Accessibility links

logo-print

ოპოზიციის წევრები მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდნენ


„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ისაუბრეს გასული წლების გაყალბებულ არჩევნებზე, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსის შესახებ ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებზე. საუბრის თემა იყო აგრეთვე ახალი კონსტიტუცია, რომელიც ოპოზიციონერთა აზრით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას აძლევს, ხელისუფლებაში მეორე ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩეს. კუკავამ და დავითაშვილმა ჩავუშოღლუს უთხრეს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებზე ხორციელდება თავდასხმები, გატაცებები და ცემის ფაქტები; ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები; დევნილები საქართველოს დედაქალაქიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე კონფლიქტებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და კონფლიქტების გადაწყვეტის გზებზე. ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა წამოჭრეს საკითხი, რამდენად შესაძლებელი იქნება ევროსაბჭომ განახორციელოს უშუალო მონიტორინგი, როგორც პოლიტიკური პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, აგრეთვე ახალი საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაციაზე. მიღწეულია შეთანხმება შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუციების ფარგლებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრამდე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანსაც შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG