Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში სიტუაცია შეიცვალა?


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა
27 იანვარს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთს კვლავაც მოეთხოვება საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულება და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში არ განიხილება. შეიძლება ითქვას, რომ ვითარება საქართველოს მხარის სასარგებლოდ ბევრისთვის მოულოდნელად შებრუნდა. თუმცა გადაწყვეტილების შინაარსი სათავისოდ ესმის რუსულ მხარეს.
აბსოლუტური კრახით დასრულდა რუსეთის მცდელობა, რომ როგორმე შეეჩერებინა ან გაეუქმებინა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი...

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულმა მონიტორინგის კომიტეტის სხდომამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კმაყოფილი დატოვა. როგორც დელეგაციის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ტელეფონით შეატყობინა რადიო თავისუფლებას:

”აბსოლუტური კრახით დასრულდა რუსეთის მცდელობა, რომ როგორმე შეეჩერებინა ან გაეუქმებინა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი”.

თაქთაქიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისთვის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ”განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესოს”:

”ერთი, რომ რუსეთის, როგორც ქვეყნის, მონიტორინგის განუყოფელ ნაწილად იქცევა ომთან დაკავშირებით რუსეთის ვალდებულებების შესრულების საკითხი და მეორე, რომ ყოველწლიურად გაიმართება სპეციფიკური შეხვედრები, მონიტორინგის კომიტეტის სხდომები, რომლებიც ექსკლუზიურად დაეთმობა სწორედ იმ მდგომარეობის განხილვას, რასაც ადგილი ექნება კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით”.

თუმცა თბილისისთვის სასიხარულო ეს გადაწყვეტილება სათავისოდ ესმის რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მაგალითად, დელეგაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” საუბრისას კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს საკითხის მონიტორინგი ძველებურად აღარ დაევალებათ ამ საქმისთვის სპეციალურად გამოყოფილ მომხსენებლებს და რომ პროცესი ქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში წარიმართება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარe დიკ მარტი

თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთი, წესით, გაწბილებული უნდა იყოს, რადგანაც ის გაცილებით მეტს მოითხოვდა... რუსეთი ცდილობდა, აგვისტოს ომთან დაკავშირებული განხილვები მხოლოდ ჰუმანიტარული ასპექტების ჭრილში გადაეტანა და, ერთი შეხედვით, მოვლენები გარკვეულწილად სწორედ რუსეთის სურვილის შესაბამისად ვითარდებოდა. სწორედ ჰუმანიტარული პრობლემატიკა დასახელდა 17 იანვარს პარიზში გამართული საგანგებო მოსმენის მთავარ აქცენტადაც და ზუსტად ამიტომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის ინიციატივით გამართულ ამ შეხვედრაში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

მართალია, ასეთი ქმედების მისამართით ქართული მხარე ერიდებოდა ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც ”ბოიკოტი” ან ”პროტესტია”, მაგრამ ხმამაღლა აცხადებდა, რომ მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარული საკითხების გარშემო, თუკი მხედველობაში არ იქნება მიღებული რეზოლუციების პოლიტიკური შემადგენელი. გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008-2009 წლებში მიღებული რეზოლუციები რუსეთს ავალდებულებს, მაგალითად, ჯარის უკან გაყვანას საქართველოს ტერიტორიებიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებას თუ დევნილების ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობას.

იმის გამო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ მოთხოვნების შესრულებას ვერაფრით ავალდებულებდა რუსეთს, პარიზის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმის პარალელურად, საქართველოს დელეგაცია აცხადებდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი რესურსი ამოწურა და რომ ახლა შეჩერების დროა.
გეტყვით იმას, რომ ჩვენი დელეგაცია შეხვდა თითქმის ყველას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ყველა წარმომადგენელს, ვინც აქტიურად მონაწილეობს პროცესში ....

თუმცა მონიტორინგის კომიტეტის 27 იანვრის სხდომაზე ვითარება, როგორც ვთქვით, ბევრისთვის მოულოდნელად შეიცვალა და რეზოლუციის მკაცრი მოთხოვნების მონიტორინგის გაგრძელების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ხუთშაბათის სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, ”ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა”.

მაგრამ როგორ მოხდა ეს? ელჩი დეტალებს არ აკონკრეტებს:

”ეს მუშაობის ტაქტიკაა. დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ და არც არის, ალბათ, მიზანშეწონილი... მაგრამ გეტყვით იმას, რომ ჩვენი დელეგაცია შეხვდა თითქმის ყველას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ყველა წარმომადგენელს, ვინც აქტიურად მონაწილეობს პროცესში. გარდა ამისა, შედგა ცალკე კონსულტაციები მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან. და ჩვენი პოზიცია, რომ ასამბლეამ უნდა გააგრძელოს მუშაობა განსხვავებული ფორმატით, ეს ყველაფერი იქნა გაზიარებული მათ მიერ...”

მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესოა, რისი მიღებაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს შეეძლო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG