Accessibility links

სკოლა და ცხოვრება აფხაზეთში


წყოუშის არასრული საბაზო სკოლა

წყოუშის არასრული საბაზო სკოლა

საბერიო-ფახულანის პირობით საზღვარს 44 მოსწავლე თითქმის ყოველდღე გადაკვეთს. პირველი, მეხუთე, მეშვიდე და მეცხრეკლასელი მოზარდები ოკუპირებული სოფლის ბოლოდან წყოუშის არასრულ საბაზო სკოლამდე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ავტობუსს მოჰყავს, თუმცა ტრანსპორტში ჩასხდომამდე, როგორც მოსწავლეები ამბობენ, მთელი რიგი პროცედურის გავლა უწევთ, ოღონდ ეს მაშინ, როდესაც საბერიო-წყოუშის ბლოკ-საგუშაგოზე რუსი სამხედროები იმყოფებიან.

„როდესაც რუსი ჯარისკაცები დგანან საგუშაგოსთან, ჟურნალში ჩვენს სახელს და გვარებს იწერენ, რის შემდეგაც გადმოვდივართ ე.წ. საზღვარს. მერე ავტობუსში ვსხდებით და სკოლაში მივდივართ. სიმართლე რომ გითხრათ, წელს რუსები ხშირად არ დგანან საგუშაგოსთან. დღეს დილითაც არ იყვნენ და ტრადიციული პროცედურების გავლამ არ მოგვიწია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საბერიოელმა მოზარდებმა.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლა ოკუპირებულ სოფელშიც არის, მაგრამ იქ უკვე ორი წელია გაკვეთილები რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს. ამიტომ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად ყოველდღე ათობით კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

„წყოუშის სკოლაში ქართულად რომ ასწავლიან, იმიტომ დავდივართ. საბერიოში კი რუსულ და აფხაზურ ენებზე ტარდება გაკვეთილები. ქართულსაც ასწავლიან, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ. რაც შეეხება სოფელში არსებულ სიტუაციას, მოჩვენებითი სიმშვიდეა. აფხაზები დიდი ხანია თვალით არავის უნახავს. მხოლოდ რუსი სამხედროები მოძრაობენ ჯავშანმანქანებით“, - ამბობს მეცხრეკლასელი გოგონა.

გარდა ქართულად სწავლებისა, საბერიოელი მოზარდების წყოუშის სკოლაში სიარულს სხვა გარემოებებიც განაპირობებს. მაგალითად, ახლად გარემონტებული საკლასოები, თანამედროვე მერხები და სპორტული დარბაზი, ზამთარში - ცენტრალური გათბობა. ასეთი პირობები კი საბერიოს სკოლაში არ არსებობს, უთხრა რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ. მისივე თქმით, ამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი გადასცა.

წყოუშის საბაზო სკოლა სამეგრელოში ერთადერთი არ არის, სადაც ოკუპირებული სოფლებიდან გადმოსული მოზარდები სწავლობენ. შამგონის, განმუხურის, ფახულანისა და ორსანტიის საჯარო სკოლებში ასეთი ათობით მოსწავლე განათლებას ქართულ ენაზე იღებს. მათ მიერ ადმინისტრაციული საზღვრის უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადაკვეთის შეთანხმებას კი თბილისის დელეგაციამ აფხაზურ მხარესთან შარშან, 14 სექტემბერს, გალის ექვსმხრივ შერეულ შეხვედრაზე მიაღწია.
XS
SM
MD
LG