Accessibility links

16 იანვარი, კვირა
სხვისი „თავისუფლების დღიურების“ კითხვა უფრო სასიამოვნო საქმე ყოფილა, ვიდრე საკუთარის წერა. თან, საჯარო დღიური უცნაური რამე გამოდის - ჟანრი გულწრფელობისკენ გიბიძგებს, მისი საჯაროობა კი შიგთავსის დახარისხებას მოითხოვს. თან მეჩვენება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ჩემს პირად სივრცეში ხდება, ან ეხება სამომავლო გეგმებს, რომლებზეც ჯერ ნაადრევია საუბარი. ამიტომ, ღმერთმა უწყის, რამდენად საინტერესო საკითხავი იქნება ჩემი ჩანაწერები.

დღეს ბოდბედან დავბრუნდით და ღამით ჩემი და, სალომე, უნდა გავაცილოთ. სალომე 19 წლისაა და ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე კურსზეა. საშობაო არდადეგები დაუმთავრდა და უკან ბრუნდება. რაც დრო გადის, სულ უფრო სერიოზული მეგობრები ვხდებით. არადა, მახსოვს, როგორ გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, ივლისის ცხელ დღეს, მურთხივით შავი და კისერზე „ზილიონკაწასმული“, ხუთკილოგრამიანი ახალი ადამიანი.

ახლაც, ჯერ დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე, დღეს კი საშინლად გული მწყდება, რომ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებში მთელი ოჯახი ჩვენი მშობლების სახლში ვიყავით და ხმაურისა და ყირაზე გადასვლისათვის სალომე ჩემს შვილებს და მე ყოველდღე საშინლად გვტუქსავდა, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა ძილი უნდოდა. „შორენა, ცოტა მკაცრად მოექეცი, რა, ამ ბავშვებს! ხომ ხედავ, რა დღეში არიან! არ შეიძლება, ყველაფრის უფლება მისცე, ნუ, რა არის ეს!“ - საწყალი, საყვარელი, გამოუძინებელი სალომე ყოველდღე ასე მარიგებდა და მაინც სრულიად უშედეგოდ. ლუკა და ლაზარე დილიდან მიზანმიმართულად იწყებდნენ ხმაურს, თან სალომეს ოთახის კარებთან.

ბოდბე და სიღნაღი ერთად მოვიარეთ. ამჯერად მოვახერხეთ ერთად დიდი დროის გატარება და ორივეს გვიხარია. რაც ყველაზე მთავარია, სალომეს ერთი პრინციპული გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარე. უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტის სკოლაში ჩააბარა და, ძირითადად, ფინანსებს, ბუღალტერიას, მარკეტინგს, ადამიანების მართვას და მსგავს საგნებს სწავლობს. მიხვდა, რომ მისთვის ეს საინტერესო აღარ არის, მაგრამ ფაკულტეტის შეცვლაზე ვერც კი ფიქრობდა, მამა-დედა იტყვიან, ქარაფშუტა და არასერიოზული ადამიანი ხარო და მისთვის მათი შეფასება მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოვიხმეთ მამაჩემი და, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეცადე მისთვის ამეხსნა, რომ რაღაც თვალსაზრისით, რა ფაკულტეტს დაამთავრებს სალომე, უმნიშვნელოა. მთავარია, კარგ უნივერსიტეტში ისწავლოს და კარგი ზოგადი განათლება მიიღოს, წერის, კითხვის და აზროვნების უნარი განუვითარდეს. ამას ფილოსოფიის შესწავლით მოახერხებს, ბიოლოგიის თუ ბუღალტერიის, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, თავის ინტერესებს მიაგნოს და, რასაც ისწავლის, გაითავისოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სალომესთვის ეს ოთხი წელი პროდუქტიული და მართლა საგანმანათლებლო. ინფორმაციის მიღება-არმიღება, ან კონკრეტული საგნის შესწავლა-არშესწავლა ხომ არ არის განათლება? მამაჩემმა გაიგო ლოგიკა, თუმცა გვიხსნიდა, რომ ჰუმანიტარული საგნები ადამიანებს „ისე არ უხსნის ტვინს, როგორც მათემატიკა“, ფაკულტეტის შეცვლა სალომეს იმის გამო ხომ არ მოუნდა, რომ რამე ვერ დაძლია და სირთულეების შეეშინდა? თუ მხოლოდ ესაა მიზეზი, მაშინ თავს ძალა უნდა დაატანოს და ისწავლოს, რასაც სწავლობსო! არადა, სირთულეების გადალახვას იმ შემთხვევაში ახერხებ, თუ მიზანთან ერთად, პროცესიც გაინტერესებს. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ სალომე იცვლის ფაკულტეტს და აგრძელებს მისთვის საინტერესო საგნების ძებნას, ოღონდ ერთი პირობით: ფრანგულთან ერთად, კიდევ ერთი ენაც უნდა ისწავლოს. დიდი სიამოვნებითო, თქვა გახარებულმა!

მეცინებოდა, რომ სალომეს დილემა საოჯახო განხილვის საგნად იქცა. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ჩემს პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომელიც ვინმესთან შემეთანხმებინოს. გადაწყვეტილების სხვასთან შეთანხმების ჩვევაც კი არ მქონდა და ეს საკმაოდ გვიან, საკუთარი ოჯახის შექმნის მერე ვისწავლე, ისიც ძალიან მტკივნეულად და ისიც მხოლოდ სანახევროდ. ამის გამო, საკუთარ თავში დარწმუნებულ იდიოტს მეძახიან ოჯახის წევრები და შესაძლოა, ასეც იყოს. თუმცა, ამაზე მზა პასუხი მაქვს - ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და მთელი ხიბლიც ამაშია, რომ ცხოვრების პირისპირ იდგე და თავად ცდილობდე ამ გზის გაკვალვას. არჩევანის უფლება ყველაზე მაგარი რამეა და მისი დელეგირება სრული აბსურდია.

17 იანვარი, ორშაბათი
ორშაბათის დილა ყოველთვის „ლიბერალის“ სარედაქციო კრებებით იწყება. მერე კი, როგორც წესი, საბჭოს სხდომა გვაქვს, პირველ საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში. ტელევიზიაში რომ მივდივარ, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დროში ვმოგზაურობ.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის შიდა სამზარეულოში თითქოს არის წინსვლა: საორგანიზაციო სტრუქტურა, ფინანსების დაგეგმვა და მართვა, საბჭოს გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა - ამ ფრონტზე თითქოს ვაღწევთ შედეგებს, მაგრამ ეს ცვლილებები არ აისახება სატელევიზიო ეთერზე, იმიტომ რომ უცვლელია არხის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკა. სარედაქციო პოლიტიკის „მცველი“, პირველი არხის საინფორმაციოს უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილია, რომელიც უკვე მეორე წელია, არ მოდის ჩვენთან შესახვედრად - ახალი საბჭოს არჩევის მერე, ეს უბრალო ეტიკეტის ნაწილიცაა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ქალბატონ ხათუნას ტელევიზიაში ხელშეუხებლის სტატუსი აქვს და არ თვლის თავს იმავე საბჭოსთან ანგარიშვალდებულად.

გია ჭანტურიამ კი საბჭოს სხდომაზე რამდენჯერმე, ჩართულ კამერასთან (და ეს ჩანაწერები არსებობს!) მოგვცა პირობა, რომ ახალი სეზონიდან (შემოდგომა, 2010) პირველი არხი ეთერში ჟურნალისტურ გამოძიებებს გაუშვებდა, ან შიდა პროდუქციას ან დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებულს. დღემდე არც ეს პირობა შესრულებულა.

„პირველი კავკასიური“ ისე გადაეცა მართვაში კერძო კომპანიას და ისე მოხდა მისთვის 14 მილიონლარიანი ბიუჯეტის დამტკიცება, რომ სამეურვეო საბჭომ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა. თავისთავად გამიხარდა, რომ გამოცდილი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვიდა, მაგრამ მაშინ, როცა მაუწყებელი შიდა ბაზარზე ვერ აღწევს თავს პოლიტიკურ კონიუნქტურას და არ ავსებს საინფორმაციო ვაკუუმს, პარსონსი ბევრად სასარგებლო იქნებოდა იმავე პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში და მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, მეტად შეეცდებოდა სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას. ახლა კი რა გამოდის? მაუწყებელი ნაციონალურ ბაზარს ვერ სთავაზობს ელემენტარულად ობიექტურ და ხარისხიან ახალ ამბებს და გარე სამყაროს შესთავაზებს ამას? რა უფრო პრიორიტეტულია?

ამიტომ, ჩემი დილემა ისევ უცვლელია: აქვს აზრი ყოფნას საბჭოში, სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვერ ვახდენთ გავლენას?

18 იანვარი, სამშაბათი
ბოლო რამდენიმე კვირაა, ცოტა მძინავს, ვეღარც ვარჯიშს ვახერხებ და ვწუხვარ ამის გამო. რამდენიმე წიგნი მაქვს ლოგინის თავთან შემოდებული და ერთი გვერდიც კი ვერ წავიკითხე. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ერთად ხდება ხოლმე ჩემს თავს და დრო თუ უდროობა ყველაზე ხელმიუწვდომელი განზომილება გახდა. მეჩვენება, რომ ზედმეტად ბევრ დროს ვხარჯავ „კომუნიკაციებში“, მაგრამ ჩემი საქმე თითქმის მთლიანად ამას ეყრდნობა, რის გამოც მხოლოდ ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მჭირდება დრო რაღაცების გააზრებისათვის.

ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა გავარღვიოთ კასტებად დაყოფილი საზოგადოების აზრი. პატარა ქვეყანაში, თავის თავში გამოკეტილი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც არ აინტერესებთ ერთმანეთთან ურთიერთობა, წარმოუდგენელ ფონს ქმნის სამოქალაქო ღირებულებების განვითარებისათვის (ზოგს სნობიზმი აწუხებს, ზოგს გაუნათლებლობა და ზოგსაც - პოლიტიკური ორიენტაცია). „უცხოსთან“ ურთიერთობის კულტურა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ძალიან გვჭირდება. არადა, ამისათვის, სულ მცირე, ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა გვაინტერესებდეს. ამიტომ არის ხოლმე ჩემთვის ზეიმი ყველა ახალი ადამიანის თუ ავტორის აღმოჩენა, რომელიც, მართალია, ჩემგან განსხვავებულად აზროვნებს, მაგრამ აზროვნებს, წუხს, მუშაობს და რაღაცის შეცვლა უნდა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, იყვნენ ხიდი ერთმანეთისაგან გაუცხოებულ, ლოკალურ სამყაროებს შორის.

ვწუხვარ და მეცინება საკუთარ თავზე, რომ მეტროში მგზავრობა ჩემთვის შეიძლება შემეცნებითი იყოს, ისევე როგორც ეკლესიაში შესვლა. არადა, ეს ჩვენი უშუალო სივრცის ნაწილია და უკვე ძალიან მაწუხებს ეს გაუცხოება.

მოკლედ, ვეძებ საერთო ენას, ვეძებ ხიდებს და გიზიარებთ პატარა პასაჟს ილია ჭავჭავაძის ერთი პუბლიცისტური წერილიდან: „ახალი უნდა აიხსნას ძველის შემწეობით, უცნობი - ცნობილით. სხვა გზა არ არის, სხვა ღონე და საშუალება შეუძლებელი საქმეა.“

19 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს შეხვედრები მაქვს, საღამოს კი ჩემი პარტნიორის და მეგობრის, ქეთის დაბადების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს დაძინებამდე ვერ მივუსწრებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ცხელ შოკოლადს“ არ მისცა საერთო მაუწყებლობის რადიოლიცენზია - იმავე მიზეზით, რითაც სხვებს. 2008 წლიდან შეჩერებულია ლიცენზიების გაცემა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ დასრულებულა, არ ვიცით მოსახლეობის საჭიროებები და ამიტომ დაგველოდეთ, ვიდრე ამას გავაკეთებთო. ამ დროს, ნოემბერში მარეგულირებელმა თავად გაავრცელა განცხადება („ლიბერალში“ ამავე თემაზე გამოქვეყნებული სტატიიდან რამდენიმე დღეში), რომ კვლევა დასრულებულია და იანვრიდან აღდგება ლიცენზიების გაცემის პროცესი. მოკლედ, სრული აბსურდია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ.

დღე ქეთისთან სახლში დასრულდა, ანა კორძაია-სამადაშვილის სადღეგრძელოთი - გაუმარჯოთ მაგარ ქალებს და კაცებსო! და კითხვაზე, ეგენი ვინ არიანო, ანამ გვიპასუხა - მაგარი ქალები ისინი არიან, ვისაც მაგარი კაცები უყვართ და მაგარი კაცები ისინი არიან, ვისაც მაგარი ქალები უყვართო.

20 იანვარი, ხუთშაბათი
ლუკა, ჩემი პირველკლასელი შვილი, საჯაროდან კერძო სკოლაში გადავიყვანეთ და დღეს პირველად წავიდა ახალ სკოლაში. ამისათვის ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ პირობითად ასე ვიტყვი: მანდატურებს გავექეცით. და სწორედ ამ დროს გავრცელდა ახალი ამბავი: 2011 წელს მანდატურები კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც გამოჩნდებიან. ამ ინფორმაციას განათლების მინისტრიც ადასტურებს: „როცა მზად ვიქნებით, მანდატურები კერძო სკოლებშიც აუცილებლად შევლენ“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა. რა ბედნიერებაა!

რაც მთავარია, ლუკას სკოლა მოეწონა, გუფთა გვაჭამესო - ეს იყო პირველი, რაც აღნიშნა და ბევრი ვიცინეთ.

21 იანვარი, პარასკევი
პარასკევს „ლიბერალზე“ მუშაობას ვასრულებთ ხოლმე და მძიმე და გრძელი დღეა. მთავარი თემის შეცვლა ბოლო ორ დღეში მოგვიხდა. დევნილების გასახლება დაიწყო და პროცესი იმდენად მძიმე საყურებელია, რომ მთელი დღე ვბორგავდი. დევნილების მოწყობილ აქციაზე ვერ წავედი, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ ჟურნალისთვის ამ თემაზე მუშაობით მათთვის რაღაცას მაინც ვაკეთებდით. ამ ნომრის სარედაქციო სვეტიც ამაზე დავწერე.

„ამ დღეებში, როცა დევნილებს იძულების წესით ასახლებდნენ სხვადასხვა ‘დროებითი’ საცხოვრებლიდან, თვალწინ დამიდგა ომი, რომელიც არ მინახავს. ეს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ წინა დღით გააფრთხილეს, რომ გუდა-ნაბადი კიდევ ერთხელ უნდა აეკრათ, დილის 7 საათზე, პოლიციის კორდონებით და სატვირთო მანქანების დახმარებით გამოასახლეს, თითქოს ნახირი გადაყავდათ ერთი ადგილიდან - მეორეში.

დევნილების გასახლების პროცესზე ვრცლად ‘ლიბერალის’ ამავე ნომერში წაიკითხავთ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები - რატომ უნდა მოექცე შენი ქვეყნის ომგამოვლილ ადამიანებს ასე? თუ ერთი წამით მაინც წარმოიდგენთ თავს მათ ადგილას, სოლიდარობის განცდა თქვენთვის ‘ინტელექტუალური სამუშაო’ აღარ იქნება. ეს ადამიანები კი ისევ სიცარიელიდან - სიცარიელეში მიდიან და სახლთან ერთად, სამშობლოს ეძებენ.“

22 იანვარი, შაბათი
ცოტა ხნის წინ, „ლიბერალის“ რედაქტორებმა, სოფო ჭაავამ და ნინო ჯაფიაშვილმა დამირეკეს, ფეისბუკზე „ლიბერალის“ ახალი გარეკანი ნახეს და მითხრეს, რომ მთავარი თემის „ჰედლაინი“ – „დევნილების მორიგი დევნა“ - ეხამუშათ. არაზუსტია და, შესაძლოა, ზედმეტად ემოციურიცო. შესაძლოა ასეცაა, თუმცა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს გასახლება მოხდა, ჩემთვის დევნაა და სხვა არაფერი. ღამის 1 საათზე ვაკეთებდით გარეკანს და მათთან შეთანხმება ვეღარ მოვახერხე. არადა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ და ემოციებსაც ვფილტრავთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ჟურნალი უკვე დაბეჭდილია. თუმცა, არ ვიცი, მათი არგუმენტების მოსმენის შემდეგ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი თუ არა.

ამის მიუხედავად, მათი მადლობელი ვარ. „ლიბერალზე“ მუშაობის პროცესში ჩემთვის ეს აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის ხშირი ოპონირება ყველაზე ძვირფასია.

ხვალ ღამით სტამბოლში მივფრინავ, ბიზნესკონფერენციაზე, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აწყობს. ასე რომ, დროებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG