Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 25 იანვარი 2011


”პატრიარქი აფხაზეთს ეწვევა” - ამ სათაურს ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე ნახავთ. ავტორი წერს, რომ ილია მეორე 4 თებერვალს ათი დღით ბრიტანეთში გაემგზავრება. ”დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ დაგეგმილია პატრიარქის ვიზიტი აფხაზეთში. წარსული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების, ძმათამკვლელი ომის შემდეგ ეს იქნება უწმინდესის პირველი ვიზიტი მშობლიურ აფხაზეთში. მისი, როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ჩაბრძანება აფხაზეთში, იქაური ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, რიგით მოქალაქეებთან შეხვედრა, ჩვენი ღრმა რწმენით, აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის, გულახდილი დიალოგის დაწყების საწინდარი უნდა გახდეს”, - წაიკითხავთ ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე.

”ახალი თაობა”, სოსო ცისკარიშვილი: ”თუ მოხდა სასწაული და საკუთარი მავნე გარემოცვისგან თავის დაღწევის უნარი გამოამჟღავნა საქართველოს პრეზიდენტმა და მოინანია ის ცოდვანი, რაც არცთუ ისე ცოტა დაუგროვდა, კიდევ შეიძლება რაიმე პოზიტიურზე ფიქრი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი უკვე მძევალია საკუთარი გარემოცვის და ის თავისუფალი აღარ არის საკუთარ ქმედებაში. ის არის თავისუფალი თავისი ახირებების განხორციელებაში, რაშიც ხელს უწყობს მას გარემოცვა.”

”რეზონანსის” ბიზნესჩანართში წაიკითხავთ, რომ თბილისში ზოგიერთი პროდუქტის შეძენაზე შეზღუდვები დაწესდა: ”სასურსათო მაღაზიებში, სადაც შაქრის მარაგებია, ამ ეტაპზეც რიგებია. მომხმარებლის ასეთი აქტიურობა შაქრის დეფიციტის მოსალოდნელმა საფრთხემ განაპირობა. მოსახლეობას პროდუქციის გაძვირებასთან ერთად, შაქრის გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვები აშინებს. სავაჭრო ქსელების ნაწილში ბოლო რამდენიმე დღეა შაქარი მკაცრი კონტროლით იყიდება.”

”24 საათი” ჩრდილოკავკასიელებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გამარტივებული სავიზო რეჟიმის შედეგებზე წერს: ”...ფაქტია, ქვეყანას ოპონენტებისგან ნაწინასწარმეტყველევი პრობლემა ნამდვილად არ შექმნია”, - წერს ავტორი და შსს-ს სტატისტიკა მოჰყავს: ”2010 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრამდე რუსეთიდან დარიალის გამშვები პუნქტით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოდან გავიდა სულ 100 ათას 825 ადამიანი. აქედან 15 ათას 446 ადამიანი ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შემოვიდა გამარტივებული სავიზო რეჟიმით.”

”24 საათი” წერს აგრეთვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართველ პარლამენტართა დელეგაციის პარალელურად თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების კახა კუკავასა და კობა დავითაშვილის სტრასბურგში სტუმრობის შესახებ - ”კუკავამ და დავითაშვილმა თავი გამოიჩინეს”. გაზეთისთვის უმრავლესობის წევრ შოთა მალაშხიას განუცხადებია, რომ კუკავა და დავითაშვილი სტრასბურგში რუსეთის მხარის მიწვევით იმყოფებიან.

”რა რუსეთი, თუ ძმა ხარ... მიწვეული არიან ევროსაბჭოს აპარატის მიერ, როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. როგორც მე ვიცი, ჩვენი პარლამენტის სიტუაცია არის ძალიან შერყეული ევროსაბჭოში და განიხილება როგორც ერთპარტიული. ამიტომ, ვინაიდან ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი იყო შეხვედრების სურვილი, მათი მიწვევა საჭიროდ ჩათვალეს, რომ მეორე მხარესაც მოუსმინონ”, – განუცხადებია ”ხალხის პარტიის” გენერალურ მდივან ალექსანდრე შალამბერიძეს ”ალიას” კორესპონდენტისთვის.

”ალია” დღეს ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ვენიდან ახლად დაბრუნებული ნათელაშვილი თვლის, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დასავლეთ ევროპის სტრუქტურების იგნორირება იყო.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG