Accessibility links

logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი: „მისტრალი“ რუსეთისა და საფრანგეთის საქმეა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, პრესკონფერენცია გაიმართა. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას რასმუსენის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებაზე.

ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია სამ ძირითად საკითხს მოიცავდა. ერთი-ერთი თემა, როგორც მოსალოდნელია, ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია იყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ამ ოპერაციის პერსპექტივებზე 2011 წელს და ასევე მიმოიხილა ის, თუ რა კეთდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკუთრივ ავღანეთის ძალებისთვის გადაცემისთვის იქიდან ნატოს ჯარების გამოყვანის მოსამზადებელ ეტაპზე. რასმუსენის თქმით, ნატო და ავღანეთის მთავრობა მარტში გადაწყვეტენ, რომელი პროვინციები იქნება პირველი, სადაც უსაფრთხოებას მთავრობის ძალები ჩაიბარებენ. შეგახსენებთ: გასული წლის ნოემბერში შემუშავებული გეგმის თანახმად, გარდამავალი პროცესი 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მეორე თემა, რომელსაც გენერალური მდივანი შეეხო, ნატოს რეფორმას უკავშირდებოდა, მისი მართვის სტრუქტურაში განსახორციელებელი ცვლილებების ჩათვლით.

ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის მესამე ზოგადი საკითხი კი ნატოსა და მისი პარტნიორების თანამშრომლობა იყო. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, პარტნიორებთან თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოს სურს პარტნიორობის დიალოგი გააღრმავოს ჩინეთსა და ინდოეთთან და კიდევ უფრო დაუახლოვდეს გაეროსა და ევროკავშირს.

პრესკონფერენციის განმავლობაში რასმუსენს უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის, ბრიუსელში ვიზიტსა და მასთან შეხვედრაზეც მოუხდა საუბარი. ეს ვიზიტი უფლებადამცველების მწვავე უკმაყოფილებას იწვევს - ისინი თვლიან, რომ ნატო და ევროკავშირი წითელი ხალიჩით არ უნდა ეგებებოდნენ პოლიტიკოსს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უარეს დიქტატორად არის მიჩნეული.

რასმუსენის თქმით, შეხვედრა ქარიმოვის თხოვნით დაინიშნა და ნატო ამას ბუნებრივად დასთანხმდა, რადგან უზბეკეთი მისი პარტნიორი ქვეყანაა. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქარიმოვთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ანდერს ფოგ რასმუსენს ლატვიელმა ჟურნალისტმა საფრანგეთსა და რუსეთს შორის საბრძოლო ხომალდთან - „მისტრალთან“ - დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე დაუსვა შეკითხვა. ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, და რუსეთის ვიცე-პრემიერი, იგორ სეჩინი, ორი ვერტმფრენმზიდის აშენებას ხელს სამშაბათს, 25 იანვარს, მოაწერენ პარიზში.

შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებას თავის დროზე შეშფოთებით და პროტესტით შეხვდა თბილისი. ამასთან, რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის შესახებ საკუთრივ ალიანსის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ორშაბათის პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა „მისტრალის“ შესახებ შეკითხვას ასე უპასუხა: „მისტრალის საკითხს რაც შეეხება, ამას ჩვენ საფრანგეთსა და რუსეთს შორის განსახილველ თემად მივიჩნევთ. გამოვთქვამთ რწმენას, რომ ვაჭრობის ეს აქტი საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების დაცვით განხორციელდება. ასევე, გამოვთქვამთ რწმენას, რომ რუსეთი ამ სამხედრო აღჭურვილობას არანაირად არ გამოიყენებს ნატოს რომელიმე მოკავშირის ან მეზობლის მიმართ. საქართველოს წარმომადგენლებთან ამ საკითხზე არ მისაუბრია.“

პრესკონფერენციაზე მყოფმა „იტარ-ტასის“ ჟურნალისტმა რასმუსენს ნატოსა და რუსეთის პარტნიორობაზე დაუსვა შეკითხვა: რამდენიმე დღეში ნატოსა და რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრა - განიხილავთ თუ არა ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობას ამ პროექტშიო. რასმუსენის პასუხი ასეთი იყო:

„ანტისარაკეტო სისტემის შესახებ რუსეთთან რეგულარულად ვაწარმოებთ დიალოგს. ამდენად, ჩემი ვარუდით, ამ საკითხს რუსეთსა და ნატოს შორის ყველა შეხვედრაზე დავუბრუნდებით. ეს ეტაპობრივი პროცესია. ლისაბონის სამიტზე გადავწყვიტეთ დავიწყოთ ერთობლივი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ტერიტორიული ანტისარაკეტო სისტემის ირგვლივ პრაქტიკული თანამშრომლობის დანერგვა. ახლა სწორედ ამ ანალიზს ვიწყებთ. ამასთან, გადავწყვიტეთ პრაქტიკული თანამშრომლობაც დავიწყოთ რეგიონალური თავდაცვითი სისტემის ირგვლივ. ამ სფეროში უკვე ვთანამშრომლობდით ადრეულ 2008 წლამდე. ლისაბონში გადავწყვიტეთ აღვადგინოთ ეს თანამშრომლობა, რაც ერთობლივ წვრთნებსაც მოიცავს. რუსეთთან ამ პროცესში გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველვყოფთ“.

ევროპაში ასაგებ ანტისარაკეტო სისტემაში რუსეთის მიერ შესასრულებელ როლზე ორშაბათს ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმაც, გააკეთა განცხადება. მისი თქმით, რუსეთს ნატოსგან „არაორაზროვანი“ პასუხი სჭირდება იმაზე, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მოსკოვმა ამ სისტემაში. ნატოში რუსეთის წარმომადგენელ დმიტრი როგოზინთან შეხვედრისას, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა, მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპაში ასაგებ სისტემაში რუსეთს თანასწორუფლებიან ფუნქციას არ მიანიჭებენ, რუსეთი იძულებული გახდება თავად ააგოს საკუთარი ანტისარაკეტო სისტემა.
XS
SM
MD
LG