Accessibility links

პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი პაემნების შესაძლებლობა, არასრულწლოვნების გარდა, ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ იმ პატიმრებსაც მიეცემათ, რომლებიც არ არღვევენ წესრიგს და იცავენ შიდაგანაწესს. ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი პაემნების უფლებით ისარგებლებენ ის პირებიც, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. პაემანი, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება.

გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება 2006 წელს გაუქმდა. როგორც ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროგრამის კოორდინატორი ცირა ჭანტურია ამბობს, მაშინ ამის მიზეზად ორი რამ სახელდებოდა. პირველი ის, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით პატიმრებისთვის ციხეების მშენებლობა დაიწყო და, მეორე, ამით ციხის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეკონტროლებინა აკრძალული ნივთების საპატიმროებში მოხვედრის შესაძლებლობა.

ახალ ინიციატივას გრძელვადინი პაემნების ხელახლა შემოღების შესახებ ცირა ჭანტურია პოზიტიურ შეფასებას აძლევს, თუმცა ერთ მომენტს გამოყოფს. როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, პირველ ეტაპზე პაემნის უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის პატიმრები, რომლებიც შიდაგანაწესს და წესრიგს არ არღვევენ. ეს კი, მისი აზრით, გარკვეული დისკრიმინაციაა:

”არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ეტაპზე ეს წამახალისებელი ღონისძიების სახით იქნეს გამოყენებული იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც, ასე ვთქვათ, კარგად იქცევიან, არ არღვევენ რეჟიმის მოთხოვნებს. შეიძლება იმითაც არის განპირობებული, რომ თავდაპირველად ყველასთვის ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს და კარგი იქნება, თუ კანონის მიხედვით მისი გამოყენება ყველა პატიმრისთვის იქნება უზრუნველყოფილი”,- აცხადებს ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროგრამის კოორდინატორი ცირა ჭანტურია.

როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, დღესდღეობით უკვე არსებობს გრძელვადიანი პაემნისთვის განკუთვნილი შენობა სამ საპატიმროში და, როგორც კი კანონი ამოქმედდება, ის ფუნქციონირებას დაიწყებს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრეს-სპიკერი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ პაემნისთვის განკუთვნილი შენობა 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის სერვისს შეიცავს, სადაც მომსახურება ფასიანი იქნება, თუმცა პატირებისთვის ხელმისაწვდომი:

”დღესდღეობით სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში არსებობს გრძელვადიანი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. ყველა მათგანი კეთილმოწყობილია და ამოქმედდება შესაბამისი კანონის დამტკიცების შემდეგ. ესენია რუსთავის მე-6, მე-16 და არასრულწლოვანთა დაწესებულება. ეტაპობრივად სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ყველა ნახევრად ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.”

ცნობილია, რომ გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება ექნებათ პატიმრების ახლო ნათესავებს, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს. თავდაპირველად პაემნის ხანგრძლივობა 24 საათი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საათების რაოდენობა გაიზარდოს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, კანონის ამოქმედება პატიმრების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს:

”მნიშვნელოვანია ოჯახის ერთიანობის პრინციპი და ჩვენ უნდა მივცეთ მსჯავრდებულებს საშუალება, რომ შეხვდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს, საკუთარ შვილებს და ამიტომ შემოგვაქვს ვადაზე ადრე ხანგრძლივვადიანი პაემანი და მისით სარგებლობის უფლება ექნებათ იმ პატიმრებს, რომლებიც სათანადო ქცევით მოიპოვებენ ამ უფლებას.”

ამ ინიციატივას პატიმრების ახლობლები დადებითად აფასებენ. ლელა, რომლის გვარსაც, მისი თხოვნით, არ ვასახელებთ, პატიმრის მშობელია. ლელა ამბობს, რომ ასეთი პაემანი თავად პატიმარს შეუმსუბუქებს ციხეში ყოფნით გამოწვეულ სტრესს:

”როცა შვილი გყავს პატიმარი, მიდიხარ ციხეში და შუშის იქით ზის და ვერ ეხები, ძნელია. ამიტომ კარგია, რომ იარსებებს ასეთი სასტუმროები, სადაც შეგეძლება მიხვიდე და გქონდეს შვილთან უჯახური საუბრის საშუალება. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და პატიმრისთვისაც, რომელიც მიტოვებულად აღარ იგრძნობს თავს და უფრო მომავლის იმედიც ექნება.”

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებში პაემნები ფასიანი არ არის და საქართველოშიც ეს უნდა გაითვალისწინონ. მისი განცხადებით, სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის მომსახურებას სჯობია უბრალო პირობები ჰქონდეთ პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს და პაემანი ყველა პატიმრისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს და ციხის ადმინისტრაციის კეთილე ნებაზე არ იყოს დამოკიდებული ვინ დაიმსახურებს პაემანს და ვინ არა.

გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება პატიმრებს წელიწადში ორჯერ ექნებათ. მათ ასევე რჩებათ მოკლევადიანი პაემნით სარგებლობის უფლება, რომლის რაოდენობაც სასჯელის ვადაზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით, პატიმარს მისით სარგებლობის უფლება თვეში ერთხელ ან ორჯერ აქვს. გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის საშუალება პატიმრებს, სავარაუდოდ, 2012 წლიდან ექნებათ.
XS
SM
MD
LG