Accessibility links

logo-print

ხვალ სტრასბურგში აგვისტოს ომის შედეგებზე იმსჯელებენ


სტარსბურგში გრძელდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. სესიის ფარგლებში ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მონიტორინგის კომიტეტში აგვისტოს ომის შედეგებზე იმსჯელებენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გარდა, რომელიც სესიაში მონაწილეობს, სტრასბურგში იმყოფებიან კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი. პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო,” რომელიც ამ ორ პარტიას აერთიანებს, იუწყება, რომ კუკავა და დავითაშვილი შეხვედრებს მართავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან. მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებისას განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემები. პოლიტიკურმა მოძრაობამ დღეს დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა ქართული ტელეარხები, რომელთა ცნობით, კუკავა და დავითაშვილი სტრასბურგში რუსეთის დელეგაციის მიწვევით იმყოფებიან. ”თავისუფალი საქართველოს” განცხადებით, მისი ლიდერები ევროსაბჭოში მიიწვია დემოკრატთა ფრაქციამ, რომელსაც ბრიტანელი კონსერვატორი დევიდ უილშირი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG