ბეტონის ხიმინჯები უკვე გააკეთეს. როგორც რადიო თავისუფლებას წყოუშის მკვიდრმა სუხია სამუშიამ უთხრა, დემარკაციის შედეგად მისი სამოსახლო შუაში გაიყოფა, კერძოდ, ჭიშკარი და ეზოს ნაწილი სამეგრელოს ტერიტორიაზე დარჩება, სახლი კი ოკუპირებულ რეგიონში. ამასთან, სუხია სამუშია ამბობს, რომ სახლი და თხილნარი, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხვდა დემარკაციის ზოლში სამოსახლოს ეზო.

„წალენჯიხაშია ჩემი სახლი რეგისტრირებული და იქით როგორ ვიცხოვრო არ ვიცი. მავთულხლართებს როცა გააკეთებენ, სახლს ჭიშკარი არ ექნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სუხია სამუშიამ.

ის ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში არიან მისი მეზობლებიც. რუსმა სამხედროებმა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებისას ადგილობრივებს განუცხადეს, რომ სარდლობის ბრძანებას ასრულებენ და ვითარებაში გასარკვევად არა მათ, არამედ გალში მოქმედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებას მიმართონ.

„როდესაც ვუთხარით, ჩვენ წალენჯიხას ვეკუთვნით და არ გააკეთოთ აქ საზღვარიო, გვითხრეს, რომ ეს გალში უთხარით ეფ-ეს-ბე-ს სარდლობასო. არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირუტყვი სამეგრელოს ტერიტორიაზე რომ გადავა საძოვრად, აუცილებლად უნდა მქონდეს საშვი, იქით რომ გადავიდე. საშვს კიდე გალში იძლევიან და ორი დღე მაინც სჭირდება, რომ მოგცენ“, - ამბობს წყოუშის მკვიდრი.

მაშინ, როდესაც რუსი სამხედროები ე.წ. დემარკაციის პროცესს დაასრულებენ და რამდენიმე წყოუშელის სამოსახლოს მავთულხლართებით გაყოფენ, სუხია სამუშიას თქმით, მას და მის მეზობლებს სამეგრელოში გადასასვლელად ე.წ. საშვი დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფასიანი საშვი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ შარშან ზაფხულში შემოიღო და განაცხადა, რომ მისი საშუალებით მოქალაქეები აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთენ. პირობითი საზღვრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დე ფაქტო მთავრობის ასეთ დადგენილებას დღემდე არ ცნობენ. ისინი მოქალაქეებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ხშირად აკავებენ და მოგვიანებით ბაჟის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG