Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პალესტინური დოკუმენტები“


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი (მარცხნივ) და პალესტინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი (მარჯვნივ) და პალესტინელთა დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საებ ერექათი (მარჯვნიდან მეორე) მოლაპარაკებებზე იერუსალიმში. 2008 წლის 27 მაისი.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი (მარცხნივ) და პალესტინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი (მარჯვნივ) და პალესტინელთა დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საებ ერექათი (მარჯვნიდან მეორე) მოლაპარაკებებზე იერუსალიმში. 2008 წლის 27 მაისი.
კატარში დაფუძნებულმა არაბულენოვანმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირამ გამოაცხადა, რომ ხელი მიუწევდება საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებიც ისრაელ-პალესტინელების მოლაპარაკების პროცესს ასახავს. გავრცელდა ამ, „პალესტინური დოკუმენტების“ ნაწილი. მას უკვე მოჰყვა რეაქცია.

„ტყუილები და ნახევრად სიმართლე“ - ასე მოიხსენია პალესტინელების ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, პალესტინელების დელეგაცია ისრაელთან დიდ დათმობაზე მიდიოდა იერუსალიმის საკითხში, სამშვიდობო მოლაპარაკების სამი წლის წინანდელ რაუნდზე.

შესაბამის ინფორმაციას მოიცავს რეპორტაჟი, რომელიც კვირას გვიან აჩვენა ტელეკომპანია ალ-ჯაზირამ. ტელეკომპანიის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა, მას ხელი მიუწვდება თითქმის 1700-ს დოკუმენტზე - ისრაელსა და პალესტინელებს შორის 10 წელიწადზე მეტი ხნის მოლაპარაკებების ამსახველ გასაიდუმლოებულ მასალებზე.

პალესტინელების დელეგაციისთვის გაჟონვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო შედეგად ითვლება ინფორმაცია, რომელიც 2008 წლის 15 ივნისს გამართულ შეხვედრას ასახავს. პალესტინელების მაღალი რანგის წარმომადგენელი ისრაელს სთავაზობს, მიიერთოს თითქმის ყველა ებრაული დასახლება აღმოსავლეთ იერუსალიმში. კომპრომისის მიზანია ისრაელის დაყოილება მასშტაბურ შეთანხმებაზე, მრავალწლიანი კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. ამ დროს, ცნობილია, რომ პალესტინელები მიზნად ისახავენ სახელმწიფოს შექმნას ტერიტორიაზე, რომელიც 1967 წელს ისრაელმა დაიპყრო და რომელსაც აღმოსავლეთი იერუსალიმი მიეკუთვნება.
პალესტინელების დელეგაციის ასეთ დიდ კომპრომისზე წასვლისთვის მზადყოფნასთან ერთად, რიგითი პალესტინელებისთვის არანაკლებ შემაშფოთებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომ ისრაელის დელეგაციას არაფერი შეუათავაზებია პალესტინელების კომპრომისის სანაცვლოდ. მეტიც: ისრაელმა უარყო პალესტინელების წინადადება, რომელიც საკმარისად არ მიიჩნია შეთანხმების მისაღწევად...

ეს ყველაფერი მოხდა, ალ-ჯაზირის ინფორმაციით, 2008 წლის ივნისში იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე, შეერთებული შტატებისა და ისრაელის საგარეო უწყებების მაშინდელი ხელმძღვანელების, კონდოლიზა რაისისა და ციპი ლივნის, ისევე როგორც მოლაპარაკებებზე პალესტინელების მთავარი წარმომადგენლის, საებ ერეკატის და პალესტინელების ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყურეიას მონაწილეობით.

გაჟონილი ინფორმაცია საფრთხეს უქმნის, უწინარეს ყოვლისა, პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, რომლის საჯარო, ოფიციალური განცხადებებიც სრულიად განსხვავებულ პოზიციას ასახავს იერუსალიმის საკითხში. შესაბამისად დიდია საფრთხე, რომ პალესტინელებში იკლებს მისდამი მხარდაჭერა. ორშაბათს მაჰმუდ აბასმა ქაიროში, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მედიით გარცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. „ამის მიზანია ხალხის დაბნევა“, განაცხადა აბასმა, რომლის თქმითაც, მან წინა დღეს ნახა „დოკუმენტები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო თითქოსდა პალესტინელების პოზიციები, მაგრამ სინამდვილეში ისინი ისრაელის პოზიციები იყო“. როგორც აბასმა განაცხადა: „შემიძლია, გულახდილად ვთქვა, რომ საიდუმლო არა გვაქვს და ეს იცის მთელმა არაბულმა სამყარომ. ყოველ მოლაპარაკებას, გამართულ შეხვედრას, ყოველ პოზიციას, რომლითაც გამოვდივართ, ან რომელსაც შევისწავლით, მაშინვე ვაცნობთ არაბულ ქვეყნებს, მთელ დოკუმენტებთან ერთად“.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინელების მთავარმა წარმომადგენელმა, საებ ერეკატმა კი „ტყუილები და ნახევრად“ სიმართლე უწოდა ინფორმაციას, რომლის შესაბამისადაც პალესტინელი ოფიციალური პირები ერთს ამბობენ საჯარო განცხადებებში და მეორეს - ისრაელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას. ერეკატის თქმით, ინფორმაციის გაცნობისას, ტელემაყურებელმა თუ მკითხველმა საკუთარი თავს უნდა ჰკითხოს, რატომ აჩვენეს რეპორტაჟი ახლა და ვის ინტერესებშია მისი ჩვენება.

ალ-ჯაზირა „პალესტინურ დოკუმენტებს“ უწოდებს ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტზე ინფორმაციის ყველაზე მასშტაბურ გაჟონვას. ტელეკომპანიის განცხადებით, მან ბოლო თვეებში სხვადასხვა წყაროდან მიიღო მასალები და აპირებს 26 იანვრამდე გამოაქვეყნოს ყველაფერი.

საიდუმლო დოკუმენტებზე ხელი მიუწვდება ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანსაც“. ის აცხადებს, რომ უკვე შეამოწმა მასალების უდიდესი ნაწილი.

ბოლოს იმისაც შეგახსენებთ რომ ალ-ჯაზირის მიერ „პალესტინური დოკუმენტების“ გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტ-პორტალმა ვიკილიკსმა დაიწყო საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა დიპლომატიური ფოსტის ნაწილის - 250 000-მდე ტელეგრამის გავრცელებას, რასაც ფართო გამოხმურება და, ხშირ შემთხვევაში, ვიკილიკსის მიმართ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG