Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 26 იანვარი 2011


რამდენიმე დღევანდელი ქართული გაზეთის გვერდების დიდი ნაწილი გუშინდელ ტელეპროექტს ეჭირა, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობდა. ”რეზონანსის” სტატიას ამ თემაზე ჰქვია ”ყველაზე მაღალი ხარისხის "მარგალიტები". პუბლიკაცია სააკაშვილის რამდენიმე გუშინდელი გამონათქვამით იწყება: "საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია", "კალიფორნიაში, შანხაისა და ჯუგაანში განათლებამიღებულებს დასაქმების თანაბარი შანსი აქვთ", "საავადმყოფოები იმიტომ კეთდება, რომ ხალხით გაივსოს", "ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მენტალიტეტი რეპტილიის დონეზეა" - ისე კი სტატიაში ორსაათ-ნახევრიანი გადაცემის კარგა დაწვრილებითი მიმოხილვაა მოცემული.

გაზეთი ამ გადაცემის ანალიზსაც აკეთებს ცალკე პუბლიკაციაში, რომლის სათაურიცაა ”სააკაშვილის გამოსვლა პიარტექნოლოგიურ ჭრილში”. გაზეთს რამდენიმე ექსპერტის კომენტარი მოჰყავს: "კულტუროლოგ ლელა იაკობაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში პასუხს სცემს მოსახლეობას, პიარტექნოლოგიის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრი სწორედ მის გარშემო ტრიალებს, მისი ფიგურისა და მისი პასუხების მიმართ კეთდება აქცენტები. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს თემები იკავებს მთელ საინფორმაციო სივრცეს, ხოლო მოქალაქეებს დიალოგში შესვლის ილუზიას უქმნის. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით კი, ეს კომუნიკაციის ინსტრუმენტია და ის მაშინ გამოიყენება, როდესაც პრეზიდენტის გამოსვლები იშვიათია. "არ მგონია, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტის გამოსვლების ნაკლებობას განიცდიდეს", - დასძენს რამაზ საყვარელიძე. ექსპერტი პოლიტიკური მარკეტინგის საკითხებში კახაბერ ჯაყელი მიიჩნევს, რომ, „პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით, ეს პროპაგანდისტული მანქანისთვის გარკვეულწილად ლიდერის დახმარებაა". - უფრო მეტს დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

დღევანდელ ”ვერსიაში” კი ნახავთ ვალერი გელბახიანთან ვრცელ ინტერვიუს, რომლის სათაურადაც მისი ფრაზაა გამოტანილი: “რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ვარ და დამიჭირონ, თუ ბიჭები არიან”. გელბახიანი უბრუნდება იმ საკითხს, თუ ვინ და როგორ დააფინანსა ბადრი პატარკაციშვილმა - იმეორებს, ოპოზიციას 10 მილიონი დოლარით დაეხმარა და ამ თანხას რამდენიმე ადამიანი განაგებდაო. ის იხსენებს მოლაპარაკებებს ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მაშინ პარლამენტის სპიკერი გახლდათ, და ამბობს, არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციის ლიდერობა, მაგრამ მან ჯერ მოცდა ამჯობინაო. ბოლოს გელბახიანი ამბობს, ამ თემაზე მეტს აღარ ვილაპარაკებო და მიზეზსაც ხსნის: ეს წყალს მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს, ოპოზიცია კი კომპრომეტირებული ხდებაო.

დაბოლოს, კიდევ ერთი ინტერვიუ, ამჯერად ”ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული, პაატა ზაქარეიშვილთან. რესპუბლიკელი ექსპერტი მოსკოვის ტერაქტზე ლაპარაკობს და ამბობს: “როგორც წესი, ასეთ დროს უამრავი ვერსია ჩნდება. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვიღაცები ქართულ კვალზეც გააკეთებენ განცხადებას. საქართველოს ხელისუფლების მეხოტბე არ ვარ, მაგრამ მას ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.” ხოლო შეკითხვას, შეიძლება თუ არა ამ ტერაქტთან თავად პუტინს ჰქონდეს კავშირი, ის ასე უპასუხებს: ”ზოგადად, პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ურჩხული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის თავში ათასი საშინელი აზრი ტრიალებს. ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ დომოდედოვოს აფეთქებასთან მას რამე კავშირი ჰქონდეს. ეს ტერაქტი მოაწყვეს ტერორისტებმა. ტერაქტი კი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG