Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 24 იანვარი 2011

  • ნიკო ნერგაძე

ორშაბათობით ქართული პრესა განსაკუთრებით უხვია ხოლმე. ამიტომ დღეს, იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე პუბლიკაციას ჩავუღრმავდეთ, უფრო ზოგადად მიმოვიხილავთ, თუ რა არის აქტუალური დღევანდელ გაზეთებში.

”კვირის ქრონიკის” პირველ გვერდზე რამდენჯერმე შეხვდებით სიტყვას „სკანდალი“, გაზეთის შიგნით კი კიდევ უფრო მეტჯერ. გაზეთი დღეს განაგრძობს უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საგას, ანუ ურთიერთბრალდებებს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ პრესმდივან ელისო კილაძესა და რეჟისორ სოსო ჯაჭვლიანს შორის იმასთან დაკავშირებით, მიითვისა თუ არა ჯაჭვლიანმა პატარკაციშვილის 60 ათასი ევრო, რომელიც ამ ნომერში უკვე 65 ათასი გახდა. ვისაც წინა სერიები არ წაგიკითხავთ, ვითარებაში გარკვევა ცოტა რთული იქნება, მაგრამ მაინც - გაზეთი ამ სტატიას „კვირის სკანდალის“ რუბრიკით ბეჭდავს.

”კვირის ქრონიკის” დანარჩენ „სკანდალებს“ რაც შეეხება, ესენია: დაპირისპირება მწერალთა კავშირში, დაპირისპირება იმერეთის გუბერნატორსა და თემურ შაშიაშვილს შორის და დაპირისპირება მედიაკავშირ „ობიექტივსა“ და გაზეთ „ვერსიას“ შორის, თუმცა ამ სტატიის ავტორი თავად „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილია და ის „პოლიტიკური რეკლამის“ გრიფით ქვეყნდება. მას ჰქვია: ” ‘ობიექტივი’ მოგიწოდებთ, ნუ იყიდით და წაიკითხავთ ვანოს ვერსიას”.

ბარემ ვახსენეთ და აქვე ”ვერსიას” გადავხედოთ, რომელიც წერს საქართველოში ბურების ჩამოსახლების გეგმაზე: ”როგორც ჩანს, ქვეყნის პირველი პირი სოფლის მეურნეობის აღორძინების გასაღებს ბურების, ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელი ფერმერების საქართველოში ჩამოსახლებაში ხედავსო” და პასუხად სოციალური ქსლის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი მოჰყავს: ”ბურები რომ ჩამოვლენ, რას გვეტყვიან, ნესვი ბროწეულიაო?”

”ვერსია” დღეს ასევე დიდ ადგილს უთმობს ”ქართული ფილმის” დირექტორის, არჩილ გელოვანის, დაჭერის მიზეზებს. მოპარული წიგნები მხოლოდ საბაბიაო, წერს გაზეთი და თავისი ვერსია მოჰყავს: პრეზიდენტმა კულტურის მინისტრს დაავალა, შენმა მეგობარმა, ანუ გელოვანმა, საკუთარი ხარჯებით ფილმი გადაიღოს, სადაც მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ითამაშებსო, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი დაჭერის მიზეზიო. ვრცლად ამის შესახებ დღეს ”ვერსიაში” წაიკითხავთ.

”პალიტრის” პირველ გვერდზე ყველაზე დიდი ადგილი დევნილების თემას უჭირავს. გაზეთი აქვეყნებს პატარა დევნილი გოგონას ფოტოს, რომელიც გამოსახლების პროცესშია გადაღებული, თუმცა თავად გაზეთში ბევრს ამ თემაზე ვერაფერს წაიკითხავთ. ინტერვიუა ექსპერტ გია ხუხაშვილთან, რომელიც ამბობს, რაც ვნახე წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმიაო. მეორე სტატიაცაა - გაზეთის ავტორის ”კვირის ფიქრების” რუბრიკით.ორივე სტატიას „კვირის პალიტრაში“ ნახავთ.
XS
SM
MD
LG