Accessibility links

ტერაქტში დაღუპული 35 ადამიანიდან 9 ჯერჯერობით ამოუცნობია


მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში გასულ საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 35 ადამიანიდან 9 ჯერჯერობით ამოუცნობია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქებას რუსეთის მოქალაქეების გარდა ემსხვერპლნენ დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, გერმანიის, უკრაინის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის კლინიკებში იმყოფება ტერაქტის შედეგად დაჭრილი 110 ადამიანი, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკული, 39-ის კი, მძიმეა. დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რამდენიმე, მათ შორის ტერაქტის მუხლით. სააგენტო რია-ნოვოსტიმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროპორტში თავი აიფეთქეს ქალმა და მამაკაცმა. ამასთან, სააგენტო ინტერფაქსი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტში ქალის მონაწილეობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოწმე საუბრობს, თვითმხილველთა უმრავლესობის ჩვენების და ვიდეოკამერების ჩანაწერის თანახმად კი, თავი მამაკაცმა აიფეთქა. ტერაქტში 2 ადამიანის მონაწილეობის ვერსია იტარ-ტასთან საუბრისას უარყო საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს. წყაროს ცნობით, დომოდედოვოს აეროპორტში თავი აიფეთქა 30-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ, ევროპული გარეგნობის იყო.
XS
SM
MD
LG