Accessibility links

logo-print

სააკაშვილი - ერევანში, გაღიზიანება - მოსკოვში


სერჟ სარგსიანი და მიხეილ სააკაშვილი 22 იანვარს ერევანში

სერჟ სარგსიანი და მიხეილ სააკაშვილი 22 იანვარს ერევანში

ყველასათვის ადვილი შესამჩნევი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ერევანში ვიზიტმა 22-23 იანვარს საგანგებოდ თბილ და კეთილმეგობრულ ატმოსფეროში ჩიარა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს განსაკუთრებული მეგობრობა შეჰფიცეს, საუკეთესო სამომავლო პერსპექტივები იწინასწარმეტყველეს და ერთმანეთიც უამრავი საქებარი სიტყვით შეამკეს. როგორ აღიქმება ეს ყველაფერი რუსეთის თვალით, როდესაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის - პრეზიდენტი ასე გულუხვად აქებს საქართველოს და კრემლის მიერ მტრად აღქმულ პრეზიდენტ სააკაშვილს?
ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი ორი მოკავშირე, ორი უძველესი მოძმე და მეგობარი ერი ვართ...

”ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის გარეშე, უბრალოდ, დაიკარგებიან... აუცილებლად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, კარგ და ცუდ დროს ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, რადგან ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი ორი მოკავშირე, ორი უძველესი მოძმე და მეგობარი ერი ვართ”, - თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 იანვარს, ერევნის ტექნოლოგიურ ცენტრში სტუმრობისას, და იქვე არაერთი საქებარი სიტყვა მიუძღვნა უშუალოდ თავის სომეხ კოლეგასაც.

მიხეილ სააკაშვილს ვალში არც სერჟ სარგსიანი დარჩენია. სომხეთის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა წარმატებულ რეფორმატორ ქვეყნად, რომლისგანაც სომხეთმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განვლილი გზა სომეხ ახალგაზრდებს მან დიდი წარმატების მაგალითად დაუსახელა.

”...წარმატების კარგი მაგალითია მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი 27 წლის ასაკში უკვე დოქტორი იყო, შემდეგ კი ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ ადამიანმა მიზნად რამე დაისახა, აუცილებლად მიაღწევს. პრეზიდენტი სააკაშვილი ერევანში იმისთვისაც იმყოფება, რომ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების გამოცდილება გაგვიზიაროს და ის რეფორმები გაგვაცნოს, რომლებიც საქართველოში განხორციელდა", - თქვა იმ დღეს სერჟ სარგსიანმა, რომელსაც პრაქტიკულად არ მოშორებია ზედმიწევნით კეთილგანწყობილი ღიმილი.

საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გამოხატული ასეთი აშკარა სიმპათიები, ანალიტიკოსების აზრით, საკმაოდ დიდ სითამამედ გამოიყურება, თუკი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოსკოვის თვალით შევხედავთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს სარგსიანის პირველი სითამამე არ არის. გავიხსენოთ, რომ 2009 წლის ივნისში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ერევანს სტუმრობდა, პრეზიდენტმა სარგსიანმა მას სომხეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდო გადასცა და ამან მაშინ, შეიძლება ითქვას, მოსკოვის ძალიან ხმამაღალი გაღიზიანება გამოიწვია.
რუსეთის მხრიდან ახლაც მოსალოდნელია უარყოფითი რეაქციები. რუსეთის მედიაში უკვე შეინიშნება წერილობითი ფორმის ირონიული რეპლიკები...

აგვისტოს ომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გადადგმულ ამ თამამ ნაბიჯს ჩვენთან საუბარში ერევნელი ანალიტიკოსი რუბენ მეჰრაბიანიც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ სომხეთს რუსეთი საგანგებოდ აძალებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას:

”სომხეთი განიცდიდა დიდ წნეხს რუსეთის მხრიდან და სომხეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი მაშინ შეიცავდა ერთგვარ მესიჯს, რომ ერევანი არ აპირებდა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებას. და ახლა, ამ შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია გარკვეულწილად მეორდება... და ამიტომ რუსეთის მხრიდან ახლაც მოსალოდნელია უარყოფითი რეაქციები. რუსეთის მედიაში უკვე შეინიშნება წერილობითი ფორმის ირონიული რეპლიკები...”

რუბენ მეჰრაბიანი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის მიერ მტრად შერაცხული სააკაშვილის ასეთი ქება-დიდებით სომხეთის პრეზიდენტმა მოსკოვს ამჯერადაც გაუგზავნა მესიჯი და ის შესაძლოა მიზნად ისახავდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ერევნისთვის არასასურველი ქმედებების პრევენციას.

საქართველოს პრეზიდენტისადმი სერჟ სარგსიანის კეთილგანწყობა 22-23 იანვარს საგანგებოდ დიდი დოზებით რომ გამოიხატა, ეს არც ქართველ ანალიტიკოს გია ნოდიას გამოჰპარვია. მისი აზრით, ემოციების ასეთ გულუხვ დემონსტრირებას ორი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს:

”ერთი მხრივ, შესაძლოა სარქსიანი ამით ხაზს უსვამდეს თავის დამოუკიდებლობას რუსეთისგან; მეორე მხრივ კი, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ უშუალო საუბრისას რაღაც ისეთი უთხრა მას საქართველოს პრეზიდენტმა, რომ სარგსიანი კმაყოფილი იყო შეთანხმებებით, რაც შესაძლოა ჩვენ ჯერ არც ვიცოდეთ...“

იმას, რომ სააკაშვილმა სარგსიანს რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი ჩაუტანა, ერევნელი ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ. რუბენ მეჰრაბიანი არ გამორიცხავს, რომ ეს ”რაღაც ამბავი” საქართველოს პრეზიდენტმა, არც მეტი და არც ნაკლები, ერევანში ვაშინგტონიდან ჩაიტანა, სადაც ის სულ ახლახან იმყოფებოდა. ამ კონტექსტში ანალიტიკოსი დასძენს იმასაც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ერევანში ვიზიტი საკმაოდ მოულოდნელად დაიგეგმა და ამის შესახებ სულ რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.
სომხეთის ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაკარგა შესაძლებლობა თავად აწარმოოს საკუთარი პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებითაც. ეს ქმნიდა, ქმნის და მომავალშიც შექმნის გარკვეულ დაძაბულობას...

სხვა მხრივ, რუბენ მეჰრაბიანის აზრით, სააკაშვილის ვიზიტი ახლო პერსპექტივაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას აუცილებლად შეუწყობს ხელს, თუმცა ”სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების სტატუს კვო ფუნდამენტურად მაინც არ შეიცვლება.” ამ კონტექსტში მთავარ ფაქტორად ისევ რუსეთი სახელდება:

”ის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მტრულია, ეს არავისთვის არის საიდუმლო... ხოლო სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები, ასე ვთქვათ, ვერტიკალურ სახეს ატარებს... სომხეთის ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაკარგა შესაძლებლობა თავად აწარმოოს საკუთარი პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებითაც. ეს ქმნიდა, ქმნის და მომავალშიც შექმნის გარკვეულ დაძაბულობას .”

რუსეთის ფაქტორის მიუხედავად, ერევნელი პოლიტოლოგის რუბენ მეჰრაბიანის აზრით, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სტრატეგიული პარტნიორი - სომხეთი - საქართველოსთან მეგობრობაზე უარს ვერასდროს იტყვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტვირთების უდიდეს ნაწილს სომხეთი საქართველოს გავლით ღებულობს და ამ ალტერნატიული სატრანზიტო გზის შენარჩუნება ერევანს ყოველთვის დასჭირდება.
XS
SM
MD
LG