Accessibility links

რა უპასუხა პრეზიდენტმა ხალხს?


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის პირდაპირ ეთერში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის პირდაპირ ეთერში

სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა იმ შეკითხვების ძირითადი ნაწილი, რომლებიც პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეებმა 25 იანვარს პირდაპირ ეთერში დაუსვეს. თუმცა საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გარკვეულ მხარეებს. პრეზიდენტ სააკაშვილს ახალი რუსულენოვანი ტელეარხი - პიკი - ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” მასპინძლობდა, თუმცა გადაცემა, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, სხვა ცენტრალური ტელეარხებითაც გადაიცემოდა. პროექტი ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს” პირველი გადაცემა იყო, რომლითაც ახალმა რუსულენოვანმა ტელეარხმა, პიკმა, 25 იანვარს თავისი მაუწყებლობა გახსნა.

გადაცემის პირველი ორი საათის განმავლობაში აშკარად დომინირებდა სოციალური თემატიკა, სადაც, თავის მხრივ, გამოკვეთილ ადგილს იკავებდა ინფლაციასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებული შეკითხვა. ამ ტიპის შეკითხვები პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში დაუსვეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა. ხალხს აშკარად აინტერესებს - შესაძლებელია თუ არა ინფლაციური პროცესების შეჩერება.

პასუხად პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ვითარება მართლაც რთულია და რომ ის ამ პრობლემის სიმწვავეს აცნობიერებს, მაგრამ ”საქართველოს მთავრობა და პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ფლობს ამ ტიპის ინფლაციის შეჩერების ბერკეტებს”. მისი განმარტებით, ამჟამად არსებული ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ ”მსოფლიოში ბევრი ქვეყანა წავიდა წინ”. გამოსავალს კი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის გაძლიერებაში ხედავს და ამ პრობლემის გასაღებს დიდწილად ტურიზმის განვითარებას უკავშირებს.

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მიხეილ სააკაშვილმა ხალხთან საუბრის ფორმატში კიდევ არაერთხელ ახსენა და თქვა, რომ საქართველოში სამომავლოდ შესაძლოა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დეფიციტიც კი გაჩნდეს.

რაც შეეხება დასაქმებას ზოგადად, მართალია, კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია, მაგრამ პრეზიდენტმა დასმულ შეკითხვებზე პასუხად თქვა, რომ მალე ”საქართველოს ექნება სერიოზული გარღვევა დასაქმების კუთხით”. თუმცა, მისი აზრით, ხალხმა უნდა ისწავლოს, რომ არანაირი შრომა არ არის სათაკილო და ამ კონტექსტში დასახელდა მაგალითიც: იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქართულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები 150 ლარად მუშაობას თაკილობენ, გზას იქ უცხოელი მუშები აგებენ.

პრეზიდენტსა და ხალხს შორის საუბრის ფორმატში ასევე დაისვა შეკითხვები სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და დაზღვევის სფეროებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პასუხების შინაარსი კი დაახლოებით ასეთი იყო: სახელმწიფო ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს, ბევრი შედეგი უკვე თვალსაჩინოა, ხოლო დარჩენილი პრობლემები, ჯანსაღი კონკურენციის გარემოში, ეტაპობრივად დაიძლევა.

შეკითხვები დაისვა პენსიების ზრდასთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიხსენა დაპირება პენსიების ზრდის თაობაზე, რომელსაც მას ოპოზიციაც ხშირად შეახსენებს ხოლმე. თარიღების დასახელების გარეშე მან თქვა, რომ დაპირება შესრულდება, თუმცა აქვეა ერთი დაზუსტებაც:

”მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაიწყო ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და განხორციელდა ჩვენი მიწების ოკუპაცია... მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კრიზისი იყო, ჩვენ ამ ასდოლარიანი პაკეტის დაპირებას - და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საპენსიო პაკეტის, იმიტომ რომ იქ შედის სხვადასხვა კომპონენტი და დაპირება ყოველთვის ასეთი იყო - ჩვენ ამ დაპირებას შევასრულებთ...”

სოციალური თემატიკის შემდეგ ჯერი შიდა პოლიტიკაზე მიდგა. წამყვანმა პრეზიდენტს პირდაპირ ჰკითხა, აპირებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუმცა პრეზიდენტის პასუხი, შეიძლება ითქვას, არაპირდაპირი იყო:

”ვიღაცებს აინტერესებთ და, მათ შორის, ძირითადად პოლიტიკოსებს - ვინ სად იქნება 2013 წელს... მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი, ყოველდღიური და ყოველწამიერი, არის ის, არა სად ვიქნები მე, და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა... და ყველას მოვუწოდებ, რომ ქვეყანა დააყენოს საკუთარ თავზე მაღლა. მე ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას ჩემს თავზე მაღლა... ”

ისეთი მწვავე საკითხები, როგორიც არის დევნილების გამოსახლება თუ ვეტერანთა აქციის დაშლა, პრეზიდენტსა და ხალხს შორის გამართულ საუბარში დაახლოებით 2 საათის შემდეგ წამოიჭრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საკითხები მეტად მტკივნეულია, თუმცა უკანონო ქმედებებს, ანუ იმას, რაც არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება, საქართველოს სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს - მაგალითად იმას, რომ დევნილებმა უკანონოდ იცხოვრონ თბილისის ცენტრში არსებულ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, ხოლო ვეტერანებმა გაშლილი საწოლებითა და, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”გამოფენილი საცვლებით” შეურაცხყონ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორია.

დაახლოებით 3-საათიანი საუბრის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც შეეხო და მთავარი აქცენტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის პრობლემების კონტექსტში დასვა.
XS
SM
MD
LG