Accessibility links

logo-print
გორის სამხედო ჰოსპიტალში 42 წლის სამხედრო მოსამსახურის ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით გარდაცვალების შემდეგ ქალაქში მცირედი პანიკა შეინიშნება, ქუჩებში უკვე პირბადიანი პირებიც გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული თბილისის მცხოვრები იყო, გაციებულმა გორელებმა სამედიცინო დაწესებულებებს მიაკითხეს.

H1N1-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გორის ჯანდაცვის ცენტრმა უკვე დააფიქსირა. ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებები შესაბამისი მედიკამენტებით აღჭურვილნი არიან და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მეორე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება გორის საოჯახო მედიცინის ცენტრში. პოლიკლინიკას ყველა ის ადამიანი აკითხავს, ვისაც გრიპის ნიშნები აქვს. მედპერსონალი დოლბანდებით დადის, როგორც ცენტრის დირექტორმა, ციალა წკრიალაშვილმა, აღნიშნა, რისკ-ჯგუფში სწორედ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები შედიან, რომლებიც უკვე აიცრნენ.

გორში H1N1-ის გამოვლენას სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა დასწრებაზე დიდად არ უმოქმედია. მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ დასწრება ნორმალურია, თუმცა პედაგოგები მოსწავლეებს აკვირდებიან და გრიპის ნიშნების შემჩნევისთანავე სახლში უშვებენ.

მედიცინის მუშაკები მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს გაჩერებას არ ურჩევენ; გარდა ამისა, მოუწოდებენ, პირბადეები გამოიყენონ. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ იცავენ თავს გორელები მოსალოდნელი საფრთხისგან. ზოგი სიცხის დამწევ მედიკამენტებს ყიდულობს, ზოგი კი სახალხო მეთოდებით მკურნალობს.

ადგილობრივი ექიმების განცხადებით, ინფექციური დაავადებების პიკი ჯერ წინ არის, მოსახლეობა H1N1-ის შესახებ ინფორმირებულია და, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი აკითხავს სამედიცინო დაწესებულებებს. გორელები კი სამედიცინო მეთოდებს ხალხურ მედიცინასაც უთავსებენ და გრიპს არყითა და ნივრით ებრძვიან.
XS
SM
MD
LG