Accessibility links

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მაღაროს მფლობელი კომპანია უსაფრთხოების ზომებს არ იცავს


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს განაცხადა, რომ ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქება მოსალოდენელი იყო, საფრთხის შესახებ კი, მაღაროს მფლობელი კომპანია ინფორმაციას ფლობდა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ 5-წევრიანი ბრიგადა მაღაროში ხელმძღვანელების ზეწოლით ჩავიდა. პეტრიაშვილის თქმით, მაღაროელებმა იცოდნენ, რომ მესამე უბანზე მეთანის რაოდენობა 6%-ს აღემატებოდა, ამიტომ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორმა სხვა ბრიგადამ მაღაროში ჩასვლაზე უარი თქვა, რასაც მფლობელებთან კონფლიქტი მოჰყვა. პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, მესამე ბრიგადის წევრებს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ, რის გამოც მათ წინააღმდეგობა აღარ გასწიეს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ტყიბულის მაღაროს მფლობელი კომპანია, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" უსაფრთხოების ზომებს არ იცავს. პროფკავშირების წარმომადგენლები აფეთქების გამოძიებაში ჩართვას ითხოვენ და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" მოუწოდებენ, შეწყვიტოს აფეთქებების გამო მაღაროელთა დადანაშაულება. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად, 1 მაღაროელი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა. ტყიბულის ამავე მაღაროში ორმა აფეთქებამ შარშან 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG