Accessibility links

logo-print

ქართველმა ოპოზიციონერებმა ევროპაში „სარკმელი გაჭრეს“


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის შეტანილი. თუმცა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას სტრასბურგში ახალი თავსატეხი გაუჩნდა. ამის მიზეზი გახდა ზამთრის სესიაზე მიწვევა საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება და ევროსაბჭოს საგანგებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართეს.

საქართველოს ოპოზიციის წევრები მოუწოდებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ყურადღებით შეისწავლოს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა საქართველოში. კერძოდ, წამყვანი ფრაქციის ლიდერებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საპატიმროში მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ოპოზიციისა და ადამიანის უფლებადამცველების ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

„ისინი არ არიან ვალდებულნი უპირობოდ ან ჩემი დაიჯერონ, ან სააკაშვილისა. ჩვენ მათ შევთავაზეთ: აიღეთ სანიმუშოდ სამი-ოთხი საქმე, შეისწავლეთ ამ საქმეების ირგვლივ არსებული სისხლის სამართლის საქმეები და თავად გააკეთეთ დასკვნა, არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი ვლადიმერ ვახანია, რომელსაც ნარკოტიკები და იარაღი ჩაუტენეს ჯიბეში; არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი ჯონი ჯიქია, რომელიც შვიდ ნოემბერს დააპატიმრეს; იგივე მერაბ რატიშვილი, რომელიც ასევე 7 ნოემბერს დააპატიმრეს“, - განაცხადა კახა კუკავამ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, და დასძინა, რომ „კომიტეტის სხდომაზე, სტრასბურგში, მერაბ რატიშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა ასევე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა პაატა დავითაიამ, რომელიც არ არის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი“.

საქართველოს ოპოზიციას ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მიეცა საშუალება, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ელაპარაკა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებსა და ოპონენტების დევნაზე. კახა კუკავას თქმით, მალე მოხდება შეთანხმება მუდმივმოქმედ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება საქართველოში არსებული პოლოტპატიმრების საქმეების განხილვა. კუკავა იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ევროსაბჭო კიდევ უფრო პრინციპულად მოეკიდება მას შემდეგ, რაც მონიტორინგის კომიტეტს სათავეში ჩაუდგა დიკ მარტი:

„ეს არის პიროვნება, რომელიც ძალიან განსხვავდება ადრე არსებული მომხსენებლებისაგან, რომელსაც აქვს საუკეთესო რეპუტაცია ევროსაბჭოში. ეს იგივე ადამიანია, რომელმაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ წარადგინა მოხსენება ევროსაბჭოში და აქ ყველამ გვითხრა, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს დიდი იმედი დიკ მარტისა, რომელიც თავისი პრინციპულობით ცნობილი ადამიანია“.

თუმცა ქართული ოპოზიციის წევრების ვიზიტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ ასცდა სკანდალსაც. ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ, ევროსაბჭოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახა კუკავა და კობა დავითაშვილი სტრასბურგში რუსმა დეპუტატებმა მიიწვიეს. კახა კუკავა სამთავრობო მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპიზიციის მიწვევა საპარლამენტო ასამბლეაზე უზრუნველყო „დემოკრატიულმა ფრაქციამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა კონსერვატორმა დევიდ უილშირმა.

ამ დეპუტატის მიმართ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ევროსაბჭოში ბევრი პრეტენზია აქვს. 2010 წლის აპრილის სესიამდე დევიდ უილშირი, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი იყო, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჩოჩიევს, მოსკოვში უკანონო საელჩოში შეხვდა, რითაც ევროპელმა დეპუტატმა ევროსაბჭოს შინაგანაწესი დაარღვია.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე სტრასბურგში მყოფმა ქართული ოპოზიციის წევრებმაც ისაუბრეს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სტრასბურგში მყოფმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, ოპოზიციურ ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები მიიჩნევენ, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება როგორც რუსეთის, ასევე თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ოსეთის ლიდერებთან:

„ჩვენ მივუთითეთ, თუ რაშია ჩვენ შორის სხვაობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირ დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე თვითონ სეპარატისტულ რეჟიმებთან. ჩვენ არა ვართ მომხრეები სეპარატისტულ რეჟიმებთან ბოიკოტისა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არის კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი გზა. პერსპექტიულია საკითხი, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი იყოს რეალური და არა ერთ ადგილზე გაყინული, როგორც ჟენევაში“.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს განაგრძობენ. მას შემდეგ, რაც ევროპაში ყინული გალღვა, კახა კუკავას თქმით, სტრასბურგის შემდეგ ისინი ბრიუსელშიც აპირებენ ჩასვლას.
XS
SM
MD
LG