Accessibility links

logo-print

ევროსაბჭო კოსოვოში სხეულის ორგანოებით ვაჭრობის გამოძიებას ითხოვს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ დღეს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც კოსოვოში ადამიანის ორგანოთა ტრეფიკინგისა და ამ დანაშაულთან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ჰაშიმ ტაჩის, კავშირის შესახებ ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. ევროსაბჭოს დაინტერესება მოჰყვა დასავლურ მედიაში ნატოს იმ საიდუმლო ტელეგრამის გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც, 90-იანი წლების საბრძოლო დაპირისპირების დროს და შემდეგაც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ლიდერები ჩართულნი იყვნენ ადამიანის სხეულის ორგანოებით ვაჭრობაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ დღეს განიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს კოსოვოში ადამიანის ორგანოთა ტრეფიკინგისა და ამ დანაშაულთან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ჰაშიმ ტაჩის, კავშირის შესახებ. აღნიშნული დებატები მოჰყვა დასავლურ მედიაში ნატოს იმ საიდუმლო ტელეგრამის გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც 90-იანი წლების საბრძოლო დაპირისპირების დროს და შემდეგაც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ლიდერები ჩართულნი იყვნენ ადამიანის სხეულის ორგანოებით ვაჭრობაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა ანგარიში, რომელიც კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის ბრალს სდებს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ანგარიში მოამზადა, ევროპის საბჭოს დაკვეთით, შვეიცარიელმა სენატორმა დიკ მარტიმ, რომელმაც სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს მოუწოდა, ადამიანის უფლებები არ შესწირონ პოლიტიკურ მიზნებს:

„ჩვენ, ქალბატონებო და ბატონებო, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარაჯები ვართ, ფხიზელი დამცველები ფასეულობებისა, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებულია, არამედ, პირველ ყოვლისა, ძალაში შესულიც. ეს ნიშნავს ბრძოლას სიმართლისათვის და ბრძოლას ყოველგვარი ორაზროვნების წინააღმდეგ - ორაზროვნებისა, როცა თითქოს ფასეულობებს ღაღადებ, სინამდვილეში კი ხელს უწყობ პოლიტიკურ ოპორტუნიზმს... ეს ნიშნავს ჩვენს ვალდებულებას ვიყოთ პრინციპულნი სასტიკი მოპყრობისა და შეუწყნარებლობის მიმართ.“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის თანახმად, გვიანდელ 1990-იან წლებში - სერბიის წინააღმდეგ კოსოვოს პარტიზანული ომის დროს და მის შემდეგ - ტაჩი სათავეში ედგა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. ანგარიშში წერია, რომ ეს ჯგუფი თავის ოპონენტებს ხოცავდა და მათი ორგანოების ტრეფიკინგს ახდენდა, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ერთად.

კოსოვოს მთავრობამ ანგარიში უარყო - მას უსაფუძვლო და „ცილისმწამებლური“ უწოდა. შვეიცარიელმა სენატორმა, დიკ მარტიმ, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესახებ სკანდალური მოხსენების ავტორია, სტრასბურგში განაცხადა, რომ ანგარიში არ არის მიმართული კოსოვოს მოსახლეობის წინააღმდეგ:

„ეს ანგარიში არ არის მიმართული არც კოსოვოს ხალხის წინააღმდეგ და არც ალბანელი ხალხის წინააღმდეგ. და ეს არ წარმოადგენს სერბიის დაცვის საქმეს.“

დიკ მარტის ანგარიშის თანახმად, კონფლიქტის დროს და შემდეგაც, როდესაც საერთაშორისო ძალები კოსოვოს აღორძინებას იწყებდნენ, ალბანეთში მდებარე ფუშე-კრუჟეს კლინიკაში, კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობის ბრძანებით, „პატიმრებს აცლიდნენ სხეულის ორგანოებს“ და მათ საზღვარგარეთის საავადმყოფოებში ყიდიდნენ. ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კოსოვოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას დაიწყებდა, ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც ამ ეჭვებს ადასტურებს. კერძოდ, მოტანილია ციტატები კოსოვოში მყოფი ნატოს მშვიდობისდამცველებისა, რომლებიც ჰაშიმ ტაჩის მოიხსენიებენ როგორც კრიმინალურ ლიდერს.
XS
SM
MD
LG