Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


მოსკოვის დომოდედოვოში, რომელიც რუსეთის ყველაზე ხალხმრავალ აეროპორტად ითვლება, აფეთქება მოეწყო. დაღუპულების რიცხვი 30-ს აღემატება, დაჭრილია 130-მდე ადამიანი.

თვითმხილველები აღწერენ მძიმე სცენას, რომელიც აფეთქების შემდეგ იხილეს საერთაშორისო რეისების მიმღებ ტერმინალში, ბარგის გაცემის განყოფილებასთან. ვიდეოჩანაწერებზე ჩანს კვამლში გახვეული სილუეტები, ჩანს, როგორ გარბის ხალხი საავარიო გასასვლელებიდან...

თვითმხილველი სერგეი რუსეთის ტლევიზიას ტელეფონით აღუწერდა ვითარებას დომოდედოვოს აეროპორტიდან: „მე აფეთქების ადგილიდან ასე, 30-40 მეტრში ვიჯექი. ხმაური, აფეთქება მომესმა, ზემოდან პლასტმასის რაღაც ნაწილები ცვიოდა, ყვირილი ისმოდა, კვამლი იყო. პანიკა რომ იყო, ხალხი, იქ ვინც იჯდა, უბრალოდ გაიქცა“.

რუსეთის მილიციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, აფეთქება მოხდა ორშაბათს, 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:32 საათზე (თბილისის დროით 17:32). საინფორმაციო სააგენტოები უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით იუწყებიან, რომ აფეთქება მოაწყო, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. არ კონკრეტდება, სავარაუდო ამფეთქებელი აეროპორტში ახალი ჩასული იყო რომელიმე რეისით, თუ ადგილზე, მოსკოვიდან შეაღწია შენობაში.

მეორე მხრივ, კორესპონდენტები, რომლებიც დომოდედოვოში ბევრჯერ არიან ნამყოფი, ვარაუდობენ, რომ თავდასხმას ადგილზე მყოფი პირი მოაწყობდა. საქმე ის არის, რომ იმ ადგილას, აფეთქება სადაც მოხდა (რეისების მიმღებ ტერმინალში, რომელშიც მგზავრები გადიან უშუალოდ ბარგის აღების შემდეგ), ყოველთვის ბევრი ხალხი ირევა: მგზავრების დასახვედრად მისული ახლობლები, ტაქსისტები, რომლებიც კლიენტებს ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ სავარაუდო თავდამსხმელს არ გაუჭირდებოდა იქ ასაფეთქებელი მოწყობილობით მისვლა.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გადადო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. მან მოსკოვში, ტრანსპორტისა და უშიშროების უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უშიშროების ზომები დაუყოვნებლივ უნდა გაძლიერდეს რუსეთის საკვანძო სატრანსპორტო პუნქტებში. „აუცილებელია საგანგებო რეჟიმის შემოღება ყველა აეროპორტში და აეროვაგზალზე, ისევე როგორც საკვანძო სატრანსპორტო პუნქტებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა.

დომოდედოვოს აეროპორტი ყველაზე ხალხმრავალია რუსეთში, წელიწადში 22 მილიონამდე მგზავრს იღებს და ისტუმრებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა ჩვეული რეჟიმის აღდგენა მოხერხდა.

როგორც დომოდედოვოს პრეს-მდივანმა ელენა გალანოვამ ორშაბათს საღამო ხანს უთხრა ჟურნალისტებს: „აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, როგორც გაფრენა, ისე მოფრენა. გაფრენა არ გადადებულა, რადგან აფეთქების ადგილი შორს არის მგზავრების რეგისტრაციის ადგილიდან. ამიტომ ამას გაფრენაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მოფრენა გარკვეული პერიოდი დახურული იყო. ექვსი რეისი გადავიდა სათადარიგო აეროპორტებში. ახლა კი მუშაობა ნორმალიზებულია, ხალხი ჩამოდის“, - განაცხადა დომოდედოვოს აეროპორტის პრეს-მდივანმა.

ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი სავარაუდო ტერაქტია მოსკოვში მარტის შემდეგ. 2010 წლის მარტში 40 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად, რომლებიც რუსეთის დედაქალაქის მეტროში მოაწყო ორმა თვითმკვლელმა მოიერიშე ქალმა.
XS
SM
MD
LG