Accessibility links

logo-print

„კანონგარეშე ნორვეგიელების“ ავტორს ნორვეგიიდან ასახლებენ


მარია ამალი

მარია ამალი

დეპორტაცია ორგვარი არსებობს - საკუთარი მიწა-წყლიდან და იქიდან, სადაც ადამიანი ჩავიდა და იქ დასარჩენად საბუთები ვერ მოაწესრიგა. საქმე ეხება 25 წლის ქალს, რუსეთიდან ნორვეგიაში მშობლების მიერ ბავშვობაში წაყვანილს, მარია ამალიას. მან ნორვეგიაში თითქმის ათი წელი დაყო, მაგრამ იმის გამო, რომ, ამჟამად სკანდინავიის ამ ქვეყანაში მოქმედი წესით, უკანონოდ არის იქ, დეპორტაცია ელის. დეპორტირებას კი მას, ცხადია, რუსეთში უპირებენ. მარია ამალია ახალგაზრდაა, გულღია, განათლებული. უყვარს თავისი შეძენილი სამშობლო, ნორვეგია. შარშან, სექტემბერში, წიგნი დაწერა, სახელწოდებით „კანონგარეშე ნორვეგიელები “, რომელშიც თავისი ამბავი აღწერა. ერთ-ერთმა ჟურნალმა „2010 წლის მოქალაქედ“ დაასახელა. გასახლებისთვის განწირულს, მხარში ამოუდგნენ უფლებადამცავები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, 1000 მოქალაქე გავიდა ქუჩაში ოსლოში და მისი მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყო. საინტერნეტო სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ კი მისმა მომხრეთა რიცხვმა 90 ათასი შეადგინა. სამშაბათს მარია ამალი გამოუშვეს ემიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრიდან, სადაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა. რუსეთს ის სამშობლოდ არ მიიჩნევს, მისი სამშობლო ნორვეგიაა:

„მუდამ შიშში ვცხოვრობ. როცა ოდნავ შევჩერდები, სუნთქვა მიჭირს. ეს ის გრძნობაა, რომელიც ლტოლვილთა საპატიმროში დამეუფლა. გრძელი გზა განვვლე, საკუთარი თავისთვის ვიბრძოლე. ამ ბრძოლაში ჩემი მეგობრები და მთელი ქვეყანა მიჭერდა მხარს. ახლა სად უნდა წავიდე? დედაჩემი აქ არის, ნორვეგიაში.“

ნორვეგიის ხელისუფლება მტკიცეა, ის ზეწოლას არ ემორჩილება. ამალი ჰყვება, რომ 12 იანვარს ის რვა პოლიციელმა დააკავა და ისე ექცეოდნენ, როგორც დამნაშავეს. ამ ახალგაზრდა ქალის ნამდვილი სახელი და გვარი მადინა სალამოვაა. დაიბადა ვლადიკავკაზში, რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მისმა მშობლებმა რუსეთი დატოვეს მას მერე, რაც მოკვლით დაემუქრნენ იმის გამო, რომ უარი თქვეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩაებარებინათ თავიანთი წარმატებული ბიზნესი. ოჯახი ჯერ უკრაინაში გადავიდა, შემდეგ მოსკოვში, ამას ფინეთი მოჰყვა. ფინეთიდან კი სალამოვები ნორვეგიაში აღმოჩნდნენ. ამალის ახლო მეგობარი, ადვოკატი ბრიუნიულფ რისნესი ამბობს:

„საიმიგრიციო სამსახური თვლის, რომ ნორვეგიაში ყოფნა საბუთების გარეშე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ის იყო, კანონის ძალიან სერიოზული დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს იყო აქ და მართლაც ნორვეგიელ გოგონად იქცა, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უნდა დატოვოს ნორვეგია და სამშობლოში დაბრუნდეს. ამ ეტაპზე, ჩანს, ვითარება ისეთია, რომ ის რუსეთში წავა.“

გითხარით, მარია ამალიას ბევრ მომხრე გამოუჩნდა-მეთქი. მათ მთავრობას მიმართეს, მაგრამ ნორვეგიის პრემიერმა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ვერაფრით დაეხმარება ამალის:

„ყველას თანასწორად უნდა მივუდგეთ. არ შეგვიძლია გამონაკლისის დაშვება იმ პირისთვის, რომელმაც ყურადღება მიიქცია. თუკი გამონაკლისს დავუშვებთ, თავშესაფრის თხოვნით ათასობით უსაფუძვლო განაცხადს მივიღებთ.“

უფლებადამცავები ამბობენ, რომ ამალის არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ მშობლებმა ჩაიყვანეს ნორვეგიაში და იქ უკანონოდ აცხოვრეს მას მერე, რაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე. მარია ამალიას ნაამბობის მიხედვით, მას არასოდეს მისცემია შესაძლებლობა თავის შესახებ საიმიგრაციო სამსახურისთვის განმარტება მიეცა. ბევრი ნორვეგიელის მსგავსად, ისიც ფიქრობდა, რომ დეპორტირებას მისი წიგნის გამო უპირებენ. თავის წიგნში კი მან ნორვეგიის საიმიგრაციო სამსახურის მოხელეებს მიკერძოებული და კორუმპირებული უწოდა.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელმა, ბერიტ ლინდემანმა, გვითხრა, რომ მარია ამალიამ არაერთი ნორვეგიელის გული დაიპყრო თავისი სიმამაცითა და ამ ქვეყანაში ინტეგრაციის განსაკუთრებული სურვილით:

„წელიწად-ნახევარში სუფთად ისწავლა ნორვეგიული. ნორვეგიაში ჩამოსვლიდან ორ წელიწადში უმაღლესი ნიშნებით დაასრულა საშუალო სკოლა. მოახერხა უნივერსიტეტში მოწყობა და მაგისტრის წოდებაც მაღალი ნიშნებით მიიღო.“

ლინდემანივე თვლის, რომ მარია ამალიამ შეცვალა ნორვეგიელთა შეხედულება ემიგრანტების შესახებ: „საერთოდ, თავშესაფრის მთხოვნელთ უუნარო ადამიანებად მიიჩნევენ. ამ შემთხვევამ ნორვეგიელებს თვალი აუხილა და დაანახვა ადამიანი, ამდენი დადებითი თვისებით და დიდი შესაძლებლობებით.“

უფლებადამცავები ახლა ფიქრობენ, რომ საჭიროა ნორვეგიის კანონი შეიცვალოს, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ ამ ქვეყანში და წარმატებით ახერხებენ ინტეგრაციას. ახლა მარია ამალიას მეგობრებს ის აწუხებთ, რა ბედი მოელის მას რუსეთში. დაპატიმრების შემდეგ ერთმა ორგანიზაციამ სამსახური შესთავაზა. თუკი ის წავა, უკან დაბრუნება სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ უნდა შეძლოს. მაგრამ დეპორტაცია იმასაც გულისხმობს, რომ აეკრძალება რამდენიმე წლის განმავლობაში ნორვეგიაში ჩასვლა. მეორე სირთულე ისაა, რომ მარია ამალია 12 წლის იყო, როცა რუსეთი დატოვა და არასოდეს ჰქონია საკუთარი პასპორტი. რუსეთის უფლებადამცავმა ჯგუფმა, „მემორიალმა“, განაცხადა, რომ დაეხმარება მარია ამალიას, რომელსაც რუსეთში არავინ ჰყავს - არც ნათესავები და არც მეგობრები. მისი მშობლები კვლავაც ნორვეგიაში იმალებიან.
XS
SM
MD
LG