Accessibility links

logo-print

მოლდავეთმა მიიღო თავისუფალი სავიზო რეჟიმის „სამოქმედო გეგმა“


მოლდავეთის დროშა

მოლდავეთის დროშა

ევროპის კავშირმა მოლდავეთს გადასცა „სამოქმედო გეგმა“, რომლის მიხედვითაც, მომავალში ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა „სამოქმედო გეგმა“ შეიცავს პირობებსა და მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შეასრულოს კიშინიოვმა, ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის ავანგარდში მყოფმა.

მოლდავეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის, რუმინეთის, არამხოლოდ მეზობელია - ეს ორი ქვეყანა ერთ ენაზე ლაპარაკობს, ისინი კულტურულადაც განუყოფელნი არიან და ბევრი მოლდაველი რუმინული პასპორტებით უკვე მოგზაურობს. მაგრამ მოლდავეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამ ეტაპზე ევროკავშირის „აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამაშია ჩართული სხვა ხუთ ქვეყანასთან - ბელორუსიასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და საქართველოსთან ერთად. ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარი სესილია მალსტრიომი იყო კიშინიოვში „სააქციო გეგმის“ მოლდავეთის მთავრობისთვის გადასაცემად. მოლდაველებს, ცხადია, სურდათ მისგან მოესმინათ როდის განხორციელდება გეგმა, მაგრამ მალსტრიომი ვადებზე ვერაფერს ამბობს:

„მესმის, რომ ვადების ცოდნა გსურთ, მაგრამ ვადებზე ვერაფერს გეტყვით. მოლდავეთის რესპუბლიკას ფანტასტიკური მიღწევები ჰქონდა ძალიან მცირე დროში და მთავრობას ვულოცავ ამას. როგორც ნახეთ, საგარეო საქმეთა მინისტრს „სამოქმედო გეგმა“ გადავეცი. მთავრობამ ბევრი გააკეთა, მაგრამ ვადების შესახებ რამის თქმა მაინც ნაადრევია“.

ვადებს ევროკავშირი არ იძლევა, მაგრამ მოლდავეთის მთავრობას აქვს თავისი მიზნები, თავისი გეგმა, რომლის თანახმადაც, მოლდავეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2012 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ამის შესახებ თავდაჯერებით განაცხადა მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურიე ლეანკამ. მისი თქმით, ორ წელიწადში მოთხოვნების შესრულება რეალისტურია. ლეანკამ რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს უთხრა, ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს ამ ვადაშიო: უსაფრთხო პასპორტების გაცემა დაწყებულია, დიდი ხანია გაფორმებულია რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საზღვრების თანამედროვე დონეზე აღჭურვაში კი მოლდავეთს ევროკავშირი გაუწევს დახმარებას, რაც შეასუსტებს ამ ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთიდან ევროპაში მიმავალი ლტოლვილებისთვის სატრანზიტო არეალის, ფუნქციას. ეს ყველაფერი შესაძლებელს გახდის 2012 წლისათვის გეგმის შესრულებას.

მოლდავეთისთვის მინიჭებული „სამოქმედო გეგმა“ ისეთივეა, როგორიც მიიღეს ბალკანეთის ქვეყნებმა - სერბიამ, მაკედონიამ, ჩერნოგორიამ. მათ ამ მოთხოვნების შესრულება წელიწად-ნახევარში შეძლეს. ალბათ, ეს თუ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს მოლდავეთის მთავრობას. საჯარო პოლიტიკის მეთვალყურეობის ინსტიტუტის ექსპერტი ლეონიდ ლიტრა მომავალს მაინცდამაინც დიდი იმედით არ შეჰყურებს და საბუთად არაერთი პრობლემის არსებობა მოჰყავს:

„ევროპის კავშირისგან საფინანსო დახმარება ეხება სასაზღვრო აღჭურვილობის მოდერნიზებას. მაგრამ სანამ ეს თანხები მოვა და, მაგალითად, კამერები დამონტაჟდება, დრო გავა. ამ ტექნიკურ მხარეს ემატება დნესტრისპირეთის ფაქტორი და შესაბამისი საზღვრების გაკონტროლების პრობლემა მოლდავეთისთვის. და კიდევ ის, რომ მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება სჭირდება - ის კვლავ გასამხედროებულ უწყებად რჩება“.

ვიქტორ კირილმა, რომელიც კიშინიოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაციად წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციას განაგებს, გვითხრა, მართალია, მოლდავეთს ეხმარება რუმინეთის ფაქტორი, ის, რომ მას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანასთან საერთო ენა აქვს და, ამავე დროს, გეოგრაფიულადაც ახლოს არისო, მაგრამ:

„თუკი შევადარებთ ბელორუსიას და თვით დღევანდელ უკრაინასაც, რა თქმა უნდა, ჩვენთან ხელისუფლებაშია მთავრობა, რომელსაც სურს რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროკავშირს და გაატაროს ის პოლიტიკა, დანერგოს ის სტანდარტები, რომლებიც დაგვეხმარება მომავალში, ევროკავშირის წევრობას რეალური პერსპექტივა ჰქონდეს. სტატუსი იგივე გვაქვს, მაგრამ არსებული პირობებია განსხვავებული“.

ვიქტორ კირილი ლაპარაკობს პირობებზე, ანუ მიღწეულზე. ისიც ცხადია, რომ მოლდავეთის ამ პირობების ცოდნიდან გამომდინარე უყენებს ევროკავშირი მას მოთხოვნებს. ჩვენ ვკითხეთ მოლდაველ ექსპერტს, რა უშლის ყველაზე მეტად ახლა მოლდავეთს ხელს წინსვლაში. თანამოსაუბრემ დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა დაასახელა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად, მაგრამ ის სხვა მიზეზებზეც ლაპარაკობს, კერძოდ, ბიუროკარტიაზე, რომელიც, როგორც მან თქვა, შორსაა არა მარტო ევროკავშირის სტანდარტებისგან, არამედ მოლდავეთის მოსახლეობის მოთხოვნილებისგანაც, და კორუფციაზე, რომელიც ასევე დიდი პრობლემაა. და, ცხადია, ამის შესახებ არის ლაპარაკი „სამოქმედო გეგმაში“, რომელიც ევროკავშირმა მოლდავეთს გადასცა. ევროკავშირთან ადრე ხელმოწერილ დოკუმენტშიც ნათქვამი იყო, რომ მოლდავეთმა ამ მხრივ უნდა იმოქმედოს, რათა დაძლეული იქნეს პრობლემები, სხვათა შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვლსაზრისითაც. ვიქტორ კირილმა შეადარა მოლდავეთისა და საქართველოს პირობები სავიზო რეჟიმის სფეროში:

„საქართველო, როგორც მე ვიცი, ოდნავ ჩამორჩება მოლდავეთს და უკრაინას, როცა საქმე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ეხება. ორი წლის წინ უკრაინაში სხვაგვარად ფიქრობდნენ. ეს ქვეყანა ჩვენს რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანი იყო და მან მოახერხა ევროკავშირისგან მეტის მიღება, ვიდრე ამ პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნებმა. ვითარება იცვლება და ახლა, თითქოს, მოლდავეთი ითვლება ამ პროგრამის ფლაგმანად. მე მგონია, საქართველოც მიიღებს ასეთსავე გეგმას, როგორიც მოლდავეთმა მიიღო. უბრალოდ, საჭირო იქნება გარკვეული ტექნიკური პირობების შესრულება“.

თვითონ მოლდავეთს რაც შეეხება, ამ ქვეყნისთვის მთავარი პოლიტიკური სტაბილურობაა, რათა მთავრობამ, რომელიც ძალიან არის მოწადინებული მოლდაველებმა ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, შეძლოს პირობების შესრულება, განგვიმარტა კიშინიოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის დირექტორმა, ვიქტორ კირილმა.
XS
SM
MD
LG