Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სპუტნიკი“ და აშშ-ის პრეზიდენტის წლიური მოხსენება


ვაშინგტონი: აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში გამოდის მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ
ვაშინგტონი: აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში გამოდის მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოვიდა ანგარიშით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ამ, ყოველწლიურ მოხსენებაში ობამამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამბიციურ ზომებს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ობამამ „სპუტნიკიც“ გაიხსენა - ამ 50 წლის წინ, საბჭოთა კავშირთან შეერთებული შტატების კონკურენცია კოსმოსური კვლევის სფეროში.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჭიროდ ჩათვალა, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თავის მეორე წლიურ გამოსვლაში ამერიკელებისთვის ეთქვა, რომ „სპუტნიკის“ მომენტი მეორდება. „სპუტნიკმა“ - კაცობრიობის ისტორიაში პირველმა ხელოვნურმა თანამგზავრმა, რომლის გაშვებაც 1957 წელს შეძლო საბჭოთა კავშირმა, თავის დროზე, ნამდვილი შოკი გამოიწვია ამერიკელებში და ბიძგი მისცა დიდი ინვესტიციების ჩადებას შეერთებული შტატების კვლევისა და განათლების სფეროებში.

შესაბამისად, ობამამ „სპუტნიკი“ გაიხსენა მცდელობისას, დაესაბუთებინა კვლევის და განათლების სფეროებისთვის მეტი ფულის გამოყოფის საჭიროება.

„ნახევარი საუკუნის წინ, როცა საბჭოთა კავშირმა გვაჯობა კოსმოსში „სპუტნიკად“ წოდებული თანამგზავრის გაშვებით, წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ ვაჯობებდით მას მთვარეზე პირველობით. ასეთი კვლევა მაშინ ჯერ არ არსებობდა. NASA (კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო) არც კი არსებობდა. მაგრამ უკეთეს კვლევასა და განათლებაში ინვესტირების შედეგად, არათუ ვაჯობეთ საბჭოთა კავშირს, არამედ გზა გავუხსენით ინოვაციის ტალღას, რომელმაც მრეწველობის ახალი დარგები და მილიონობით სამუშაო ადგილი შექმნა. დღეს ჩვენი თაობისთვის დადგა „სპუტნიკის“ მომენტი“, - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ასრულებს თანამედროვე „სპუტნიკის“ როლს, თუმცა, კონგრესის წინაშე გამოსვლაში საუბარი შეეხო, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს - ობამამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩინეთშიც და ინდოეთშიც უფრო ადრეულ ასაკში იწყება ბავშვების განათლება, უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, უფრო ძლიერი აქცენტი კეთდება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დარგებზე, ვიდრე ამერიკულ სკოლებში.

ობამას მართალია, არ უხსენებია შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 10 პროცენტს აღწევს, მაგრამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უჭირთ სამსახურის შოვნა უმუშევარ ამერიკელებს.

„ჩვენ ინოვაციებით, განათლებითა და აღმშენებლობით უნდა ვაჯობოთ დანარჩენ მსოფლიოს. ამერიკა უნდა გავხადოთ ბიზნესისთვის საკუეთესო ადგილად მსოფლიოში. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს დეფიციტზე, მოვახდინოთ მმართველობის რეფორმა. ეს მოუტანს ჩვენს ხალხს კეთილდღეობას, ეს მოგვიტანს გამარჯვებას მომავალში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამამ პირობა დადო, რომ კვლევისა და განვითარებისათვის მთავრობა ბოლო ნახევარი საუკუნისთვის სარეკორდო ხარჯებს გაიღებს, რომ 2020 წლამდე 100 000-თ გაიზრდება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო დარგების პედაგოგების რიცხვი, რომ გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა შეერთებულ შტატებში.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკის მიმდევრები მოითხოვენ ხარჯების დაზოგვას - მარტო წელს 100 მილიარდი დოლარით. ობამას ასეთ შეკვეცაზე არაფერი უთქვამს მაგრამ გამოვიდა მოწოდებით, აღარ გაიზარდოს, უფრო ზუსტად, გაიყინოს საშინაო ხარჯები, ეროვნული უსაფრთხოების ხარჯების გარდა. საქმე ეხება, მისი განმარტებით, ხუთწლიან ზომას.

მოკლედ, ობამას წლიური ანგარიშის უდიდესი ნაწილი შეერთებული შტატების ეკონომიკას მიეძღვნა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ბუნებრივია, პრეზიდენტი შეეხო ერაყში და ავღანეთში მიმდინარე ომებს. აშშ ორივეგან დიდ საფასურს იხდის, ადამიანური თუ ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. ობამას განცხადებით, ვაშინგტონი ნატოსთან ერთად ახორციელებს დასახულ მიზნებს. ომი ერაყში დასასრულს უახლოვდება და რაც შეეხება ავღანეთს, ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო პირების გმირობის წყალობით, ნაკლები ავღანელი განიცდის ამბოხების გავლენასო, განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით: „წინ ჯერ კიდევ გველის მძიმე ბრძოლები და ავღანეთის მთავრობას მოუწევს, გააუმჯობესოს თავისი მმართველობა. მაგრამ ჩვენ ვაძლიერებთ ავღანელი ხალხის შესაძლებლობებს და საფუძველს ვუყრით მასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას. წელს თითქმის 50 ქვეყანასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ავღანელებს გადავცეთ მართვის სადავეები. და წელს, ივლისში შევუდგებით ჩვენი ჯარისკაცების სამშობლოში ჩამოყვანას“.

ობამამ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებებზეც, მათ შორის ურთიერთობებზე რუსეთთან და „წარმატებული“ უწოდა ვაშინგტონის „გადატვირთვად“ წოდებულ, მოსკოვთან დაახლოების კურსს.

კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულმა სხდომამ ამჯერად უჩვეულო ფორმით ჩაიარა. კონგრესმენებმა დაარღვიეს დარბაზში პარტიული ნიშნით განაწილების ტრადიცია: დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და ბევრს მკერდზე ჰქონდა დაბნეული შავ-თეთრი ლენტი - არიზონის შტატში 8 იანვრის სროლის მსხვერპლისადმი სოლიდარობის ნიშნად. თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილებს შორის არის კონგრესის დემოკრატი წევრი ქალი, გაბრიელ გიფორდსი.
XS
SM
MD
LG